300+300 - მთავრობამ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის დეტალები წარმოადგინა

300+300 - მთავრობამ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის დეტალები წარმოადგინა

მარტიდან მთავრობა დიდი პროგრამის ამოქმედებას იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებას და ფულადი შემწეობის მოდელის ცვლილებას ისახავს მიზნად. გაზაფხულიდან შრომისუნარიან სოცდაუცველებს კონკრეტულ სამუშაოს შესთავაზებენ. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროები 50 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნიან, რომლის რაოდენობაც წლის ბოლომდე შეიძლება 100 ათასამდეც გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, ახალი პროგრამის მეშვეობით, ერთი მხრივ, სოცდაუცველები დასაქმდებიან, მეორე მხრივ კი, მათ არ შეუწყდებათ დახმარება სახელმწიფოსგან. პროგრამა უკვე მზად არის და მისი ამოქმედება 1-ლი მარტიდან დაიწყება. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

„მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელოდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობთ, სამართლიანია. ამ დროის განმავლობაში მას შეეძლება, შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ასევე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ჩართული თითოეულ მოქალაქე სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს მიიღებს, ანუ ბენეფიციარები, ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში 400-500 ლარი, ამ თანხას დაემატება სახელწიფოს მიერ დანიშნული 300 ლარი.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე გარკვეული საოფისე საქმიანობები.

ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია ხელფასი - თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას განისაზღვრა 300 ლარით. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობაზე პრემიერის მიერ დღეს წარდგენილი სოცდაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზრდას არ გამოიწვევს. ეს არის „საზოგადოებრივი სამუშაოები“, რომელსაც პროფილური სამინისტროები სოციალურად დაუცველებისთვის შექმნიან.

„ეს არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებას. საზოგადოებრივი სამუშაოები ცალკე კატეგორიაა, რომელიც ყველა იმ ქვეყანაშია გამოყოფილი, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება. ამას საზოგადოებრივი სამუშაოები ჰქვია. დაფინანსების წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს არ არის მიბმული საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ შტატებთან თუ კადრებთან. ამ ადამიანების ინტეგრირება ისეთ უწყებებში მოხდება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამა თუ იმ საჯარო ფუნქციის შესრულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქ გაუმჯობესებას და ბევრი პრობლემის მოგვარებას ველოდებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პროგრამის ბიუჯეტი შეიძლება 100-150 მლნ ლარი იყოს მიმდინარე წლისთვის, ამის რესურსების მობილიზება კი შესაძლებელია და გათვლებიც უკვე არსებობს.

„ასე, ეტაპობრივად დავიწყებთ პროგრამას და მომავალში შეიძლება ცვლილებებიც შევიდეს. საბოლოო მიზანი არის ამ ადამიანების სრულად ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. იმედი გაქვს, რომ შედეგი გვექნება სხვა ქვეყნების მსგავსი - ადამიანების ინტეგრირება მოხდება შრომის ბაზარზე და საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავზება საჭირო არ იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მთავრობის სოცდაუცველი მოქალაქეების დასაქმების პოლიტიკას დადებითად აფასებენ ეკონომისტები, თუმცა იქვე ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ საფრთხეზე, რასაც, პირველ რიგში, ინფლაციასთან დაკავშირებით ხედავენ.

„მთავრობა გეგმავს, რომ დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს დამატებით 300 ლარი გადაუხადოს. ფულის დარიგება, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, იწვევს ინფლაციას, მსგავსი პრობლემები იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როცა ადამიანები დაასაქმეს ისე, რომ რეალურად ხელფასები დაარიგეს და მერე ამან ინფლაცია გამოიწვია. ამ დეტალებს სჭირდება კარგი ანალიზი, რათა რისკები გამოირიცხოს.

სხვა მხრივ, ადამიანების დასაქმებას ალტერნატივა არ აქვს, ეს ერთადერთი გზაა, რომ სიღარიბე დავძლიოთ და შემოსავალი გავზარდოთ, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზეც დადებით გავლენას მოახდენს“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ.

ლაზი როცა გერმანიაში დასაქმებაზე აგებდნენ ოქროს კოშკებს, მაშინ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება გამოვხატე - "ღმერთმა ქნას ჩვენმა ხბომ ძროხა მოიგოს" - მეთქი. რაც გამოვიდა ყველამ დაინახა.
ღმერთმა ქნას ახლა შევცდე, მაგრამ ვშიშობ არც აქედან გამოვა არაფერი.
გაუგებარია, როგორ უნდა შეიქმნას 50 ათასი "საზოგადოებრივი სამუშაო" ადგილი.
საქართველოში სამუშაო ადგილების კი არა რეალურად სამუსაო ძალის დეფიციტია. სოციალური დახმარების არაეფექტური პოლიტიკამ მოშალა სამუსაო ძალის ბაზარი.
ერთად ერთი გამოსავალი, შოკური გადაწყვეტილებაა. ყველა შრომისუნარიან ადამიანს, მიუხედავად სქესისა და სოციალური სტაუსისა გააუქმდეს ყოველგვარი დახმარება. არ არის ამის გაკეთება იოლი, მაგრამ ნახევარღონისძიებებით არაფერი გამოვა.
2 წლის უკან