"გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის შესანიშნავი კანდიდატია. უპირველესად კი ბრწყინვალე პიროვნებაა და ფილოსოფოსი. მარგველაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ საკითხს პარტიული კუთვნილებით გადაწყვეტს. ის არ არის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ სკამისთვის ყველაფერი იკადროს. თუმცა, თავისი მტკიცე პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის ჰქონდა. გარდა ამისა, მარგველაშვილს აქვს მასშტაბური ხედვა ყველა იმ პრობლემისა, რომლებიც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია, მას არ უყვარს ძალაუფლება. ასე რომ, მარგველაშვილის პიროვნული და საქმიანი თვისებები მის კანდიდატურას შესანიშნავ ფონს უქმნის", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით…".
"თუ მარგველაშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი ხალხის არჩევანს პატივს სცემს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებია და რეალურად, ხალხი ისევ მას ირჩევს. პრემიერი კვლავ ასრულებს პოლიტიკური ორთქლმავლის როლს, დანარჩენები ვაგონები არიან. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის პროგნოზირება ძნელი არ არის. საკითხავი ის არის, მოემატება თუ დააკლდება "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები. ჯერ კიდევ საკმარისი დროა ოქტომბრამდე და შესაძლოა, რაღაც-რაღაცები მოხდეს. მაგალითად, უკვე ხშირად ამბობენ, რომ სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, არჩევნებამდე "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები შეუმცირდეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"რომელიმე პირზე დამოკიდებული რომ არ ვიყოთ, ყველაფერს კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს. ჩვენი ყველა კონსტიტუცია კი ერთმანეთზე უარესი იყო და დღესაც ასეთივეა. გასაგებია, რომ ჩვენთან ჯერ არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც კონსტიტუციის დაწერის გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამიტომაა ჩემთვის სამაგალითო აშშ - თავის დროზე, ფართო ფენებში არც იქ იყო მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა შექმნეს ისეთი დოკუმენტი, რომელმაც ყველა ქარიშხალს გაუძლო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ყველაფერი ივანიშვილის რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. სანამ "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დამოუკიდებელი რეიტინგი არ ექნებათ, ისინი პრემიერის რეიტინგზე იქნებიან მიბმული. მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ ხელისუფლების რეიტინგმა დაიწია, რა თქმა უნდა, ეს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ხარჯზე მოხდება. ასე რომ, უახლოეს მომავალში მოვლენების ზემოხსენებული სცენარით განვითარებას არ ვვარაუდობ, მცირე გაუგებ¬რობებს თუ არ ჩავთვლით", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
"საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვება რაც შეიძლება ღირსეულად დამარცხება იქნება. ყოფილ მმართველ პარტიაში ყველაზე რეიტინგული ფიგურის დასასახელებლად, ალბათ, ლუის ნავაროს და მის NDI-ს უნდა მივმართოთ. ამ ორგანიზაციის ბოლო გამოკითხვებით "ნაცი¬ონალურ მოძრაობაში" ყველაზე რეიტინგული ფიგურა დავით ბაქრაძეა. თუ "ნაციონალები" სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათი მარცხი უფრო მყვირალა იქნება", - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
"სააკაშვილის შემთხვევაში ჭაობის ფენომენთან გვაქვს საქმე - ადამიანმა იცის, რომ თუ გაინძრევა, ჭაობში უფრო ღრმად ჩაეფლობა, მაგრამ რომ არ გაინძრეს, არ შეუძლია. სააკაშვილს შეხვედრები კი არა, 5-6-თვიანი პაუზა უნდა აეღო, რათა ხალხს მის აგრესიული გამოსვლები როგორმე დავიწყებოდა. ასეთი პაუზა შესაძლოა, პრეზიდენტის რეიტინგს სასიკეთოდ წასდგომოდა. მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილს ფიზიკურად არ შეუძლია გაჩერება - მას გულის მოფხანა და აუდიტორია სჭირდება. ამას ადასტურებს მისი არაადეკვატური განცხადებები ჭორვილაზე თუ ციხის კადრებზე. პრეზიდენტი მძიმე მდგომარეობაშია, გაღიზიანებას ვეღარ ფარავს და ეს ისევ მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ზოგადად, სააკაშვილმა მარცხის მიზეზი ვერ გაანალიზა. ისე, მას საკმაოდ კარგი პიარმრჩევლები ჰყავდა. ეტყობა, მათ კვალიფიკაცია დაკარგეს ან სააკაშვილი თავის მრჩევლებს აღარ უჯერებს", - ხაზგასმით აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.
"ვერსია დაპირისპირების შესახებ მე ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, როდესაც სააკაშვილმა მერაბიშვილი პრემიერად გადაიყვანა, ანუ უფუნქციო ფიგურად აქცია. საიდან მოდიოდა დაპი¬რისპირების ფესვები, ძნელი სათქმელია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მაშინდელი შს მინისტრი მერაბიშვილი რამდენიმე თვე აშშ-ში იყო, ალბათ, სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად. სხვა ვერსიით კი, მერაბიშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. ის აგვისტოს ომის შემდეგ კარგა ხნით გაქრა. ამ ვერსიის თანახმად, ომის წინ მერაბიშვილი იძლეოდა გარანტიას, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა და დავმარცხდით. დღეს ძნელია თქმა, რომელი ვერსია უდევს საფუძვლად ამ დაპირისპირებას", - დასძენს რესპონდენტი.