"ბიძინა ივანიშვილი მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს."კოსოვოს მოდელი მართლაც საინტერესოა. 1999 წელს, ნატოს სამხედრო აქციის შემდეგ, კოსოვოში შეიყვანეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები. ამ აქციაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. თითქმის 10 წელი ამ ტერიტორიას გაეროს მანდატი იცავდა. ამ ხნის მანძილზე ყველა დევნილი დაბრუნდა საკუთარ სახლში. კოსოვოში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიები. განხორციელდა არაერთი ჰუმანიტარული პროექტი... მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ... ასეთი მოდელის მისადაგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის, ჩემი აზრით, მისაღები იქნებოდა. კოსოვოს მოდელთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით სადავო ბევრი არაფერია. რა თქმა უნდა, არავინ აყენებს საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. თუმცა, თუკი ზემოხსენებული ქმედებები ამ რეგიონშიც განხორციელდება, მაშინ რეფერენდუმის ჩატარება მართებული და დემოკრატიული პროცესი იქნებოდა", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა იგულისხმა ივანიშვილმა კოსოვოს მოდელში".
"გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და ეს პროცესი მიმდინარეობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფონზე. ასეთი გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, თუმცა პროცესი ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის შეჩერდა. ახლა დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი გაგრძელების შესახებ. თუკი გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ეს პროცესი საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს, მით უმეტეს, რომ არსებობს ევროკავშირის მიერ სპეციალურად შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის ავტორიტეტული დასკვნა, ევროპის საბჭოს ორგანიზაციების დასკვნა და რეკომენდაციები, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
"ჩვენ დავიწყეთ იმ თემებზე საუბარი, რომელთა მოგვარებას განსაკუთრებული პოლიტიკური ნება არ სჭირდება - სავაჭრო ურთიერთობა, სატრანსპორტო კავშირი, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობა, სამეცნიერო თანამშრომლობა. გარკვეული წინსვლა ნამდვილად არის ამ სფეროებში. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ღვინო და მინერალური წყლები, ალბათ, მალე დაბრუნდება რუსულ ბაზარზე. შესაძლებელია, გარკვეული კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გამარტივდეს. შეინიშნება რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურობაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით... ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის. არის თემები, რომლებზეც რუსეთთან ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ მივაღწევთ - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი. თუმცა მომავალს მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "შესაძლებელია, რომ რუსეთმა ასე აქტიურად ჩართოს საერთაშორისო მისიები საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში და, რაც მთავარია, დევნილები დააბრუნოს?" - პასუხობს:
"სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა დღეს არ ჩანს. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეს თემა მოსკოვმა"წითელ ხაზად გამოაცხადა, რომელზე საუბარიც არ სურს".