სოსო შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილს სკანდალურ ბრალდებებს უყენებს
ლეიბორისტული პარტიისგან განდგომილებმა ,,მემარცხენე ალიანსი’‘ ჩამოაყალიბეს _ ახალი პარტიის თავმჯდომარემ სოსო შატბერაშვილმა ალიანსი იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა, ყრილობაც ჩაატარა, პარტიული ლოგო და დროშა დაამზადა და ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვისაც ემზადება. ნათელაშვილთან 15-წლიანი პოლიტიკური თანაცხოვრების შემდეგ, ყოფილი ,,ლეიბორისტები’‘ ყოფილ ლიდერს ბრალს ვანო მერაბიშვილთან გარიგებაში სდებენ და მის უჩვეულო გამდიდრებაზეც ღიად საუბრობენ.
_ პირველ თებერვალს ,,ლეიბორისტების’‘ პოლიტკომიტეტის წევრებმა განცხადება გავაკეთეთ და 7-დან 6-მა წევრმა პარტია დატოვა! პირველ მაისს ახლადდაფუძნებული პარტია ,,მემარცხენე ალიანსის’‘ ყრილობა ჩატარდა, რომელსაც დიპკორპუსის წარმომადგენლები, ევროსაბჭოს პირველი მდივანი, ,,ენ-დი-აის’‘ დირექტორი, ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლობა და კახა კუკავა ესწრებოდნენ. უკვე გვაქვს ჩვენი დროშა, გერბი და ლოგო.
_ ბატონო სოსო, თქვენი პარტიის სახელიდანაც ჩანს, რომ პოლიტიკური მსოფლმხედველობა დიდად არ შეგიცვლიათ...
_ რა თქმა უნდა, ისევ მემარცხენეები ვართ და ის პოლიტიკური მოთხოვნაც, რაც აქამდე გვქონდა, ძალაშია _ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება! მსოფლიოში არ არსებობს პარლამენტი მემარცხენე ძალის გარეშე, ჩვენთან კი პარლამენტში ორი ძალაა და ორივე მემარჯვენე-ცენტრისტული. პარლამენტში მემარცხენე ძალების არსებობა აუცილებელია!
_ კი, ბატონო, მაგრამ არჩევნებში ისევ 1% ან უფრო ნაკლები რომ მიიღოთ?
_ ჩვენ აღარ ვართ ,,ლეიბორისტები’‘ და რადგან მათ 1% მიიღეს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ შედეგს ვაჩვენებთ.
_ შალვა ნათელაშვილმა ნაციონალებთან გვიღალატაო, _ ამტკიცებთ. ეს როდის აღმოაჩინეთ?
_ მასზე ჭორები ყოველთვის ვრცელდებოდა და არა მარტო მასზე. იგივეს ამბობდნენ ,,რესპუბლიკელებზე’‘, ირაკლი ალასანიაზე, ნინო ბურჯანაძეზე, თუმცა ჭორს არასოდეს ვყვებოდით და ვიდრე ფაქტები არ დაიდო, არაფერი დავიჯერეთ, ეს ფაქტი კი ნათელაშვილმა თავად დაგვიდო _ არჩევნების შემდეგ მასთან მივედით და ვუთხარით, პარტიის ფიასკოს მიუხედავად, არსად წასვლას ვაპირებთო; მან კი გვიპასუხა, პარტია აუცილებლად უნდა გასულიყო პარლამენტში და ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთანაც შეთანხმებული იყოო. შალვამ გვითხრა, პარლამენტში რომ გავსულიყავით, პირობა მქონდა დადებული, მხარი ვანო მერაბიშვილის პრემიერობისთვის დაგვეჭირაო. ეს იყო გადამწყვეტი, რის გამოც წამოვედით. ნათელაშვილმა, პრაქტიკულად, გვითხრა, ვანო მერაბიშვილს გავურიგდიო. საკმაოდ მაღალი პოსტი მეკავა _ პარტიის გენერალური მდივანი ვიყავი, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა _ კახა ძაგანიამ, პაატა ჯიბლაძემ მსგავსი გარიგებების შესახებ არაფერი ვიცოდით! ნათელაშვილს მაშინაც სასტიკი პროტესტი გამოვუცხადეთ, როცა ამ გარიგების ამბავი პოლიტსაბჭოზე გავიტანეთ განსახილველად. შალვას ვუთხარით, რომ მოვიწვევდით ყრილობას და მას გადავაყენებდით, რაზეც გვიპასუხა, ყრილობა რა საჭიროა, მე თვითონ გადავდგებიო. რაკი არ გადადგა, წამოვედით.
