სქემა, რომლითაც დავით კირვალიძეს საბოტაჟი მოუწყვეს

სქემა, რომლითაც დავით კირვალიძეს საბოტაჟი მოუწყვეს

რატომ გადადგა თანამდებობიდან და 2006 წლიდან დაწყებულ რეალურად რომელ სკანდალს ,,შეეწირა’‘ დავით კირვალიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ფაქტზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის’‘ მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. მეორე დღეს, 2 მაისს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით, მთავრობას მიმართა. მისი თქმით, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობს და მთავრობას უფლებამოსილების შეჩერება ამიტომაც სთხოვა. კირვალიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და გამოძიების დასრულებამდე, უფლებამოსილება შეუწყვიტა. ,,ვერსია’‘ დიდი ხანია, ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს სახელმწიფოს კუთვნილი შპს ,,მექანიზატორის’‘ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელის მიმართ გარკვეული კითხვები დაუგროვდა. ჩვენს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციისა და კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, პრემიერი სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით კირვალიძეს გულისხმობდა, თუმცა იმის გამო, რომ ხელთ საკმაოდ დელიკატური ინფორმაცია გვქონდა, არ ავჩქარდით და მხოლოდ წყაროზე დაყრდნობით, სტატია არ გამოვაქვეყნეთ. ჟურნალისტური ძიება განვაგრძეთ, მაგრამ 1 და 2 მაისს, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ,,ვერსია’‘ ამ სკანდალის როგორც ოფიციალურ, ასევე კონფიდენციალურ და უკვე გადამოწმებულ ფაქტებს გთავაზობთ. სკანდალის ოფიციალური ვერსია

,,სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა, ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ხალხია. მათ შორის, ბევრი ჩემი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება ამიტომაც მივიღე’‘, _ განაცხადა დავით კირვალიძემ 2 მაისს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ამიერიდან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას, მისი მოადგილე, შალვა ფიფია შეასრულებს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რასაც ,,ვერსია’‘ უცვლელად გთავაზობთ: ,,2012 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54 000 000 ლარი გამოყო, რაც მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას უნდა მოხმარებოდა. ამ პროექტისათვის, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან, 50 000 000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა შპს ,,მექანიზატორს’‘ დაევალა. შესყიდვის კონტროლისთვის, სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომლებშიც შედიოდნენ როგორც შპს ,,მექანიზატორის’‘, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს, სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის, დანაშაულებრივად მიენიჭა უპირატესობა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში, დაახლოებით 10 000 ევრო გაიფლანგა. 2013 წლის იანვარში, ტრაქტორები და საჭირო ტექნიკა შეიძინეს, რა დროსაც თანამდებობის პირებმა, დანაშაულებრივი ქმედებით, მოსახლეობის დასახმარებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 500 000 ლარი გაფლანგეს. მხილებულმა პირებმა, დანაშაულის დასაფარად, ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე, რათა მათთვის სასურველი დასკვნა მიეღოთ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის თავი აერიდებინათ. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებულნი და დაკავებულნი არიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე, შპს ,,მექანიზატორის’‘ დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე _ მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა. სახელმწიფო სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, გამოძიება გრძელდება’‘. სამართალდამცველებმა, 1 მაისს, ღამით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია ,,ტექ-აგრო-სერვისის’‘ წარმომადგენელი გივი ქაიხოსროშვილი, რომელსაც ექსპერტზე ზეწოლა ედება ბრალად, რათა მას ყალბი დასკვნა გაეცა.

რატომ უნდა გაუქმდეს შპს ,,მექანიზატორი’‘?

