უცხოური საიტები საქართველოს ასეთი სიხშირით მხოლოდ აგვისტოს ომის დროს ახსენებდნენ(!)
17 მაისს განვითარებული მოვლენები იმას ჰგავდა, მეისრეს ლიანდაგის გადაყვანა რომ დაავიწყდება და ორ შემადგენლობას ერთმანეთის პირისპირ გაუშვებს. 17 მაისამდე ლგბტ-ის ფლეშმობი და მის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქცია ისე პიარდებოდა, რომ როგორც ზემოხსენებულ შემთხვევაში მატარებლების შეჯახებაა გარდაუვალი, ისე იყო გარდაუვალი ის, რაც რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. თუმცა თუ ამდენი ხალხი მოიყრიდა თავს დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე, ცოტას თუ ეგონა. ალბათ, ადამიანი არ დარჩენილა, რომელზეც მომხდარს მძიმე შთაბეჭდილება არ დაეტოვებინა. თუმცა საზოგადოების აზრი გაიყო იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა ფართომასშტაბიანი შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება. კერძოდ, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციის კორდონი საკმაოდ მჭიდრო არ იყო და სასულიერო პირებსაც, რომლებსაც მოქალაქეებზე დიდი გავლენა აქვთ, აგრესიული განცხადებებისგან თავი უნდა შეეკავებინათ. თუმცა იგივე ექსპერტები აღიარებენ, რომ მსხვერპლს სწორედ პოლიციელთა თავდადებით გადავრჩით და საბოლოოდ, მაინც სასულიერო პირებმა განმუხტეს ვითარება, როდესაც დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ლგბტ-ის აქციები ქართველ საზოგადოებაზე ისე მოქმედებს, როგორც ხარზე წითელი ქსოვილი და ქვეყანაში არსებული რეალობიდან თუ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ლგბტ-ფლეშმობის ორგანიზატორებს თავი უნდა შეეკავებინათ. მით უმეტეს, მათ ჰქონდათ შარშანდელი მაგალითი, როდესაც ანალოგიური აქცია ნაკლები მასშტაბის, მაგრამ მაინც ცემა-ტყეპით დასრულდა. ერთ წელიწადში ათეულათასობით ჩვენი მოქალაქის მენტალიტეტი ნამდვილად არ შეიცვლებოდა. 17 მაისის მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით ამაზრზენი და შემაშფოთებელი ის იყო, რომ ზოგ-ზოგიერთმა, რომლებიც ეკლესიის კრიტიკაზე "სპეციალიზდებიან", მომხდარი საპატრიარქოსა და უწმინდესზე შეტევისთვის გამოიყენეს. ხელისუფლების ერთმანეთთან დაპირისპირებული შტოები კი გადაბრალებას შეუდგნენ. კერძოდ, "ქართული ოცნების"" წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ მომხდარის პროვოცირებაში "ნაციონალების" ხელი ერია. ყოფილი მმართველი პარტიის წევრებს კი მიეცათ საშუალება, თქვან, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სუსტი მინისტრია და საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში სიტუაციას ვერ აკონტროლებსო. თუმცა მომხდარს ყველაზე მძაფრი გამოხმაურება დასავლურ პრესაში მოჰყვა. საინტერესო ფაქტია - ენთუზიასტებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ინტერნეტში სხედან, გამოთვალეს, რომ ევროპულ თუ ამერიკულ საიტებზე საქართველოს ასეთი სიხშირით მხოლოდ აგვისტოს ომის დროს ახსენებდნენ.
