"ვინ მოკლა ამერიკელი მზვერავი საქართველოში?"

"გასულ კვირას "ნიუ-იორკ თაიმსმა" მოულოდნელი, შეიძლება ითქვას, სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაზეთი საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სტრასბურგში ყოფნისას მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება 20 წლის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცრის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას აპირებს. 2013 წლის 8 აგვისტოს 20 წელი შესრულდება ამერიკელი დიპლომატისა და მზვერავის ფრედ ვუდროფის მკვლელობიდან. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელი მკვლელობების გრძელი ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (10 მაისი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "ვინ მოკლა ამერიკელი მზვერავი საქართველოში?".

"ფრედერიკ რასელ ვუდროფი (1947წ. 14.01 - 1993წ. 8.08) დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქ სერსიში. ვუდროფი 1971 წლიდან მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. იცოდა რამდენიმე უცხო ენა, მათ შორის - რუსულიც. ფრედი, ისევე როგორც ბევრი ამერიკელი მზვერავი, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კონტრდაზვერვიდან, ანუ გამოძიების ფედერალური ბიუროდან 30 წლის ასაკში მივიდა. ამ დროისთვის ის უკვე გფბ-ის გამოცდილი სპეციალური აგენტი იყო, რომელმაც ნარკომაფიასა და ტერორიზმთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა. 1978 წლიდან სახელმწიფო დეპარტამენტის შტატში ირიცხება და სადაზვერვო მისიას ასრულებს. დიპლომატის საფარქვეშ მუშაობდა ანკარაში, ადის-აბებაში, ხარტუმსა და ლენინგრადში. მისი მეუღლე მერედიტი მსახურობდა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში და 2003 წელს თადარიგში გავიდა. დარჩა ქალიშვილი. იგი დაკრძალულია ვაშინგტონში, არლინგტონის მემორიალის სასაფლაოზე. ვუდროფისთვის საქართველოში მივლინება დაწინაურება იყო - ის ოპერატიული დირექტორატის კასპიის დეპარტამენტის საქართველოს სექტორის უფროსად დაინიშნა. აშშ-ის საელჩოში კი პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლად ირიცხებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოში კვლავ ძალზე ძლიერი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის, მაშინ უკვე რუსეთის, სპეცსამსახურების (კა-გე-ბე და გე-ერ-უს) პოზიციები. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, შეიარაღებული ძალები და სპეცსამსახურები მათი აგენტურით იყო გადავსებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი უკვე მოსკოვის დავალებით ერთმანეთის საიმედოობას აკონტროლებდნენ. ამავე დროს იყო ძალზე მძაფრი ფარული დაპირისპირება - რუსეთის საგარეო დაზვერვის, სამხედრო დაზვერვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეფ-ეს-ბეს ქართველ აგენტებს შორის. ყველა ცდილობდა კრემლისთვის კონკურენტზე მეტად მოეწონებინა თავი და საქართველოში უფრო მაღალი პოსტი "დაეთრია". ასე რომ, ვუდროფი საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა - რუს იმპერიალისტებსა და აფხაზ სეპარატისტებთან ომს, ადგილობრივი ფინანსური წურბლების მიერ ორგანიზებული და ჭიაკოკონასავით გაჩაღებული ინფლაცია, კუპონის კატასტროფული გაუფასურება და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაემატა. ქვეყანაში შეიარაღებული ბანდები დაძრწოდნენ. საქართველო კრიმინალურ ქაოსს მოეცვა. ამიტომ ვუდროფის მისია არ ჰგავდა გასეირნებას უცნობ, ეგზოტიკურ ქვეყანაში. სამწუხაროდ, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, ფრედმა სრულად ვერ გაითვალისწინა არსებული საფრთხე და ვერც ქართველმა კოლეგებმა შეძლეს მისი გადარჩენა", - წერს სტატიის ავტორი.

"ვუდროფის მკვლელობა ერთი კვირა მსოფლიოს მთავარი სენსაცია იყო - ამერიკის და ევროპის მასმედიაში დაწვრილებით შუქდებოდა მკვლელობის დეტალები. მთავარი სკანდალური გარემოება, რომელიც მეორე დღესვე ცნობილი გახდა, იყო ის, რომ ამერიკელი დიპლომატი სინამდვილეში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) გამოცდილი თანამშრომელი აღმოჩნდა, ხოლო მკვლელობა საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსის, ელდარ გოგოლაძის მანქანაში მოხდა. სწორედ ამ ორი გარემოების გამო, ვერსია, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი მზვერავი მთვრალი ჯარისკაცის მიერ შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, ეჭვს იწვევდა. დამკვიდრებულია შეხედულება, რომ სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, მით უფრო ამერიკელი და რუსი მზვერავები (ან მათი აგენტები), უბედური შემთხვევის გამო არ იღუპებიან. მათ ყოველთვის ვიღაც "ეხმარება", - წერს გამოცემა.

"აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს განიხილავდა როგორც სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობის პლაცდარმს. ყოველივე ამის შედეგად კი "ჩრდილოელი დათვი" დაკარგავდა ამ ქვეყნებზე ზემოქმედების მძლავრ ბერკეტს, კრემლი კი ამას ვერ დაუშვებდა. რუსეთის სპეცსამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი რიგითი ამერიკელის ბუნება და იციან, რომ ისე არაფერი აღიზიანებს პატრიოტ ამერიკელს, როგორც მშვიდობიან პერიოდში ცხრა მთას იქით თანამემამულის (მით უფრო დიპლომატისა და მზვერავის) მკვლელობა. ყველამ იცის, რომ ამერიკელი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს იმ პოლიტიკურ პარტიასა და ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს ვერ დაიცავს. ამიტომაც საჭირო იყო "საჩვენებელი მკვლელობა", რათა ამერიკელებს ცხვირი აღარ შემოეყოთ რუსეთის ეროვნული ინტერესების ზონაში. ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ ამ მკვლელობის შემდეგ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ბევრი უკვე სკეპტიკურად უყურებდა და მიუღებლად თვლიდა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვას. მათ საფიქრალი და საზრუნავი ევროპაშიც ბევრი ჰქონდათ, - ყოფილი იუგოსლავია ცეცხლის ალში იყო გახვეული და საქართველო, რომლის არსებობა ბევრმა ამერიკელმა არ იცოდა და სადაც ამერიკელ დიპლომატებს მთვრალი ჯარისკაცები ხოცავენ, უკვე ზედმეტი თავსატეხი და არასასურველი რისკის ზონა აღმოჩნდა. ასევე ფიქრობდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებიც. ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალეს ჩვენი ქვეყნისთვის დახმარება მხოლოდ საფინანსო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. საერთაშორისო სკანდალის შემდეგ, რაც ამ მკვლელობას მოჰყვა, ბევრი ჩვენი მეგობარი დაფრთხა და ფაქტობრივად, საქართველო კვლავ რუსეთს დაუტოვეს საჯიჯგნად. მტერსაც სწორედ ეს უნდოდა", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ვუდროფის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა მისი ინფორმირებულობაც გახდა. ის თითქმის 30 წელი კონტრდაზვერვასა და დაზვერვაში მუშაობდა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამიტომაც მან სწრაფადვე გაშიფრა საქართველოს ხელისუფლებაში (უპირველესად კი, უშიშროებაში, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, პროკურატურასა და მინისტრთა საბჭოში) ლაღად მოქმედი რუსეთის აგენტურა, რაც საბოლოოდ მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ათასობით კილომეტრიდან ჩვენს დასახმარებლად ჩამოსული კაცი მალევე მიხვდა, რომ ყველა საიდუმლო სამხედრო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება (უპირველესად აფხაზეთთან დაკავშირებული) წინასწარ იყო გაყიდული. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროს სხვადასხვა სტრუქტურაში ჩვენდა საბედნიეროდ მუშაობდა პატრიოტი და პროფესიონალი ხალხიც, რომლებთანაც ერთად ვუდროფი მალე გაერკვა რეალურ სიტუაციაში. მისდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად რუსეთის აგენტურა მართავდა. რუსეთის "მეხუთე კოლონა" ყველა სფეროში იყო ფეხმოკიდებული. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია (კონკრეტული გვარების მითითებით) ვუდროფმა თბილისში ჩამოსულ ცსს-ს მაღალჩინოსანსა და მრავალი წლის ნაცნობ ოლდრიჩ ეიმსს გაანდო. საფიქრებელია, რომ ეს არაფორმალურ ვითარებაში მოხდა, რადგანაც იმ დროს ვუდროფი ეიმსის საკურატორო სფეროში (ნარკოტრანზიტთან ბრძოლა) მხოლოდ ნაწილობრივ შედიოდა. ასეა თუ ისე, ეიმსი სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გაეცნო. წარმოიდგინეთ რუსეთის აგენტის შეშფოთება - ვუდროფის მუშაობა დიდ საფრთხეს უქმნიდა მისი პატრონისა და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს და აგენტურულ ქსელს. სავარაუდოა, რომ ეიმსმა თბილისშივე გადასცა რუსეთის საგარეო დაზვერვას (ვისთანაც იყო ოპერატიულ კავშირზე) ეს ინფორმაცია. ვუდროფის მოცილება მოსკოვში დაიგეგმა, სცენარი იქ დაიწერა, შემსრულებლები კი საქართველოში იყვნენ", - განმარტავს სტატიის ავტორი.

"1993 წლის გვიან შემოდგომაზე თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე ამერიკის დაზვერვის ეგიდით ჩატარდა ნარკოტიკების ტრანზიტის წინააღმდეგ მიმართული შავი ზღვის აუზის ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ამერიკის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოლდრიჩ ეიმსი იყო. საინტერესოა, რომ ეს კონფერენცია თბილისში უნდა გამართულიყო და ეიმსი ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად 1993 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა. ის შევარდნაძესა და საქართველოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ორმა ამერიკელმა - ეიმსმა და ვუდროფმა პიკნიკი მოაწყვეს ბუნებაში, ყაზბეგთან ახლოს. ვუდროფის საყვარელ ადგილას - ანანურის ციხესთან დიდხანს შეჩერდნენ და ფოტოსურათები გადაიღეს. ისინი 70-იანი წლების ბოლოდან იცნობდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იმავე გზაზე ფრედ ვუდროფს მოკლავენ. დამთხვევაა? საეჭვოა... ამერიკელი მზვერავი ვაშინგტონში ცხოვრობდა და საქართველოში ერთ-ორი თვით ჩამოდიოდა. ისიცაა ცნობილი, რომ ვუდროფი 1993 წლის შემოდგომაზე საბოლოოდ უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში და დაწინაურება ელოდა. ფაქტია, რომ 1993 წლის ზაფხულში საქართველოში ყოფნისას მან გაცილებით დიდი საიდუმლო შეიტყო (ან ეჭვი გაუჩნდა), ვიდრე ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ნარკოტიკების ტრანზიტული გზებია. მისი სიცოცხლე აშკარა საფრთხეს უქმნიდა ვიღაცას. ამიტომაც გადაწყდა სასწრაფოდ ვუდროფის ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება. ჩვენი ვარაუდით, ვუდროფის მკვლელობის გადაწყვეტილება მოსკოვში სწრაფად მიიღეს და ლიკვიდაციის გეგმის შესამუშავებლად საქართველოში სპეცჯგუფი მოავლინეს. რუსეთის რომელი უწყება იდგა ამ ოპერაციის უკან? სავარაუდოდ, ეს იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ან რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო. შესაძლებელია რუსეთის ორივე სპეცსამსახური ერთობლივადაც მოქმედებდა. ორივეს საქართველოში დიდი დასაყრდენი ძალა ჰყავდა. განსაკუთრებით კი სპეცსამსახურებსა და ძალოვან უწყებებში", - ამბობს სტატიის ავტორი.

"საქართველოში ძალზე სერიოზული და მრავალმხრივი მიზნით ჩამოსული მაღალი რანგის ოპერატიული თანამშრომლის ბრმა ტყვიით შემთხვევითი მკვლელობა თავიდანვე დაუჯერებელი ჩანდა. ბევრი ექსპერტი და ჟურნალისტი მკვლელობაში ბრალდებულ და 18 წლის მანძილზე ციხეში მყოფ ანზორ შარმაიძეს ამჟამადაც უდანაშაულოდ მიიჩნევს. მათი აზრით, გამოძიების პროცესში ბევრი საყურადღებო ფაქტი და დეტალი გაყალბდა ან უბრალოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა მხედველობაში არ მიიღეს. უნდა ვაღიაროთ, რომ მართლაც ბევრ ლოგიკურ კითხვაზე დღემდე არაა დამაჯერებელი პასუხი გაცემული. თუნდაც, რომელ საათზე მოხდა მკვლელობა? რატომ განვითარდა გვამის სწრაფი გაშეშება? რატომ ვერ იპოვა თავიდანვე ამერიკელმა ექსპერტმა ტყვიის გულას კვალი "ნივაში"? რატომ არ აღმოჩნდა გულას ფრაგმენტი არც ვუდროფის სხეულში და არც ავტომობილის სალონში? რა ტრაექტორიით და რა მანძილიდან ისროლეს? რატომ არ ამოიღეს მკვლელობის მოწმეების ტანსაცმელი? რატომ განსხვავდება მკვლელობის მოწმეების ჩვენებები აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტების დასკვნისგან? როგორ მოხვდა მიდევნებული ტყვია კეფაში ვუდროფს, თუ ის შემოტრიალებული იყო და იარაღიანი ხალხისკენ იყურებოდა? ასე რომ, ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმეში ბევრ კითხვას მოწმეთა არეული ჩვენებები და ბალისტიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები იწვევს", - განაგრძობს გამოცემა.

