რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე, უკრაინის დელეგაციის წევრი რუსტემ უმეროვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოწამლეს:
"მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელ ამბავზე, რომელიც გავრცელდა.
გთხოვთ არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენთან საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს.
თავს გაუფრთხილდით. Slava Ukraini!" წერს უმეროვი.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩელსის დამფუძნებელსა და რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ. ინფორმაცია The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემის ცნობით, მათ სიმპტომები მოლაპარაკებების შემდეგ გამოუვლინდათ.
როგორც გამოცემა წერდა, აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრს აღენიშნებოდათ თვალების სიწითლე, ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახესა და ხელებზე.