_ თქვენს წამოსვლამდე კარგა ხნით ადრე, ,,ვერსიაში’‘ ფაქტებით გამყარებული მასალა გამოქვეყნდა, სადაც ნათელაშვილისა და ნაციონალების გარიგებაზე იყო საუბარი, თუმცა მაშინ მთელმა პარტიამ, მათ შორის, თქვენც, სპეციალურ ბრიფინგზე გაზეთს შეურაცხყოფა მიაყენეთ. ამის მერე კი, პარტია სწორედ ანალოგიური ბრალდებით დატოვეთ. ბატონო სოსო, ამიხსენით, თქვენს საქციელში ლოგიკა სადაა?
_ მაშინ ასეთი რამ ჩვენთვის უცნობი იყო და ვიდრე ფაქტის წინაშე არ დავდექით, არაფერი დავიჯერეთ. საერთოდ, ბატონ შალვას ადამიანების შეურაცხყოფა ახასიათებს. წამოსვლის შემდეგ ჩვენც სასტიკი შეურაცხყოფა მოგვაყენა, მკვლელები, ქურდები და ნარკომოვაჭრეები გვიწოდა. თითქოს, დღესაც მაქვს აფთიაქი ,,რუსთავი 2’‘-ის ყოფილი შენობის წინ, სადაც, თურმე, დიდი ოდენობით ნარკოტიკი იყიდება. თუ ასეთი რამ ბუნებაში არსებობს, საჯაროდ მოვითხოვ, ხელისუფლებამ პასუხი მაგებინოს! ასევე, ნათელაშვილმა განაცხადა, თითქოს, გავტეხეთ პარტიის სეიფი და მოვიპარეთ 55 000 დოლარი. ამბობს, ეს შემოწირულობა იყო და ბანკში შეტანამდე დამასწრესო. ასევე, ოფისიდან წამოსვლის წინ მოვიპარეთ ტელევიზორები, კომპიუტერები, მაცივრები, ოღონდ შალვა ამბობს, არ ვაპირებ ჩივილსო. ახლა მას თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ _ მიჩივლოს და ძიება დაიწყოს. იმასაც ამბობს, თითქოს, ჩვენს შორის მკვლელია, რომელმაც 90-იან წლებში მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი მოკლა, მაგრამ გვარს არ ასახელებს და აქაც კითხვა მაქვს _ მაშინ შალვა პროკურატურაში მუშაობდა და პარტკომის წევრი იყო, ჰოდა, ამაზე რეაგირება თავად რატომ არ მოახდინა?! შალვა ასეთი არ გვახსოვს! ბოლო ერთი წელია შეიცვალა, ბოლო თვეებში კი ეს ის შალვა აღარ არის! ბატონი შალვა ფსიქიკურადაა ავად, ამიტომ გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ მის განცხადებებს!
_ ნათელაშვილი ,,ავად’‘ როდის გახდა, ან ეს 55 000 დოლარი საიდან მოვიდა?
_ ეს 55 000 არაფერია იმასთან შედარებით, რა საბანკო ანგარიშებიც აქვს შვეიცარიაში. ასევე, აქვს დუპლექსის ტიპის ბინა ვენაში და აშენებს უზარმაზარ სასახლეს თავის სოფელში, ბაზალეთში _ შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და ნახოთ!
_ ვენის 7-ოთახიანი ბინა ჭორი მგონია...