"ვუდროფის საქმის გამოძიება თეთრი ძაფითაა შეკერილი, ხოლო თავად მკვლელობა ნაჩქარევად დაგეგმილისა და ჩატარებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. დღემდე აუხსნელია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მისი ხელისუფლების დასახმარებლად ათასობით კილომეტრიდან ჩამოსული კაცის მკვლელობის საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და აშკარა შეუსაბამო და გაყალბებული "მტკიცებულებები" დაიჯერა. გასაოცარია, მკვლელობიდან სულ ერთი დღე იყო გასული, გამოძიება ფაქტობრივად არც კი დაწყებულიყო, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა მიითვისა გამოძიებისა და სასამართლოს პრეროგატივა და მკვლელობას "ბრმა შემთხვევის" კვალიფიკაცია მისცა. რა სახისა და ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ეყრდნობოდა შევარდნაძე, როდესაც მკვლელობის გამოძიებას თავიდანვე ასეთი მიმართულება მისცა? გააზრებული ჰქონდა თუ არა მაშინ "თეთრ მელას", რომ ამ ორი სიტყვით - "ბრმა შემთხვევა" დამნაშავეებს ხელს აფარებდა და ვიღაც, სრულიად უდანაშაულო პირს ხანგრძლივი პატიმრობისთვის წირავდა? შევარდნაძის "ჯიბის" პროკურორებისთვის და მინისტრებისთვის ეს იყო პირდაპირი ბრძანება და მათაც ყველაფერი უნდა ეღონათ, რომ შევარდნაძის შეკვეთა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მცირე, უმუშევრობა ემუქრებოდათ", - ხაზგასმით აღნიშნავს გამოცემა.

"კიდევ უფრო გასაოცარია, როცა საქართველოს მომდევნო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვუდროფის მკვლელობის საქმის გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამერიკელმა ადვოკატმა მაიკლ ფულარამ და ანზორ შარმაიძის ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალ გარემოებათა გამო საქმის ხელახალი გამოძიების შუამდგომლობა შეიტანეს, მაგრამ გენერალური პროკურატურა სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. ბევრის მანიშნებელი იყო 2004 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამართული პრესკონფერენცია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს `ვუდროფის საქმის~ ხელახალი გამოძიების დაწყება მაიკლ ფულარამ საჯაროდ სთხოვა, რასაც სააკაშვილის გაავებული პასუხი მოჰყვა, ჩვენ თვითონ ვიცით, რა გამოვიძიოთ და რა არაო. თუმცა 2005 წლის 22 იანვარის ბოლოს საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა ამ საქმის გამოძიების განახლება სთხოვა (!) საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს. 2006 წლის აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გენერალურ პროკურატურაში ანზორ შარმაიძის ბრალდების მთავარი მოწმეები დაჰკითხეს, თუმცა შედეგი დღემდე უცნობია. გამოძიების თვალის დახუჭვა ბევრ, აშკარა შეუსაბამობასა და წინააღმდეგობაზე, გენპროკურატურის შეუვალი პოზიცია, რაც 2012 წლამდე გრძელდებოდა, გვაძლევს იმის უფლებას, რომ განვაცხადოთ, _ გაურკვეველი მიზეზების გამო, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრს არ სურდა სიმართლის დადგენა. საგამოძიებო მასალების ანალიზმა და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებმა დაგვარწმუნა, რომ ფრედ ვუდროფის მკვლელობის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში კანონის უამრავი დარღვევაა. რაც მთავარია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ანზორ შარმაიძეს ბრალეულობა ობიექტური გამოძიებით არ იქნა დადგენილი. მიზეზთა გამო შარმაიძე აღმოჩნდა ის "დამნაშავე", რომელიც ყველას აძლევდა ხელს", - დასძენს სტატიის ავტორი.