"ვარ მარტო, ვარ დამოუკიდებელი, ვარ ქართველი და ვარ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი", - ამ სიტყვებით დაასრულა ჟურნალისტებთან საუბარი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ფოთში ყოფნისას, სადაც გაამხილა, რომ ფიქრობს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე. მანამდე კი ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული თანამდებობა შესთავაზა, თუმცა კონკრეტულად რა, ეს ხმამაღლა არ უთქვამს", სალომე ზურაბიშვილს საინტერესო წარსული აქვს.
ის ძალიან პრინციპული ქალია, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება... სალომე ზურაბიშვილი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი იქნება", - ეს ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა. მასმედია მაშინაც აქტიურად განიხილავდა ქალბატონი სალომეს მთავრობაში აღმოჩენის შესაძლებლობას, თუმცა იმჟამადაც საქართველოში ორიოდე დღით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის შესაძლო თანაგუნდელობაზე არაფერი თქვა. მოგვიანებით, ისევ ბიძინა ივანიშვილისგან შევიტყვეთ, რომ მან ზურაბიშვილს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მას შემდეგ კი, რაც აქტიურად დაიწყო კოალიცია "ქართული ოცნების" სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატების განხილვა, მათ შორის ძალიან ხშირად სახელდებოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ის არ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის რჩეული.
მაინც რა თანამდებობა შეიძლება შეეთავაზებინათ ქალბატონი სალომესთვის? - გავრცელებული ინფორმაციით, მას 2015 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციის სახელით თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭისყრა შესთავაზეს. თუმცა ეს, ცოტა არ იყოს, შორეული პერსპექტივაა, სალომე ზურაბიშვილი კი, როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურებას უკვე უახლოეს მომავალში გეგმავს. ის ბოლო ხანს სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად აქტიურობს, თითქმის არც ერთი პოლიტიკური პროცესი ქვეყნის შიგნით მისი ყურადღების მიღმა არ რჩება. აშკარაა, რომ ის ახალი ხელისუფლების მხარდამჭერია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ჯერჯერობით დამოუკიდებლად თამაშს ამჯობინებს და მისი ნათქვამიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი, სწორედ ამაზე მიუთითებს, მაგრამ აშკარაა, რომ სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამ არჩევნებზე ბევრი არაფრის იმედი უნდა ჰქონდეს. ცხადია, მისი მონაწილეობა უფრო კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს მომავალ არჩევნებს, თუმცა მხოლოდ ფასადურად, რადგან მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ცხადზე ცხადია, რომ ამ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი (ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს) გაიმარჯვებს. ზურაბიშვილის ამ არჩევნებში მონაწილეობა კი, შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ მზადება იყოს სწორედ თბილისის მერის არჩევნებისთვის, რომელშიც ქალბატონი სალომე კვლავაც დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსით, ოღონდ უკვე ივანიშვილის მხარდაჭერის იმედით მიიღებს მონაწილეობას.