კახა გოგოლაშვილი:  რუსეთი ცდილობს დაითანხმოს უკრაინა პირობებზე, როდესაც ის მხოლოდ კიევის გარშემო ხსნის ალყას

კახა გოგოლაშვილი: რუსეთი ცდილობს დაითანხმოს უკრაინა პირობებზე, როდესაც ის მხოლოდ კიევის გარშემო ხსნის ალყას

რუსეთი ცდილობს დაითანხმოს უკრაინა პირობებზე, როდესაც ის მხოლოდ კიევის გარშემო ხსნის ალყას. კიევს ათავისუფლებს და დანარჩენი ტერიტორიებს იტოვებს და წყვეტს სამხედრო მოქმედებებს, ამის სანაცვლოდ კიევს სთხოვს ნეიტრალიტეტს, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც თურქეთში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს ეხმაურება.

მისი თქმით, საბოლოო შეთანხმება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია და ზეწოლა დასავლეთის მხრიდან.

„ამ ეტაპზე, რასაც მე ვხედავ, რუსეთი ცდილობს დაითანხმოს უკრაინა პირობებზე, როდესაც ის მხოლოდ კიევის გარშემო ხსნის ალყას და გაჰყავს ბელარუსში ალბათ ჯარები. ანუ კიევს ათავისუფლებს და დანარჩენი ტერიტორიებს იტოვებს და წყვეტს სამხედრო მოქმედებებს. ამის სანაცვლოდ კიევს სთხოვს ნეიტრალიტეტს ან ნატო-ზე უარის თქმას ნებისმიერი ფორმით. ასე ვხედავ მე რუსეთის მოთხოვნებს ამ მომენტში, მაგრამ გააჩნია როგორ გაგრძელდება ზეწოლა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან და როგორ გაგრძელდება სამხედრო ოპერაციები“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, უკრაინა თუ ნეიტრალიტეტს დათანხმდება, მაშინ ეს რუსეთს გარკვეულ სამხედრო უპირატესობას უქმნის ნატოსთან მიმართებაში.

„რუსეთს თუ კონფლიქტი ექნა ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანასთან, იქ ნატო თავის ჯარებს გაატარებს უკრაინის ტერიტორიაზე. მაგრამ ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ომი რომც დაიწყოს ნატო-სა და რუსეთს შორის, თავის ტერიტორიაზე ჯარებს უკრაინა ვერ გაატარებს და არ გაატარებს. ეს არის ნეიტრალიტეტის პირობა, ომის შემთხვევაში ჩაურევლობა და არც ჯარების გატარება. ასეთი ნეიტრალიტეტი რუსეთს იმიტომ აწყობს სამხედრო თვალსაზრისით, რომ ბელარუსი მაგის ხელშია და უკრაინაც თუ იქნება ნეიტრალური, ნატო-ს არ ექნება საშუალება, რომ უკეთესად დაიცვას ბალტიისპირეთი. ეს რაღაც სამხედრო უპირატესობას რუსეთს უქმნის“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილმა გადაცემაში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ომამდელ პოზიციაზე დააბრუნებს ჯარს, დასავლეთმა სანქციები შეიძლება შეარბილოს.

„სანქციები უნდა შეწყდეს მაშინ, როდესაც რუსეთი დააბრუნებს ჯარს როგორც მინიმუმ ომამდე პოზიციებზე, ანუ აღადგენს პირველად სტატუს კვოს, სანამ ეს ომი დაიწყებოდა. თუ ამ ნაბიჯებს გადადგმას, შეიძლება დასავლეთმა შეარბილოს სანქციები, მაგრამ მთლიანად არ მოუხსნის იმიტომ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მაინც არ იქნება აღდგენილი ამ შემთხვევაში. ძალიან ძნელია რაღაცის წინასწარმეტყველება, რაზე შეთანხმდებიან უკრაინა და რუსეთი, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა საბოლოო ჯამში დათანხმდეს რუსეთზე სანქციების მოხსნას, თუმცა ძნელად წარმოსადგენია“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.