უფლებადარღვეულები თუ უფლებადამრღვევები?

უფლებადარღვეულები თუ უფლებადამრღვევები?

ჰომოსექსუალები და ჰეტეროსექსუალები ერთმანეთს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც უკვე ცნობილია, 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "LGBT საქართველო" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ აქციის პარალელურად, საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებს ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი გაბედავა, თავის მხარდამჭერებთან ერთად და ამბობს, რომ გეებსა და მათ მხარდამჭერებს გარყვნილების პროპაგანდის საშუალებას არ მისცემს. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ მოქალაქეები ამ აქციაზე. ასევე საინტერესოდ მივიჩნიეთ, საკუთარი პოზიციების გამოხატვის საშუალება მიგვეცა, როგორც "LGBT საქართველოს" წარმომადგენლისთვის, ასევე - გიორგი გაბედავასთვის.

გია ლონდარიძე, სტუდენტი:
- ჩემი აზრით, გეების აღლუმის მოწყობა წარმოუდგენელი თავხედობაა. ჰომოფობი არ ვარ, გეებს ვიცნობ, მათ არაფერს ვერჩი. იცხოვრონ თავისთვის, რას გადაგვეკიდნენ თავიანთი აქციებით?! მაინც რას ითხოვენ, თანავუგრძნოთ? ეს უკვე მეტისმეტია.

მაია ზამბახიძე, დიასახლისი:
- აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას გეების საწინააღმდეგო აქციაში. ეს ხალხი ავადმყოფია და სხვების დაავადებაც უნდათ. დაგვანებონ თავი, ჩვენი შვილებისგან შორს დადგნენ, რას გვერჩიან, რატომ უნდათ სხვების გაუკუღმართებაც?

ნატა მარუაშვილი, პროგრამისტი:
- არ მესმის, რას ერჩიან ამ ხალხს. უნდათ და არიან კიდეც გეები, ვის რას ერჩიან?! მე მყავს მეგობრები არა მარტო გეები, ასევე - ლესბოსელები. ისინი თავიანთ ორიენტაციასა და სურვილებს თავს არ მახვევენ. ჩვენ უპრობლემოდ ვმეგობრობთ.

კობა ცხომელიძე, სამხედრო მოსამსახურე:
- არ მომწონს ეს გეები და არც პატივს ვცემ, რა ვქნა ახლა?! თუ რომელიმე მათგანი შებმას დამიპირებს, აუცილებლად ვცემ. მერე თუნდაც დამიჭირონ. ისე, წესით, არ უნდა დამიჭირონ - კაცი რომ შებმას დამიწყებს, ამით ჩემი უფლება ხომ ირღვევა?! ჰოდა, მეც თავდასაცავად, გავლახავ. თუ რომელიმე პოლიციელი ხელს მომკიდებს, ვიფიქრებ, რომ ისიც გეია. აბა, კაცი საკუთარი თავის დაცვისთვის როგორ უნდა დამიჭიროს?

მაკა არსოშვილი, მუსიკოსი:
- ბოლო დროს გეები ძალიან მოდურები გახდნენ. იმდენად დიდი პრივილეგიები აქვთ, რომ ზოგჯერ ჯანსაღი ადამიანებიც გეობას იბრალებენ. ერთ ფრანგულ ფილმს შეგახსენებთ, "ქამელეონი" ჰქვია. მამაკაცს სამსახურში პრობლემები შეექმნება, ისიც ადგება და დაიბრალებს, რომ ვითომ გეია. ამის მერე მისი პრობლემები უკვალოდ ქრება. ყველა მოკრძალებით ექცევა, ლამის ხელისგულზე ატარონ... არ მინდა, რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც გავრცელდეს. თავად გეები ამბობენ, რომ ავადმყოფები არ არიან, მაგრამ რა ვქნა, მე ეს ავადმყოფობად მიმაჩნია. არ არის ნორმალური, კაცს - კაცი, ქალს კი ქალი რომ იზიდავს. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება დამახინჯდეს ბავშვის ფსიქოლოგია, რომელიც ორ მამასთან ან ორ დედასთან გაიზრდება. ეს ხომ ნორმალური არ არის!

- ბატონო დავით, მაინც რა მოთხოვნით მართავთ აქციას?

დათო შუბლაძე, "LGBT საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:
- პირველ რიგში მინდა გითხრათ - არ არის სწორი, როდესაც ჩვენზე ამბობენ, რომ გეიაღლუმს ვმართავთ. ეს არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ყოველ წელს იმართება.

- ქართველი ჰომოსექსუალები რას მოითხოვენ?
- LGBT ადამიანები და მათი მხარდამჭერები ვაპროტესტებთ დისკრიმინაციას, რომელიც ხორციელდება ჰომოსექსუალების მიმართ ოჯახში, სამსახურსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც ჩანს, საჭიროა, ყველამ დაინახოს, რომ ეს ხალხი არსებობს და მათ უფლებებს ისევე უნდა დაცვა, როგორც სხვა მოქალაქეებს.