_ შეგიძლიათ, ჩაატაროთ ჟურნალისტური გამოძიება _ ვენის უძრავი ქონების სააგენტოს მიწეროთ და მოგივათ პასუხი, ვინაა ამ ქონების მფლობელი! ეს უკვე ჭორი აღარაა, ეს ფაქტებია. ნამყოფი ვარ მის სახლში, ბაზალეთში და იქ განსაკუთრებული არაფერი მინახავს. ახლა კი რაღაც სასწაულ სასახლეს აშენებს თავისი აუზებით.
_ გამოდის, იმ ბრალდებებზე, რომლებიც ლეიბორისტულ პარტიაში თქვენი ყოფნის დროს არსებობდა, პასუხისმგებლობას არ იზიარებთ, არა?
_ ამბობდნენ, თითქოს, ნუგზარ ერგემლიძე, რომელსაც ნაციონალობას აბრალებდნენ, ჩავწერეთ სიაში მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა _ კაცი ჩემი შვილის ნათლიაა.
_ იმასაც ამბობდნენ, რომ ნათელაშვილის პარტიის დაშლაში ფული ივანიშვილმა გადაგიხადათ.
_ ეს ოფისი ჩემი საკუთრებაა _ მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო. სადაც ახლა ვსხედვართ, დედაჩემისა და მამაჩემის საძინებელი იყო. ჩვენ აქ 1968 წლიდან ვცხოვრობდით. ნათელაშვილმა კიდევ უფრო საშინელი ჭორი გაავრცელა _ თურმე, ივანიშვილისგან 7 მლნ დოლარი ამიღია პარტიის გაყიდვისთვის, თან ეს ფული ვინმე გია ვოლსკისგან აგვიღია. ასახელებს დავით საგანელიძესაც, თითქოს ამ პროცესებში მანაც მიიღო მონაწილეობა. საგანელიძე ჩემი ცოლისძმის მეჯვარეა და, როგორც ჩანს, ნათელაშვილს ყური ჰქონდა მოკრული ჩვენი ნათესაური კავშირისთვის. ასე გასვარა ეს ხალხი სიბინძურეში!
_ არჩევნებიდან 6-7 თვეა გასული და ახალი ხელისუფლება არაერთ სკანდალში გაეხვია. ამ ეიფორიულ ფონზე, ბატონო სოსო, ქართულ პოლიტიკაში თქვენს როლსა და ადგილს როგორ ხედავთ?
_ ვამბობდი და ვიტყვი: ,,ოცნება’‘ ეკლექტური და დასაშლელად განწირული გაერთიანებაა. ვხედავთ, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი, ხალხი, ვინც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა, უკვე აშკარად დაპირისპირებულია. კობა დავითაშვილი, პრაქტიკულად, ყველასთან დაპირისპირებულია, მაგრამ მის პოზიციას ბევრ რამეში ვეთანხმები. ,,ოცნება’‘ ნაციონალებთან საინფორმაციო ომსაც აგებს _ ნაციონალებს ჩასახვის დღიდან ვებრძვი, მაგრამ ფაქტია: ერთმუშტად შეკრული გუნდია და ამით იგებენ კიდეც! დიდი სურვილი გვაქვს, არასაპარლამენტო პარტიებმა ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ. ამას ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავასა და სხვა პარტიებს შევთავაზებთ და ვნახოთ, წამოვლენ თუ არა თანამშრომლობაზე. ასევე, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ოღონდ კანდიდატურას არ დავაყენებთ. საღად მოაზროვნე ხალხი ვართ, არც ქართლოს ღარიბაშვილია ჩვენს შორის, არც შალვა ნათელაშვილი, რომელმაც განაცხადა, კანდიდატურა უნდა დავაყენო, გავიმარჯვო და საქართველო გადავარჩინოო. გადავწყვიტეთ, როგორც პარტიამ ერთ-ერთ ღირსეულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი და როგორც კი კანდიდატები გამოცხადდება, მათ შორის სასურველს ავირჩევთ, თუმცა უაღრესად სერიოზულად მოვემზადებით 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის!