მშენებლობა სამთავრობო განვადებით - რა იგულისხმება პრემიერის ახალ მასშტაბურ შეთავაზებაში?

მშენებლობა სამთავრობო განვადებით - რა იგულისხმება პრემიერის ახალ მასშტაბურ შეთავაზებაში?

მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის. პრემიერ-მინისტრის დაანონსებული ახალი პროგრამის მიხედვით, საუბარია ხელშეკრულებების გაფორმებაზე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც დამკვეთი სახელმწიფო იქნება, თანხას კი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ საბანკო კრედიტების გარანტორი მთავრობა იქნება, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიას დაფინანსებას განვადების გზით გადაუხდის. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელმაც დეველოპერებში ინტერესი უნდა გამოიწვიოს.

„ჩვენი მიზანია საჯარო და კომუნალური მშენებლობების წახალისება და დარგში კონკურენციის გაზრდა. ამ მხრივ დამატებით 500 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე, პოლიციისთვის გვაქვს ასაშენებელი ახალი ობიექტები და საცხოვრებლები. ამიტომ ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, ანუ მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა სახელმწიფოს მხრიდან და 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, როდესაც მსგავსი პროექტი თავდაცვის სამინისტროში ჩემი მინისტრობისას განვახორციელეთ. 4-5 წლის გასაკეთებელს გავაკეთებთ ერთ წელიწადში. ეს 1-დან 2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სამშენებლო სექტორში უკვე დაიწყო ინიციატივის შეფასება. „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ მართალია, მისი კომპანია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ მონაწილეობს, მაგრამ პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს.

„სახელმწიფო ამბობს, რომ ის გასცემს გარანტიას, რომ თანხას იხდის, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტში არ აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რისი გაკეთებაც ახლა უნდა. ამიტომ ამ თანხას ახლა კი არა სამი წლის განმავლობაში გადაიხდის, ხოლო კომპანიებმა ეს სამუშაო შეასრულონ საბანკო სესხით და 3 წლის განმავლობაში კი მთავრობა ამ ვალს დაფარავს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ მისი გაცემული გარანტია ბანკმა მიიღოს. ამისთვის საჭიროა მთავრობას ბაკებთანაც ჰქონდეს მოლაპარაკება, რათა ამ გარანტიის საფუძველზე მათ სესხი გასცენ. ზოგადად, ეს იდეა კარგია და ადრე ჩვენც გვქონდა. ეს სწორი გადაწყვეტილებაა ეკონომიკის დაჩაქარების კუთხით, მთავარია სწორად დაიგეგმოს და ყველა სტრუქტურამ საკუთარი საქმე გააკეთოს“, - განაცხადა ორთოიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა მოამზადოს იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებსაც ამ პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

„პროექტების გარეშე ეს პროგრამა ვერ განახორციელდება. მაგალითად, გეგმაში შეიძლება გქონდეს 2024 წელს სვანეთში რაღაც ობიექტის აშენება, თუმცა პროექტია საჭირო, ამიტომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება, რომ ეს პროექტები დასაწყებად მოამზადოს. თავად კომპანიებისთვის კი ვფიქრობ, მარტივი სქემაა, რომ გარანტიის საფუძველზე ბანკებისგან ფული ისესხონ“, - განაცხადა „ბიემთან“ ორთოიძემ.

სამშენებლო სექტორს ამის გარდა ბევრი სხვა კითხვაც გაუჩნდა. მაგალითად, რა ვალუტასა და რა ვადაში იქნება გაცემული სესხები. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ამ პროგრამის პირობები როგორც საბანკო, ასევე სამშენებლო სექტორთან დეტალურად უნდა გაიაროს.

„ალბათ მთავარი, რაზეც მთავრობამ სექტორთან ერთად უნდა იმსჯელოს, მათ შორის ბანკებთან, სესხის პირობებია. ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს, რომლებიც საკმაოდ რთული კრიზისის წინაშე დგანან, შესაძლოა, გაუჭირდეთ სესხის მიღება და თანაც კარგი პირობებით. მეორე საკითხია, რა ვალუტაში იქნება კრედიტები. თუ ვსაუბრობთ ამ თანხის განაწილებაზე, მნიშვნელოვანია, რა ვალუტით უნდა მიიღონ მათ სესხი. თუ დოლარში აიღებენ, მაშინ ამ შემთხვევაში სავალუტო რისკებია გასათვალისწინებელი. თუ ლარში იქნება, მაშინ მნიშვნელოვანია მოგების მარჟა, რომელიც დააბალანსებს გაძვირებულ საპროცენტო ხარჯს“, - განაცხადა საბახტარიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობას ამ პროექტზე კონსულტაცია სამშენებლო სექტორთან არ გაუვლია და მხოლოდ ცალკეულ კომპანიებს ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.