დასავლური პრესის პათოსი კი დაახლოებით ერთნაირი იყო, - ასეთი საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრდებაო. აღშფოთდნენ დიპლომატებიც, თუმცა ყველაზე შორს ჰოლანდია წავიდა - მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ელჩი დაიბარა, რათა თავისი გულისწყრომა მისთვის პირადად გამოეცხადებინა. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, რამდენიმე ფაქტორის დამთხვევამ გამოიწვია:
- ხალხში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისადმი აგრესია განსაკუთრებით გამძაფრებულია, ვინაიდან ისინი გარკვეულწილად "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" არიან ასოცირებული, წლების განმავლობაში "ნაცმოძრაობა" მხოლოდ საკუთარი და მათი უფლებების დაცვით იყო დაკავებული. რომ არა ეს ასოცირება, ამდენი ხალხი გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გამოვიდოდა. ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, მაგრამ მაინტერესებს, ისინი, ვინც დღეს ასე შეწუხებული არიან მომხდარი ძალადობის გამო, სად იყვნენ ოპოზიციის აქციების დარბევის დროს?
- არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ?
- არა მხოლოდ მათ. ვგულისხმობ იმათაც, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობებზე იყვნენ და არ ადარდებდათ ტოტალური ძალადობა და დღეს პროტესტს გამოთქვამენ იმ ადგილას, სადაც მათმა ხელისუფლებამ 26 მაისის სასაკლაო მოაწყო. საინტერესოა, თუ სექსუალურ უმცირესობასთან ძალადობა დაუშვებელია, პოლიტიკური გემოვნების გამო ძალადობა დასაშვებია?
"ნაცმოძრაობამ" სექსუალური უმცირესობის ხარჯზე მოახერხა ჩანაფიქრის ხორცშესხმა: დასავლეთს კიდევ ერთხელ მოევლინა ეგრეთ წოდებულ დემოკრატად. ამ აქციას უფრო პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, ვიდრე ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციას.
- კერძოდ?
- ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კომპრომეტაცია და შს მინისტრის სკამის შერყევის მცდელობაა. გარდა ამისა, დასავლეთის თვალში ქართველი საზოგადოება და ახალი ხელისუფლება გამოიყვანეს ბნელებად, თავად კი გაჰყვირიან, ჩვენს დროს ასეთი რაღაცები არ მოხდებოდაო.
ამ პათოსით ისინი მთელ ევროპას შემოივლიან და სხვათა შორის, ამ თემაზე ახალი გრანტების თუ დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვებას შეეცდებიან.
ჩემი აზრით, სწორედ მათი მეცადინეობით იყო წინა პლანზე წამოწეული ეს ლგბტ პირების აქცია. მეთოდურად აპიარებდნენ ამ ამბავს, რადგან კარგად იცოდნენ, თუ როგორი განწყობა ჰქონდა საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ. მსვლელობის მარშრუტებსაც კი წინასწარ აქვეყნებდნენ. რა თქმა უნდა, 17 მაისს მეორე მხარეც იყო. 9 წლის განმავლობაში "ნაციონალები" კომპრომატების მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. შესაბამისად, 10-15 პროვოკატორს ყოველთვის მოძებნიან, განსაკუთრებით ასეთი მასობრივი თავყრილობის დროს.
- თუ ასე იყო, ამ საფრთხეს ახალი ხელისუფლება ვერ ხედავდა? მას ხომ შეეძლო უფრო მასშტაბური უსაფრთხოების ზომები მიეღო?
- ალბათ, პოლიციის კორდონი უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. თუმცა მე ყურადღებას იმაზე გავამახვილებდი, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ამ აქციის შემდეგ პოლიციაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თითქოს ის არ იყოს იმ თანამდებობაზე, რომელსაც შს სამინისტროსთან ერთად ასეთი საკითხების კოორდინაცია ევალება.
უშიშროების საბჭოს მდივანი მხოლოდ შენიშვნებს აკეთებს და 8 თვეა უშიშროების საბჭოს სხდომა არ გამართულა. რა გააკეთა ბოკერიამ, რომ ის არ მომხდარიყო, რაც აქციაზე მოხდა?
- გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი გამწარებულია, რადგან სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს. ეს გამწარება თუ იმედგაცრუება დაგროვდა და ამან 17 მაისს ამოხეთქა. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ხალხი სპორტის სასახლეშიც შეიკრიბა.
