"უნდათ, ივანიშვილს კავკასიის ლუკაშენკო დაუძახონ!"

"ზუსტად ვიცი, როგორ დაიგეგმა ეს პროვოკაცია "ნაციონალების" ოფისში"

"სისხლი უნდა დაიღვაროს, ძალიან გვაწყობს, თუ იქნება მსხვერპლიც"(?!)

"პოლიციის დამსახურებაა, რომ მსხვერპლი არ გვყავს"

"ნაციონალური მოძრაობა" სამი-ოთხი კვირის განმავლობაში გეგმავდა ამ პროვოკაციას, რომლის მიზანიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე საქართველოს მთავრობის დისკრედიტაცია იყო!" - განაცხადა მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

- ეს აქცია იყო "ნაციონალური მოძრაობის" კარგად დაგეგმილი ღონისძიება. ფაქტობრივად, მოძრაობა "იდენტობა" "ნაციონალური მოძრაობის" ფილიალია, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია კი მისი კურატორი. ის ვანო მერაბიშვილსა და "ნაცმოძრაობის" სხვა წარმომადგენლებთან ერთად 3-4 კვირის განმავლობაში გეგმავდა, რა ტიპის პროვოკაცია მოეწყო მსოფლიოს თვალში ქართველი საზოგადოებისა და ახალი ხელისუფლების იმიჯის დისკრედიტაციისთვის. გიგა ბოკერიამ ყველაფერი კარგად გათვალა და მზაკვრული გეგმა მოიფიქრა. აქციის შემდეგ მსოფლიო პრესაში გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შემლახავი ინფორმაცია, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ დაგმო უმცირესობების უფლებების უგულებელყოფა.

თუმცა "ნაცმოძრაობის" ლიდერებს უფრო სავალალო შედეგის გამოწვევა უნდოდათ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ზუსტად ვიცი, რას ლაპარაკობდნენ ამ გეგმის შემუშავებისას "ნაცმოძრაობის" ოფისში. ისმოდა ფრაზები: "სისხლი უნდა დაიღვაროს, ძალიან გვაწყობს, თუ იქნება მსხვერპლიც", "ივანიშვილის მეტსახელი უნდა გახდეს "კავკასიის ლუკაშენკო", საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მას სწორედ ასე უნდა შეარქვას!", "ამჟამინდელი მთავრობა უნდა მოექცეს სრულ იზოლაციაში, ისე როგორც თავის დროზე გამსახურდია"…- ასე ლაპარაკობდნენ გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და გივი თარგამაძე "ნაცმოძრაობის" ოფისში. პროვოკაციის მოსაწყობად ქართველი საზოგადოებისთვის სენსაციური თემა იქნა შერჩეული და შედეგმაც არ დააყოვნა. მივმართავ პროკურატურას, გამოიძიოს, თუ ვინ როგორ აწყობდა ამ პროვოკაციას. საერთაშორისო საზოგადოებრიობას მალე უნდა აეხილოს თვალი, რომ რეალურად, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები სექსუალური უმცირესობების დამცველები კი არ არიან, ისიც კი უნდათ, რომელიმე მათგანი დაიღუპოს.

- ხომ არ არსებობს ფარული ჩანაწერი ამ საუბრებისა? თუკი არ არსებობს, როგორ უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, რომ ასეთი პროვოკაცია შეგნებულად მომზადდა?
- ქვეყანაში უშიშროება იმიტომ არსებობს, რომ დროულად შეიტყოს დანაშაულის მზადების შესახებ და რეაგირება მოახდინოს. დაე, მანვე გაარკვიოს, თუ რა ინსტრუქტაჟებით არის ჩამოსული და რის გაკეთებას აპირებს გივი თარგამაძე. არაქართული ძალა, რომელიც ამ სამეულს მართავს, ფიქრობს, რომ თარგამაძის რევოლუციური გამოცდილებით, გიგა ბოკერიას ტვინითა და მერაბიშვილის ავანტიურიზმით რამეს მიაღწევს და საქართველოს ხელისუფლებას შეცვლის. დაგეგმილია, რომ სექსუალური ან რელიგიური უმცირესობების დაცვის მოთხოვნით პროვოკაციული აქციები პერმანენტულად მოეწყოს. ეს შემოდგომამდე გაგრძელდება და შეიძლება იმაზე უარესი ფორმაც მიიღოს, რაც გასულ კვირას ვნახეთ.

ძალიან კარგად იმოქმედა პოლიციამ, მისი დამსახურებაა, რომ მსხვერპლი არ გვყავს. ჩემი აზრით, ამჟამინდელ მთავრობაში ძალიან სუსტი რგოლია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ხანდახან მგონია, რომ ამ უწყებაში ვარსკვლავების ცქერით უფრო არიან გართული, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან მუშაობით, რაც ახლა გარდაუვალ საჭიროებას წარმოადგენს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენი მთავრობის იმიჯის შელახვის მიზნით ძალიან დიდი ფული იხარჯება. მეტსაც გეტყვით, აქციებისთვის, რომელიც შემოდგომამდე უნდა გაგრძელდეს, "ნაცმოძრაობის" შავი სალაროდან იხარჯება ფული. იქ კი თანხა "ობშჩიაკის" აკრეფის წესით შედის. ადრე მას ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებდა, ახლა კი მერაბიშვილის ხელშია.

გგონიათ, გიგა ბოკერიამ ვერ გათვალა, რომ ქუჩაში ამდენი ათასი განრისხებული ადამიანი გამოვიდოდა, აქციის მონაწილეებს კი მათი შეეშინდებოდათ? პირიქით, ყველაფერი კარგად დადგმული სცენარით ვითარდებოდა. ასეთი აქციის ორგანიზება დიდი ფული ღირს და არავინ დარდობს იმას, თუ ამ პროვოკაციას ვინმე შეეწირება. აღარაფერს ვამბობ იმ თანხაზე, რომელსაც ამ აქციის შემდეგ სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველი ორგანიზაციები დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ…და ბოლოს, შეცდომაა, როცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გადარჩენით არიან დაკავებული. დავით უსუფაშვილი აცხადებს, ქართული დემოკრატიის მიზანი უნდა იყოს "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენაო. "ნაციონალური მოძრაობა" როგორც პოლიტიკური ორგანიზმი არ უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ქვეყნის განვითარებას ხელს აუცილებლად შეუშლის.