ბოლო დღეების აჟიოტაჟმა, რომელიც სასურსათო ბაზარზე შეინიშნებოდა, მოსახლეობა ნაწილობრივ პანიკაში ჩააგდო. ერთი მხრივ, ომის საშიშროებამ, მეორე მხრივ კი, ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ მომხმარებელზე ძალიან ცუდად იმოქმედა და ბაზრობებსა თუ სავაჭრო ქსელებში რიგები გაჩნდა. ამ დროს კი გაირკვა, რომ ქვეყანაში თუნდაც რომელიმე პროდუქციის დეფიციტის არანაირი საფრთხე არ არსებობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოთარ შამუგიას თქმით, უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება.
„დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
სურსათით მომარაგების საკითხში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ იმპორტიორები. საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები შეინიშნებოდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.
„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდათ დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, - განაცხადა ჭყონიამ.
იგივე მოსაზრებისაა „რიტეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძეც. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა, რისი საფუძველი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროსაც იყო პანიკა, თუმცა ისეთ მასშტაბებს ახლა ადგილი არ აქვს.
„სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვა გაზრდილია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო, რათა გადავიაროთ ეს ტალღა და დეფიციტი არ გვქონდეს ბაზარზე. ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას, რადგან ბაზარზე შეიქმნება ხელოვნური დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დახლზე პროდუქტი არ დახვდებათ, ხოლო მოთხოვნის გაზრდა გამოიწვეს ფასის ხელოვნურ ზრდას.
არც ერთი პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. იმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგი საკმარისია. გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა მომწოდებლებთან, რომ პროდუქციის დეფიციტი არ გაჩნდეს. პანიკის საფუძველი არ არის, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად“, - განუცხადა „ბიემს“ მანჯგალაძემ.
იმპორტიორები აცხადებენ, რომ შაქრის, მარილის და ზეთის მინიმუმ თვენახევრის მარაგი აქვთ. თუმცა სიტუაცია ამძაფრებს ისიც, რომ უკრაინამ 7 დასახელების პროდუქტის ესქპორტი აკრძალა. მთავრობამ ჭვავის, ქერის, წიწიბურას, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი 2022 წლის ბოლომდე შეაჩერა. ამის შესახებ დადგენილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 9 მარტს მიიღო.
საინტერესოა ამ 7 პროდუქტიდან რა შემოდიოდა საქართვულოში და რა მოცულობის იმპორტი ხორციელდებოდა საერთო ჯამში?
შარშან უკრაინიდან ცალკე ჭვავის იმპორტი არ განხორციელებულა. რაც შეეხება წიწიბურას, ფეტვს და სხვა მარცვლეულის იმპორტს, 8.32 ტონა შეადგინა, რაც 46.08 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტია;
შაქრის იმპორტმა 41,79 ტონა და 76,49 ათასი დოლარი შეადგინა;
ამასთან, 2021 წელს ქვეყანაში შემოვიდა 1 278 740 აშშ დოლარის ღირებულების 10 069 ტონა მარილი;
რაც შეეხება ხორცს, შარშან უკრაინიდან საქართველოში შემოვიდა 88,05 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 26 ტონა ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული, 7 476 570 დოლარის 2 274 ტონა გაყინული ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და 476,23 ათასი დოლარის ღირებულების 189 ტონა ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული.