საბერძნეთის ქალაქ სალონიკში საბერძნეთის მოქალაქე ქართველი ადვოკატი საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
- როდის მოხდა ეს ამბავი?
- დაახლოებით 3 თვის წინ. საბერძნეთში მცხოვრები ქართველობა ამის გამო შეშფოთებულია, ვინაიდან ბევრ არალეგალურად მყოფ ქართველს პრობლემები შეექმნა.
- რა პრობლემებზეა ლაპარაკი?
- საბერძნეთის მოქალაქე ქართველი ადვოკატი ქალბატონი ქართველ არალეგალებს საბუთების "გაპრავებაში" ეხმარებოდა. მისი ბინის ჩხრეკისას საბუთებიც ამოიღეს და როგორც ამბობენ, სამართალდამცავები ამ საბუთებს სწავლობენ. ბევრ არალეგალს შეეშინდა სალონიკში დარჩენა. ზოგი მათგანი სხვა ქვეყანაში გადასვლას ცდილობს, ზოგიერთი ქართველი საქართველოში ბრუნდება იმის შიშით, რომ დეპორტაცია არ შეეხოს და სხვა დროს საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები არ შეექმნას.
- ადვოკატის გარდა კიდევ ვინ დააკავეს?
- დაკავებულია ადვოკატის ძმა, ასევე ამ ქალბატონის საქართველოში დაბადებული, წარმოშობით ბერძენი მეუღლე. ამ საქმეზე დაკავებული იყვნენ საბერძნეთის სახელმწიფო უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადვოკატს საბუთების გაყალბებაში ეხმარებოდნენ, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. პრობლემები აქვს დაკავებული ადვოკატის შვილსაც. ჩემი ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ნარკოტიკების მომხმარებელი ყოფილა, ნარკოტიკების შესაძენი ფულის გამოძალვისას ბაბუასთან კონფლიქტი მოსვლია და მოხუცი მოუკლავს.
P.S. დავუკავშირდით სალონიკში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობას, სადაც ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს. "ვინაიდან დაკავებული პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მათი საკითხის გადაწყვეტა საბერძნეთის ხელისუფლების პრეროგატივაა. ეთნიკური წარმომავლობა კავშირში არ არის მოქალაქეობასთან. შესაბამისად, საბერძნეთის ხელისუფლება ვალდებული არ არის, საქართველოს მხარეს, ანუ საკონსულოს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენ ვიცით ამ ფაქტის შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ რაიმე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის", - აცხადებენ სალონიკის საკონსულოში.