ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ვითარების შემდგომი დამძიმება არ დავუშვათ - სანქციები, რომელთა დაწესებისკენაც ოპოზიცია მოგვიწოდებს, პირდაპირ აისახება ფასებზე, ინფლაციასა და კურსის დევალვაციაზე

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ვითარების შემდგომი დამძიმება არ დავუშვათ - სანქციები, რომელთა დაწესებისკენაც ოპოზიცია მოგვიწოდებს, პირდაპირ აისახება ფასებზე, ინფლაციასა და კურსის დევალვაციაზე

„როდესაც რეგიონში ამხელა მასშტაბის ომია, ბუნებრივია, ეკონომიკურ სირთულეებს ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა. ჩვენთვის მთავარია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამის ეფექტი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება პირდაპირ აისახება ფასებზე, ინფლაციასა და კურსის დევალვაციაზე.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ვითარების შემდგომი დამძიმება არ დავუშვათ. როცა საუბარია სანქციებზე, რომელთა დაწესებისკენაც ჩვენ ოპოზიცია მოგვიწოდებს, ეს სანქციებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ იმასთან, რომ რაღაცის ექსპორტი ან იმპორტი შეიზღუდება, არამედ ეს პირდაპირ აისახება, პირველ რიგში, ფასებზე, ინფლაციასა და კურსის დევალვაციაზე. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნა ომის საფუძველზე, მინიმალურად შეეხოს საქართველოს, თუმცა, სამწუხაროდ, ნეგატიური ეფექტი ყველა შემთხვევაში იქნება, არის ასეთი პროგნოზები, მათ შორის, საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები აკეთებენ ასეთ პროგნოზებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ტრენდი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც აისახება.

„ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ჩვენს ქვეყანას მინიმალურად შეეხოს ომიდან გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.