- შეგიძლიათ გვითხართ, რა ფორმით ირღვევა მათი უფლებები?
- თქვენ ალბათ არ ეცნობით იმ სიახლეებს, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს ამასთან დაკავშირებით.

- მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ ამას თქვენგან მოისმენს...
- თუ ადამიანი ჰომოსექსუალია, სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ითხოვენ, უარს ეუბნებიან სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგალითად - საავადმყოფოში მომსახურებაზე, ასევე აკრძალული აქვთ სისხლის გაცემა. ჰომოსექსუალი გათანაბრებულია პროსტიტუტთან, ნარკოდამოკიდებულთან და სხვა რისკ-ჯგუფის მატარებელ ადამიანთან. ნუთუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ LGBT ადამიანმა ხმა ამოიღოს და თქვას, - მე არ უნდა მჩაგრავდეს სახელმწიფო და ხალხი!

- რატომ არის აუცილებელი, ჰომოსექსუალმა ხმამაღლა ისაუბროს თავის ორიენტაციაზე და სხვა აიძულოს, პატივი სცეს მისი ცხოვრების წესს? ესეც ერთგვარი ძალადობა ხომ არ არის?
- რატომ არის ძალადობა? კონსტიტუციის მე-14 მუხლში წერია, რომ ყველა მოქალაქე, ორიენტაციის მიუხედავად, თანასწორია. კანონი საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას ყველას თანაბრად აძლევს. რაც შეეხება ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბარს: თუ ასი კაცი შეთანხმდება იმაზე, რომ მე მახინჯი ვარ, გამოვალ და ვიტყვი, რომ მახინჯი არ ვარ.

- მშობლები შიშობენ, რომ შესაძლოა, ჰომოსექსუალიზმი მათი შვილებისთვის მისაბაძი გახდეს...
- ყველას ვთხოვ, შეეშვას იმაზე აპელირებას, ვითომ ჰომოსექსუალები თავიანთ ორიენტაციას ვინმეს თავს ახვევენ. გაუგებარია, როგორ შეიძლება ბავშვს თავს მოახვიო ის, რაც მას არ მოსწონს? შეუძლებელია, ადამიანს ხელოვნურად შეუცვალო ორიენტაცია. თუ გახსოვთ, შარშანდელ აქციაზე არავის უთქვამს, - გეი ვარ და დამიცავითო. მათ ტრანსპარანტებზე ეწერა, - მე მაქვს უფლებები და მე უნდა დავიცვა ის.

- გეები ხშირად ამბობენ, რომ მათ ორიენტაცია მას შემდეგ შეიცვალეს, რაც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ...
- ვინც ამას ამბობს, აკადემიური განათლება არა აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ადამიანი პოპულარობის მოსაპოვებლად ზღაპრებს ჰყვება. თუ მოზარდზე ძალა იხმარეს და მას ეს არ მოეწონა, ამის გაგრძელების სურვილი აღარ ექნება.

- ჰომოსექსუალიზმი გადახრაა თუ ავადმყოფობა?
- ჰომოსექსუალიზმს გადახრას ან ავადმყოფობას გონებადახშული ადამიანები უწოდებენ, რომლებსაც აკადემიური და სამედიცინო განათლება არ აქვთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი 1991 წელს ამოიღო დაავადებათა რეესტრიდან.

- ორგანიზაცია "LGBT საქართველოს" წარმომადგენლები გეები არიან თუ უბრალოდ მათი მხარდამჭერები?
- ჩვენს ორგანიზაციაში უმრავლესობა ჰეტეროსექსუალია, რომელიც სოლიდარულად არის განწყობილი ჰომოსექსუალებისადმი.

- თქვენ ამბობთ, რომ ჰომოსექსუალიზმი არც გადახრაა და არც ავადმყოფობა...
- მე არა, ამას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს...

- და თქვენ იზიარებთ...
- დიახ, ასეა.

- თქვენ რომ გკითხოთ, ხართ თუ არა გეი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობთ?
- არა, რატომ? ეს ჩვეულებრივი კითხვაა, მაგრამ ადამიანმა თავის თავს ასეთი კითხვის დასმის უფლება არ უნდა მისცეს. ეს არავის საქმე არ არის. თუ გეებს იცავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც გეი ხარ... ცხოველთა უფლებებს თუ იცავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველი ხარ?

- თქვენი შვილის შესახებ თუ შეიტყობთ, რომ გეი ან ლესბოსელია, რას მოიმოქმედებთ?
- არაფერს. ჩემი შვილი მეყვარება არა ორიენტაციის გამო, არამედ იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია.

- იმის გამო, რომ ჰომოსექსუალების უფლებებს იცავთ, თქვენი უფლება თუ დარღვეულა?
- კი, ძალიან ხშირად. ჩემი უფლება დარღვეულა როგორც სახელმწიფოს, ისე რიგითი ადამიანების მხრიდან.

- სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უფლება რა ფორმით ირღვევა?
- როდესაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ვსაუბრობ ან უსაფრთხო სექსის საშუალებებს ვარიგებ, პოლიცია შეურაცხყოფას მაყენებს და ზოგჯერ მაპატიმრებს კიდეც.

- ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჰომოსექსუალებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეთ?

გიორგი გაბედავა:
- ამ ადამიანებს ლოგინში არ ვუვარდებით, მაგრამ არც გარყვნილების პროპაგანდის უფლებას მივცემთ. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვატარებ აქციას ლოზუნგით - "დაიცავი ზნეობა!" ჩვენ ვამბობთ, რომ გეიაღლუმი არის გარყვნილების პროპაგანდა და არა - ვინმეს უფლებების დაცვა. ორგანიზაციას, რომელიც ჰომოსექსუალებს იცავს, უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ. ამის შესახებ თავად "LGBT საქართველოს" წარმომადგენელმა თქვა...

- ფიქრობთ, რომ თუ ვინმე ჰომოსექსუალებზე ძალადობს და მათ დისკრიმინაციას ახდენს, ისინი არ უნდა დავიცვათ?
- "LGBT საქართველოს" წარმომადგენლები იტყუებიან, რომ მათი უფლებები ირღვევა. ეს ხალხი თავიანთი უფლებების დარღვევაზე რომ ლაპარაკობს, ჩვენი, როგორც გეები გვეძახიან - ჰეტეროსექსუალების უფლება არ ირღვევა, ქუჩაში კაცების კოცნას რომ გვაყურებინებენ? რა მაგალითია ეს ბავშვებისთვის?!

- თქვენ ამბობთ, ჰომოსექსუალების უფლებები არ ირღვევა, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ უმიზეზოდ ათავისუფლებენ სამსახურიდან და სამედიცინო დაწესებულებებში დახმარებას არ უწევენ.
- ტყუილია. მე გეი არ ვარ, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლეს სამსახურიდან. 3 წელი პოლიტიკური ნიშნით ვიყავი დაპატიმრებული, მაგრამ არც ერთ ამ ორგანიზაციას, რომლებიც ახლა გეების უფლებებისთვის იბრძვის, ხმა არ ამოუღია. მათ არც ციხეებში მამაკაცების გაუპატიურების ფაქტები გაუპროტესტებიათ. უფრო მეტიც, 19 აპრილის აქციაზე გამოვიდნენ. ე.ი. ეს ხალხი მხარს უჭერს ადამიანის წამებას, ცემას, გაუპატიურებას...

- ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება...
- კი, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ძალადობის მხარდაჭერისა და გარყვნილების პროპაგანდის უფლება არავის აქვს.

- კი, მაგრამ ისინი არც "ნაციონალებს" მიიჩნევენ მოძალადეებად და არც ჰომოსექსუალიზმს - გარყვნილებად.
- არც პედოფილი მიიჩნევს თავს გარყვნილად...

- პედოფილია ნამდვილად ავადმყოფობა და გადახრაა, მაგრამ ჰომოსექსუალიზმი - არა...
- წლების წინ ჰომოსექსუალობაც დაავადებად ითვლებოდა. სამწუხაროა, რომ ეს გადახრა რამდენიმე წლის წინ ამოიღეს დაავადებების სიიდან. ისე, სულ არ მაინტერესებს, საზღვარგარეთიდან დაფინანსებული უფლებადამცველი რას ფიქრობს, მე გეების აღლუმს სწორად მცხოვრები მოქალაქის უფლების დარღვევად მივიჩნევ.

- არის თუ არა ჰომოსექსუალების უფლებების დარღვევა, როდესაც მათ ქუჩაში ფიზიკურად უსწორდებიან?
- ეს მათ არ უნდა გაუკვირდეთ. ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ქართველი კაცისთვის გეების ყურება ძნელი ასატანია.

- როგორც უფლებადამცველს, ჰომოსექსუალმა დახმარებისთვის რომ მოგმართოთ, არ დაიცავთ?
- არა. მე ვიცავ ჩემს მომავალ თაობას. თქვენ თუ აკვირდებით, როგორ პროვოკაციაზე მიდიან: აქციას იმ ადგილზე მართავენ, სადაც 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ზნეობისა და ტრადიციის გადასარჩენად სისხლი დაღვარა!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მათ ლოგინში არავინ უვარდება, არც სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, პირიქით, ყველაზე მეტად ეგენი არიან დასაქმებულნი და მაღალ ხელფასებსაც იღებენ. იყვნენ თავიანთვის, ინტრიგანობასა და გარყვნილების პროპაგანდას თავი დაანებონ.

- ბევრი მხარდამჭერი გყავთ?
- ძალიან ბევრი. აქციაზე თბილისში არსებული თითქმის ყველა ტაძრის მოძღვარი გამოვა თავისი მრევლით. ჩვენ გვერდით არიან ასევე, რიგითი თბილისელებიც.