„უნდა ვანუგეშო ჩვენი მოსახლეობა, რომ დიახ, ჩვენ - „ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება ვართ გარანტი ამ დაძაბულ ვითარებაში, რომ საქართველოში მშვიდობა იქნება", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მიხელ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ბოროტების პარტიაა, რომელსაც დროულად უნდა გაემიჯნონ მოქალაქეები.
„თქვენს ლიდერს გუშინ როგორი გამოსვლა ჰქონდა? ისევ ჩამოგდება , ისევ დამხობა, ისევ დაღრჩობა და რა სიტყვები აღარ გამოიყენა. ამას ემიჯნებით რომელიმე?", - მიმართა მიხეულ ყაველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხვა ქვეყნების ტელევიზიებიდან ამუნათებენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას.
„რომელ ერთიანობაზე გვესაუბრებით? სად არის ერთიანობის გარანტი?"- ჰკითხა ოპოზიციონერ დეპუტატებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ზოგიერთი ადამიანი მართლაც არის სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული.
„ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, სანამ დროა, კარგად დაფიქრდით. არ მინდა, რომ ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ. სანამ დროა, გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან. „ნაციონალური მოძრაობა" დამთავრებულია, შეუძლებელია, როდისმე ამ პარტიამ ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია . გაემიჯნეთ ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს არ იცით, რა ხდება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.