- მოქალაქეები იბრძვიან ძველი ხელისუფლების მიერ შელახული უფლებების აღსადგენად. ელოდებიან იმის დაბრუნებას, რაც წაართვეს, ხოლო რისი დაბრუნებაც არ შეუძლიათ, იმის კომპენსირებას. ხელისუფლებასთან დაახლოებული ზოგიერთი პირი ლაპარაკობს სიმართლის
კომისიის შექმნაზე და არაფერს ამბობს იმაზე, რომ სიმართლის კომისია სხვადასხვა ქვეყანაში (მაგალითად, ჩილეში) მხოლოდ პოლიტპატიმრების დადგენაზე კი არ მუშაობდა, არამედ იმასაც მიაღწია, რომ პოლიტპატიმრებს ხელისუფლება ყოველთვიურად კომპენსაციას უხდიდა.
არ შეიძლება, ხელისუფლებამ დამნაშავეს დაზარალებულის მაგივრად აპატიოს ისე, რომ ამ ადამიანის უფლებები არ აღადგინოს.
მცდარია, როდესაც ამბობენ, გამოსავალი ამნისტიააო. ამნისტია ვერ შეეხება გვარ-სახელს, თანამდებობას, ამნისტია ეხება მხოლოდ და მხოლოდ მუხლს ან მუხლის ნაწილს. არასწორად ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - რადგან პროკურატურას ძალიან ბევრი საჩივარი აქვს, ამიტომ ვერ ახერხებს მძიმე კატეგორიის საქმეების გამოძიებას და ამნისტია მოიგონა. როდესაც ამნისტია ცხადდება, პროკურატურამ მაინც უნდა განიხილოს ნებისმიერი საჩივარი და დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში აღძრას სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ გადახედოს კანონს "ამნისტიის შესახებ", ხომ არ არის ეს მუხლი ან მუხლის ნაწილი ამნისტირებული.
- რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი?
- ან ვიღაცის ზეწოლის, ან ინტერესების გამო. ისინი, ვინც 9 წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ახლა მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობენ თავს, აღარ უნდათ მტრების გაჩენა და ისეთ პროცესებში ჩართვა, რის გამოც შეიძლება ევროსაბჭომ ან ვიღაცამ გააკრიტიკოს. შესაძლოა, არის ჯგუფი, რომელიც პრემიერს არწმუნებს, რომ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება არ არის მომგებიანი, რადგან შეიძლება ეს ვიღაცამ იმის სათქმელად გამოიყენოს, ხელისუფლება ვიღაცას პოლიტიკურად დევნისო. ამის უკან შეიძლება იყოს კონკრეტული ჯგუფის ინტერესი. კანონიერ მეპატრონეს 4-5 წლის წინ წართმეული ბიზნესი რომ დაუბრუნონ, დამბრუნებელი ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს, მაგრამ წამრთმევლის ლობირებით შეიძლება რაღაც სასიკეთო მიიღოს. თუ "ამნისტიის შესახებ" კანონი დაბალი და საშუალო თანამდებობის პირებს შეეხება და არ შეეხება პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს, როგორ შეიძლება მტკიცებულებები შეგროვდეს მაღალი თანამდებობის პირებზე, თუ დაბალი თანამდებობის პირებს, რომელთაც ჩვენება უნდა მისცენ, წინასწარ ეცოდინებათ, რომ მათი ნებისმიერი ქმედება ამნისტირებული იქნება?
- თქვენ ზემოთ თქვით, რომ 8 თვეა უშიშროების საბჭო არ შეკრებილა. ისე, ვერც ანტიკორუფციული საბჭოს აქტიურობას ვხედავთ, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით.
- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პრემიერს მივმართე წერილით, შექმნილიყო ძლიერი ანტიკორუფციული საბჭო თავისი ოფისით, აპარატით, რათა მოემზადებინა ანტიკორუფციული პროექტები და დაეხვეწა პრევენციული სქემები. პრემიერისგან პასუხი არ მიმიღია, მაგრამ მოულოდნელად პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭოს შემადგენლობაში შემიყვანეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ანტიკორუფციული საბჭოს ერთი სხდომა გაიმართა და ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც ამ საბჭოს ხელმძღვანელობს, დაგვპირდა, რომ საბჭო ინტენსიურად შეიკრიბებოდა, მაგრამ 4 თვეა კომისიის სხდომა არ გამართულა.
- ხელისუფლებამ გელა ხვედელიძის მაგალითზე ხომ აჩვენა, რომ თავის რიგებშიც ებრძვის დანაშაულს.
- უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრის პირველი მოადგილე პასუხისგებაში იქნა მიცემული, მაგრამ რატომ არავინ დასჯილა ძველი ხელისუფლების თანამდებობის იმ პირთაგან, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ამ სისტემას. შს სამინისტროს მთელი დეპარტამენტი 9 წლის განმავლობაში მუშაობდა ასეთი ტიპის მასალების შეგროვებაზე და მათი გამოქვეყნების მუქარით ადამიანებით მანიპულირებდა. ვინმე რომ დასჯილიყო, შს მინისტრის მოადგილეს ასეთი მოქმედების სურვილი არ გაუჩნდებოდა.
ამ საქმეში ნახსენები ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის ბრალეულობა კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გაუგებარია, მთავარი პროკურორის განცხადება, ეს აუდიოჩანაწერი და ელისო კილაძის განცხადება საკმარისი არ არის იმის შესასწავლად, ჰქონდათ თუ არა ამ პირებს ბიზნესინტერესების ლობირების მცდელობაო. ჯერ ამ განცხადების საფუძვლიანობა უნდა შესწავლილიყო და დასკვნა მერე გაკეთებულიყო. პარლამენტმა უნდა იმუშაოს კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომ სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკებს არ ჰქონდეთ საშუალება, სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაცია შეაგროვონ და გაავრცელონ. ამბობენ, ასეთი ტიპის მასალები უნდა განადგურდესო. არადა, ეს ფირები არის ნივთმტკიცება საქმეზე, რომელიც აღძრულია ძველ თანამდებობის პირებზე სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო. თუ ეს მასალები განადგურდება, ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.
- სხვა საკითხსაც შევეხოთ. უკვე დასახელდა რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი. რა შანსი აქვთ მათ?
- ამ არჩევნებზე "ქართული ოცნების" ამოცანაა, მისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, რითაც მოხდება ახალი ხელისუფლებისთვის უპირობო მხარდაჭერის დემონსტრირება.
"ნაცმოძრაობის" სტრატეგიული ამოცანაა, ამ არჩევნებზე მეორე ადგილი მოიპოვოს, რათა დაიმკვიდროს ადგილი როგორც მეორე პოლიტიკურმა ძალამ, ამით მიიღოს ინდულგენცია და საკუთარი ბიზნესების დაცვა უზრუნველყოს. თუ "ნაცმოძრაობა" არჩევნებზე მეორე ადგილს დაიმკვიდრებს, ლაპარაკი აღარ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნებში მეორე ადგილის დაფიქსირება სურს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ გამოკვეთა ერთი ლიდერი, მის გარშემო გაერთიანდა და მოახერხა მეორე ადგილის დაფიქსირება, მაშინ შეუძლია ჰკითხოს ახალ ხელისუფლებას, რატომ ელაპარაკება "ნაცმოძრაობას" ყველა თემაზე და რატომ არიან იგნორირებული ის პარტიები, რომელთაც მეტად უჭერს მხარს მოსახლეობა? ეს ყველაფერი შესაძლებელია გადაიზარდოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაში.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ივანიშვილი მოვლენებს აკვირდება და არ გამოვრიცხავ, საპრეზიდენტო არჩევნების მერე შეიცვალოს მისი მიდგომა კოალიციის წევრებისადმი და გაერთიანება დატოვონ იმ პარტიებმა, რომელთა კოალიციაში ყოფნა ივანიშვილს არ ენდომება.
ასე რომ, ძალიან საინტერესო პოლიტიკური მოვლენების მომსწრენი გავხდებით