"მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი პრეზიდენტია "ნაციონალთა" რიგებიდან"

"საქართველოს პირველი პირი, უფლებამოსილების მიხედვით, უნდა იყოს ყველა შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და როგორც ვიცი, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მომავალში პრემიერს პრეზიდენტზე გაცილებით მეტი უფლებამოსილებები ექნება, ანუ ბიძინა ივანიშვილი კვლავ პირველ პირად რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, ქართველი საზოგადოება ნდობას იმ კანდიდატს გამოუცხადებს, ვინც ბატონმა ბიძინამ დაასახელა. რადგან მან ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ბატონ გიორგი მარგველაშვილს დააკისრა, როგორც ჩანს, მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. ჩვენც წარმატებები ვუსურვოთ", - აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გეია თუ რაღაც ჯანდაბა, უნდა მიხვდეს, რომ ეს საქართველოა!".

"სწორედ პოლიტიკაში დიდხანს არდარჩენის განცხადების გამო, ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა გავაკრიტიკე. არ მესმის, რას ნიშნავს, პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს? ხალხმა ის უკეთესი მომავლის იმედით აირჩია და ამ იმედის გამართლებას ორი წელი არ ეყოფა. მგონი, უკვე თვითონაც ხვდება, რომ ამ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანას არც ორი და არც ოთხი წელი არ ეყოფა. ბიძინა ის კაცი არ არის, ხალხს შუა გზაში უღალატოს, მე მისი იმედი მაქვს. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებითაც გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება სიმბოლური პრეზიდენტი. მთავარია, მართვის ბერკეტები ივანიშვილის ხელში იყოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

"დარწმუნებული ვარ, "ნაციონალების" კანდიდატს შანსი არ ექნება. მითუმეტეს, ბარამიძეს და მერაბიშვილს. ქართველ ხალხს ასეთი მოკლე მეხსიერება არა აქვს, რომ პრეზიდენტად მერაბიშვილი, ბარამიძე ან "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე სხვა წევრი აირჩიოს. მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი პრეზიდენტია "ნაციონალთა" რიგებიდან. ისე კი, მიკვირს, საპრეზიდენტო კანდიდატზე ფიქრისთვის რომ სცალიათ, რადგან სასამართლოების შესახებ ახალი კანონი მალე ძალაში შევა, რაც ერთ-ერთი გარანტია იქნება იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენის სრულფასოვანი პროცესი დაიწყება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნაციონალებისთვის" ყველაზე მძიმე სასჯელი იქნება არა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, არამედ ის, თუ რა განაჩენს გამოუტანს მათ საზოგადოება, როგორი იქნება მათი ადგილი ამ საზოგადოებაში პოლიტიკური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, რაც, უდავოა, მალე მოხდება. გულწრფელად გეტყვით, სააკაშვილი მეცოდება! როცა სააკაშვილი პრეზიდენტობას დაასრულებს, მისთვის ქუჩაში გამოსვლაც კი უხერხული იქნება! დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ისეთი არაფერი დამიშავებია, ხალხში გასვლის შემშინებოდა. მახსოვს, რევოლუციის მესამე დღეს კანცელარიაში მივედი თანამშრომლებთან დასამშვიდობებლად, როდესაც უკან ვბრუნდებოდი, მანქანიდან დავინახე, კანცელარიის წინ მოედანი სავეს იყო მოქალაქეებით და ჟურნალისტებით. შემეძლო, მათთვის უბრალოდ ხელი დამექნია და წავსულიყავი, მაგრამ ეს არ გავაკეთე. იმდენად ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ შემეძლო, ამ ხალხისთვის თვალებში უშიშრად ჩამეხედა, გავაჩერებინე მანქანა და დაცვის გარეშე მივედი მათთან. შემომეხვივნენ ჟურნალისტები და, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამი დღის გადამდგარი ვიყავი, ვიგრძენი, რომ მათ მოვენატრე", - ამბობს ედუარდ შევარდნაძე.

"გეია თუ რაღაც ჯანდაბა, გასაგებია, რომ მსოფლიოში მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ ეს საქართველოა და მე, როგორც რიგით ქართველს, არ მინდა, რუსთაველზე მათი აღლუმი ვნახო. ვეთანხმები სასულიერო პირებს. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციების წინააღმდეგ. არ მეგონა, თუ ოდესმე საქართველოში ამაზე მოგვიწევდა საუბარი. რა უბედურებაა, ვეღარ გაგვირჩევია, ვინ ქალია და ვინ - კაცი. გეი-აღლუმები საქართველოში ვერ გაიმართება. ამ საკითხზე მე მაქვს კიდევ ერთი მოსაზრება, მგონი, აქ არაფერ შუაშია ადამიანის უფლებების დაცვა, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, რაც ასე "აწუხებს" მთელ მსოფლიოს. ვფიქრობ, ეს არის წახალისებული პროვოკაცია, რადგან იციან, რომ რუსთაველის გამზირზე გეების საზეიმო ჩავლას ქართველი მშვიდად ვერ დააკვირდება", - დასძენს რესპონდენტი.