ვიდრე ეს სკანდალი გახმაურდებოდა, ათიოდე დღით ადრე, ,,ვერსიას’‘ კარგად ინფორმირებული, საქმეში ჩახედული და კომპეტენტური პირი დაუკავშირდა, რომელმაც სახელმწიფოს კუთვნილი შპს ,,მექანიზატორის’‘ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ ვინაობის გამხელა არ მოისურვა. წყაროს ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბერში, სახელმწიფოს კუთვნილმა შპს ,,მექანიზატორმა’‘ ტენდერი ჩაატარა, რომლის ერთ-ერთი ლოტი, ,,ჯი თი გრუპმა’‘ მოიგო. სატენდერო პირობების მიხედვით, მოთხოვნილი იყო სასუქის მომყრელი ბუნკერი, რომელიც უჟანგავი ლითონისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული. წყარო გვიამბობს, რომ სატენდერო პირობები დაარღვიეს და მოთხოვნილი ტექნიკის, ანუ უჟანგავი ლითონის ნაცვლად, ჩვეულებრივი, შეღებილი ლითონის ბუნკერი შემოიტანეს. ,,რაც შეეხება 2012 წლის ტენდერს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, მინდა გითხრათ, რომ მაშინ ტენდერი საერთოდ არ ჩატარებულა! შპს ,,მექანიზატორის’‘ წარმომადგენლებმა, სწორედ იმ კომპანიების ხელმძღვანელებს გაუგზავნეს წერილები, რომელთა გამარჯვებაც სურდათ და იმ ტექნიკის ჩამონათვალიც, რაც უნდა შეეძინათ. ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთმა იტალიურმა კომპანია ,,ნარდმა’‘ შესთავაზა მის მიერ წარმოებული ტექნიკა, უფრო სწორად, ტრაქტორები და მთლიანობაში, 13 600 000 ევრო მოითხოვა. სამწუხაროდ, ტრაქტორები ორი კომპანიისგან _ ,,მასკიო გასპარდოსა’‘ და ,,კუნისგან’‘ შეიძინეს. ,,მასკიო გასპარდოს’‘ წარმომადგენელი საქართველოში ,,მსოფლიო ტექნიკაა’‘, რომელსაც ზვიად ბრეგვაძე ხელმძღვანელობს, ხოლო ,,კუნის’‘ წარმომადგენლობა ,,ჯი თი გრუპია’‘. საბოლოოდ, საჭირო ტექნიკა ამ ორი კომპანიისგან, გაცილებით ძვირად _ 22 000 000 ევროდ შეიძინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ტენდერის ერთ ლოტზე, დაახლოებით, 8 400 000 ევრო დარჩათ. აი, სწორედ ეს ხალხი იბრძვის დღეს იმისათვის, რათა საკუთარი წარსული დაფაროს. ,,კუნის’‘ ტექნიკაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ,,მასკიო გასპარდოს’‘ შემოტანილი ტექნიკა უხარისხოა და გაფუჭებული ყრია რეგიონებში’‘, _ გვიამბობს წყარო. ,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, ეს კომპანიები საქართველოს ბაზარს კარგავენ და ეს სკანდალი იმიტომ აწყობთ, რომ მათ მიერ შემოტანილი, უხარისხო ტექნიკის გამო, პასუხი არ აგონ. წყარო გვიამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, უკვე დიდი ხანია მოქმედებს ელიტური კასტა, რომლებიც ამ კომპანიებში არიან გადანაწილებული და მათ ახლაც ის ხალხი მფარველობს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მფარველობდნენ. წყაროს ინფორმაციით, ყველა დიდ ტენდერს, რომელიც მილიონობით დოლარს და ევროს ეხებოდა, შპს ,,მექანიზატორის’‘ ლობირების ქვეშ, ,,მსოფლიო ტექნიკა’‘ და ,,ჯი თი გრუპი’‘ იგებდა. რა მოხდა სინამდვილეში ან რას ნიშნავს სკანდალი, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით კირვალიძეს უკავშირებენ? სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსია’‘ მთის სოფლის განვითარების საერთაშორისო პროექტების მენეჯერს ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში, ნოე ხოზრევანიძეს დაუკავშირდა და წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა:

_ ბატონო ნოე, ვინ და რატომ შექმნა შპს ,,მექანიზატორი’‘ და რა იყო მიზეზი, რის გამოც ეს კომპანია ტენდერებს იგებდა?

