ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია.
საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, ნატო-ს ავღანური სარდლობის გადაწყვეტილებით, ქართული ბაზების გარდა დროშები დაეშვა „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ბაზა „ლეზერნიკზე“, ტაქტიკური დაჯგუფება „ფენიქსის“ ბაზაზე, ფრანგულ ბაზა „ვეარჰაუსზე“, ISAF-ის გაერთიანებული მართვის ცენტრში, ISAF-ის შტაბბინასა და კოალიციური ძალების დანარჩენ ბაზებზე.
13 მაისს ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული IV ქვეითი ბრიგადის სამხედროები, სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს.