მთავრობამ, როგორც იქნა, საწვავის ფასებთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემას ყურადღება დაუთმო და პირობაც დადო, რომ თუკი ქვეყანას მორიგი გაძვირების ტალღა დაატყდება თავს, ხელისუფლება საქმეში ჩაერევა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ტენდენციის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა, დაზღვევის მექანიზმები შეიმუშაოს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, შეიძლება იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ფასების ქვედა ნაწილი.
„საწვავთან მიმართებით ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით. ეს არ იქნება აქციზის ე.წ. საფეხურებრივი სისტემა, თუმცა შეიძლება იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასებისა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სხვათა შორის საკითხის სიმწვავე გათავისებული აქვს ეკონომიკის მინისტრსაც და ისიც ადასტურებს, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია. რამდენიმე დღის წინათ ახალ პოსტზე დანიშნული ლევან დავითაშვილი პირობას იძლევა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში იქნება ადეკვატური რეაგირება. მით უფრო, რომ ყველაფერი გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„საწვავის ფასი დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებზეც. დავაკვირდეთ მოვლენებს. თუ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, გვექნება კომუნიკაცია და ადეკვატური რეაგირება. გვესმის, რომ საწვავის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საწვავის იმპორტიორებთან კომუნიკაცია და მათთვის რამე შეღავათის დაწესება, დავითაშვილი ამბობს, რომ ყველა დარგთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
„გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ყველასთან. დარგობრივ ასოციაციასთან ვმუშაობდი წინა პოზიციაზეც და ახლაც გავაგრძელებ ინტენსიურ კომუნიკაციას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით ქვეყანაში ზოგადი სიტუაცია დრამატულად აღიქმება, ამიტომ აუცილებელია საქართველოს მთავრობამ რამე ნაბიჯი გადაგდას, რადგან გამყარებული კურსი გაძვირებული პროდუტის ფასს ბოლომდე ვერ აბალანსებს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოსავალი მცურავი აქციზის დაწესებაა. სხვათა შორის, გაზრდილი ფასების საპასუხოდ, პოლონეთმა გადასახადები შეამცირა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საწვავს შეეხო, რომლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 23%-დან 8%-მდე დავიდა და ეს გადაწყვეტილება ძალაში 31 ივლისამდე იქნება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი ბექა კემულარია აცხადებს, რომ მთავრობამ თითოელ მომხმარებელზე უნდა იფიქროს და ფასების სტაბილიზაციის მიმართულებით რამე ნაბიჯი გადადგას.
„პოლონეთმა ერთჯერადი ღონისძიება გაატარა, აქციზი და დღგ-ს გადასახადი შეამცირა. მსგავსი რამის მოფიქრება შეიძლება საქართველოშიც. მთავრობას მარტივად, უმტკივნეულოდ შეუძლია მომხმარებელს რთული ყოფა შეუმსუბუქოს. ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იფიქროს უშუალოდ მომხმარებელზე“, - განაცხადა კემულარიამ.
მსოფლიო ბაზარე არსებული უკიდურესად დაძაბული სიტუციიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს მთავრობამ ქმედითი ღონისძიება შეიმუშაოს, რადგან გამყარებული კურსი გაძვირებული პროდუტის ფასს ბოლომდე ვერ აბალანსებს. ერთ-ერთი და ყველაზე მარტივი გამოსავალი „მცურავი აქციზის“ დაწესებაა, თუმცა ეს იდეა მთავრობაში მაინცდამაინც არ ხიბლავთ.