_ ჯერ იმას გეტყვით, რომ ევროკავშირის სივრცის ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის პროდუქცია 48%-ითაა სუბსიდირებული, თურქეთში _ 37%-ით, კანადაში _ 32%-ით, აშშ-ში _ 23%-ით, იაპონიაში _ 70%-ით, ავსტრალიაში _ 9%-ით და ახალ ზელანდიაში _ 3%-ით. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, შვედეთის სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია 52%-ით, ავსტრიაში _ 56%-ით, ფინეთში _ 67%-ით, ნორვეგიაში _ 76%-ით და შვეიცარიაში _ 77%-ით. რაც შეეხება საქართველოს, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას დიდი კითხვის ნიშანი ადევს. თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპული არჩევანია, მაშინ ამ ქვეყანაში, რომელიც აგრარულია, სად იკვეთება აგრარული სექტორის ევროპული ორიენტაცია? თუ აგრარული ქვეყნის აგრო-ორიენტაცია გამოკვეთილი არ არის, კითხვას ვსვამ, წლების წინ, რატომ დააფუძნა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფოს კუთვნილი შპს ,,მექანიზატორი’‘, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ _ შპს ,,სოფლის მეურნეობის კორპორაცია’‘? ყველაზე დიდ შეშფოთებას დღემდე ის ფაქტი იწვევს, როდესაც ვანო მერაბიშვილმა დააანონსა, რომ წინა ხელისუფლება მზად იყო, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების დარგობრივი სამინისტროები ჩამოეყალიბებინა, მაგალითად, ხილ-ბოსტნეულის, რძის, ხორცის პროდუქტებისა და ასე შემდეგ. სად არის აქ ევროპული ორიენტაცია, ან სად იყო მაშინ, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი და რატომ არ მისცა საჯარო შენიშვნა ამ ინოვაციის ავტორს, რომ დამზადების სამინისტროები და მსგავსი შპს-ები ევროპულ კონცეფციაში არ ჯდებოდა? დღემდე არ მესმის, რატომ ჩამოყალიბდა სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორი’‘, როგორ შეიძლება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თვითონ ხნავდეს, თესავდეს და იმკიდეს მოსავალს? ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის მსგავსი შპს. ჩვენთან ეს ყველაფერი სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში და შპს ,,მექანიზატორის’‘ სახით, სახელმწიფო მონოპოლიის კლასიკური მაგალითი შექმნა. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ერგო, მაგრამ ეს მოითხოვს ურთულეს, უმძიმეს და ხანგრძლივ რეფორმებს. არ შეიძლება, რომ შპს ,,მექანიზატორი’‘ არსებობდეს, რადგან ეს შპს ამუხრუჭებს დარგს, სახელმწიფოს და ეს მძიმე ფინანსური ტვირთია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის. აღარაფერს ვამბობ წინა წლებში და თუნდაც, ბოლო დროს, ამ შპს-ს წიაღში ჩატარებული ტენდერების ავ-კარგიანობასა და გაფლანგულ მილიონებზე, რაც სასწრაფოდ მისახედია. აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც დღევანდელ მთავრობას ვურჩევ, რომ სასწრაფოდ გადახედოს შპს ,,მექანიზატორისა’‘ და შპს ,,სოფლის მეურნეობის განვითარების კორპორაციის’‘ საქმიანობას. აგროსექტორში თანამედროვე, ცივილური, ევროსტანდარტების შესაბამისი სისტემა უნდა დაინერგოს და კარგი იქნება, თუ ამ პროცესში, ევროპის ქვეყნების ყველა ელჩი, პირველ რიგში კი ფილიპ დიმიტროვიც მიიღებს მონაწილეობას. ვურჩევ ხელისუფლებას, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული და სულ ბოლოს ჩატარებული ყველა ტენდერის მასალები შეისწავლონ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარდა. ჩემი ინფორმაციით, წინა წლებში ჩატარებული ტენდერების შედეგად, თითოეული ტენდერის შემდეგ, დაახლოებით, 5 000 000-დან 6 000 000 აშშ დოლარამდე რჩებოდათ. უშუალო შეხება არ მქონია სამინისტროსთან, მაგრამ როგორც ფერმერს, პირდაპირი და ირიბი ინფორმაცია მქონდა, რომ ამ ტენდერებში, ერთი და იგივე კომპანიები ფიგურირებდნენ. სწორედ ამას უკავშირდება ახლანდელი სკანდალიც, რადგან როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფი უკვე ვარდება საქართველოს ბაზრიდან და დღევანდელი სიტუაციით, წარსულის გადაფარვა სურთ, რომ ვინმემ სატენდერო დოკუმენტები არ გამოიძიოს. თუ ჩვენ სამართლიანობის აღდგენა გვინდა, ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ამ სამინისტროში ჩატარებული ყველა ტენდერი შეისწავლონ.

