საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა, რუსეთი უკრაინაში ფაქტობრივად, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. შეექმნება თუ არა საფრთხე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ხორბლის რა მარაგებია საქართველოში? ფაქტია, რომ უკრაინიდან ტვირთების მოწოდება თითქმის შეჩერებულია, რუსეთის მიმართულებით ჯერ პრობლემები არ არის, მაგრამ ჩრდილოელი მეზობლის ნდობა არასდროს შეიძლება. რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს აკრძალოს საქონლის ექსპორტი ან ჩაკეტოს საზღვარი.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ხორბლის 1 თვის მარაგი გააჩნია მაშინ, როცა ხორბლის ფქვილით იმპორტის ჩანაცვლებამდე ქვეყანაში მინიმუმ 2 თვის მარაგი არსებობდა.
„უკრაინაში შეჭრამდეც, აკვატორია ფაქტობრივად, მთლიანად რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული. იგივე სიტუაციაა დღესაც და 153 გემია გაჩერებული, მათ შორის რუსეთის და უკრაინის პორტებში, რომლებსაც ხორბალი გადააქვთ. იქ არის ჩვენი ერთი გემი, ბათუმის წისქვილკომბინატის. რაც შეეხება დანარჩენ ორ საავტომობილო და სარკინიგზო გზას, ლარსიდან შეუფერხებლად მოდის და რკინიგზითაც შეიძლება შემოტანა, თუმცა ამ გზით ხორბალი არ შემოდის, მხოლოდ შემოდის ფქვილი.
სამწუხაროდ, დგას გადარიცხვების პრობლემაც. რუსეთში გადარიცხვა შეუძლებელია და ეს ბაზარს მნიშვნელოვანად შეეტყობა. არის ყაზახეთის გზა, რომლითაც სარგებლობა შეიძლება, მაგრამ ეს გაზრდის ფასს. ასევე, თურქეთიდან, ბათუმისა და ახალციხის საბაჟოებიდან შეიძლება ფქვილის შემოტანა და ესეც უფრო ძვირია.
რაც შეეხება მარაგებს, ხორბლის იმპორტის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლებამ შექმნა პრობლემა. ხორბლის მარაგი ამ ეტაპზე 1 თვის სამყოფია, როცა ადრე მუდმივად იყო 2 თვეზე მეტის მარაგები. დღესაც გვქონდა საუბარი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ვთხოვეთ შეხვედრა. ორიენტირი იქნება საკითხის გარკვევა, შემოვიტანოთ, თუ არა ხორბალი“, - განაცხადა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.
ბიზნესმენებისაგან განსხვავებით იმედიანადაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნის სურსათით მომარაგების საკითხზე გააკეთა კომენტარი.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა იმპორტიორებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან. ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება სურსათით მომარაგების კუთხით არ არსებობს. არის შეფერხება უკრაინასთან ვაჭრობის მიმართულებით, თუმცა ეს საკითხი იმგვარად არის დარეგულირებული, რომ დღეს ქვეყანაში, არც ერთი კვების პროდუქტის, მათ შორის, პირველადი მოხმარების, მომარაგის პრობლემა არ არის. მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით იმპორტიორებთან და საჭიროების შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ხორბლის მარაგის თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს, ასევე შემოდის ფქვილი და ამ მიმართულებითაც შეფერხება არ არის.
„რაც შეხება ფქვილის და ხორბლის ფასებს, გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან. ვართ წინადადებების განხილვის პროცესში. საბოლოოდ, ერთობლივად შევთანხმდებით თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ ამ მიმართულებით. მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის და სექტორისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.