ჰოლივუდის მსახიობი შონ პენი აცხადებს, რომ უკრაინაში ლტოლვილებისთვის განკუთვნილი საქველმოქმედო პროგრამების ფარგლებში ჩავიდა.
შონ პენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებისას, 24 თებერვალს შონ პენი კიევში იმყოფებოდა დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ომის დაწყებიდან მსახიობის საქველმოქმედო ორგანიზაცია პოლონეთში გადასული უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მუშაობს.
გასულ კვირას შონ პენმა განაცხადა, რომ თავის „ოსკარის“ ქანდაკებას გადაადნობდა, თუ უკრაინის პრეზიდენტს 27 მარტს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსასვლელად არ მიიწვევდნენ.