_ ჰქონდა თუ არა დავით კირვალიძეს რეალური ბერკეტი, რომ ეს კონკრეტული ჯგუფი გაეკონტროლებინა?

_ ჩემი ინფორმაციით, ამ სამინისტროს 80% ძველი ხელისუფლების დროინდელი თანამშრომლები არიან. ტექნიკური პერსონალი არ შეცვლილა, ანუ ეს ის კატეგორიაა, რომელიც სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა კონკრეტული წინადადების, თუ გადაწყვეტილების მიღებასა და ინფორმაციის გატანაზე. როგორც ჩანს, მინისტრმა ვერ მოახერხა, რომ თანამშრომლების ეს კატეგორია სამსახურიდან გაეშვა, არადა, სწორედ ისინი უნდა დაეთხოვა სამინისტროდან.

_ თქვენი ინფორმაციით, რა სახის ტექნიკა შემოდიოდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში?

_ შემოტანილი ტექნიკის დიდი რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში, გადაღებილი, ფერშეცვლილი, მაგრამ უკვე ნახმარი და უხარისხოა. არადა, ამ ტექნიკის შეძენაში მილიონებია გადაყრილი და ამას ნებისმიერი სპეციალისტი, ფერმერი, თუ მეურნე დაგიდასტურებთ. ამიტომაც ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ეს ორი შპს სასწრაფოდ გააუქმოს.

_ გამოდის, სკანდალი, რომელშიც სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე გაეხვა, წარსულის გადასაფარად, ამ ჯგუფის ინსპირირებულია?

_ ბუნებრივია, ეს ტენდენცია არსებობს, თუმცა საბოტაჟის მცდელობასაც არ გამოვრიცხავ. ვიმეორებ, არცერთ კომპანიას, ან ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს გაბატონებული და მონოპოლიური უფლება, ეს ყველაფერი ახალ რელსებზე უნდა გადავიდეს, რასაც კონკურენტული გარემო ჰქვია.

_ ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს, დავით კირვალიძის მიმართ კითხვები შპს ,,მექანიზატორთან’‘ დაკავშირებით გაუჩნდა, მაგრამ ვაუჩერების სკანდალი რას ნიშნავს, რომელმაც ამ მოვლენებს ერთი დღით დაასწრო?

_ ბუნებრივია, ასეთი ცდუნება, ანუ სასოფლო-სამეურნეო ბარათების თანხაში გადაცვლის მცდელობა იქნებოდა, რადგან ეს საქართველოა, სადაც საკმაოდ დიდი ტერიტორია დაუმუშავებელია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელსაც არ ამუშავებს და რეალურად, არც კი სჭირდება, რადგან მემკვიდრეობით ერგო. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ტიპის შეცდომები იქნებოდა, რადგან ამ პროცესთან გამკლავება რთულია. სამწუხაროდ, ვიდრე ერთი, კონკრეტული უწყების ხელში იქნება ხვნა, თესვა და მოსავლის მოყვანა, ამ ტიპის შეცდომებს ვერ ავცდებით. ეს არ არის არც შპს ,,მექანიზატორის’‘ და არც სოფლის მეურნეობის საქმე, ამიტომ ეს შპს უნდა გაუქმდეს!