საპენსიო სესხებზე პროცენტი მცირდება - ბანკებს შორის მძაფრი კონკურენციაა მოსალოდნელი

საპენსიო სესხებზე პროცენტი მცირდება - ბანკებს შორის მძაფრი კონკურენციაა მოსალოდნელი

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარი დაწესდება. აღნიშნული გადაწყვეტილება, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც საპენსიო სესხების გაცემის ახალ პირობებს შეეხებოდა. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხის პროცენტზე დადგინდება 26%-იანი ზედა ზღვარი. გარდა ამისა, 1 თვეში ახალი ტენდერი ჩატარდება და გაირკვევა ბანკი, რომელიც პენსიონერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოემსახურება.

პროცესში ჩაერთვება სახელმწიფოც. კერძოდ, ყოველწლიურად გამოიყოფა 15 მლნ ლარი, რომლის ნაწილიც მოხმარდება საკომისიოების განულებას, ნაწილი კი, მაღალმთიან რეგიონებში პენსიის დარიგების ლოგისტიკური ხარჯების დაფარვას.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, გაუმჯობესდეს.

„საპენსიო გასაცემლებზე სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რეგულარულად მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტიდან, ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალობისა და საჯაროობისთვის. ჩვენ უამრავი შეხვედრა გვქონდა საბანკო დაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან, კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და საბოლოოდ შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკის შერჩევა მოხდება უკვე 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით მოახდენს პენსიების გაცემას და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხების გაცემას.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის გაუმჯობესდება. მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, თუმცა ბანკების მხრიდან დაინტერესებისა და კონკურენციის შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს. კომისიამ წარმატებით იმუშავა მთელი ამ ხნის განმავლობაში და ის უპირველესი ამოცანა, რომელიც გვქონდა, შევასრულეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რაც ხელს შეუწყობს საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას:

„ის საპროცენტო განაკვეთი, რაც დღეს არსებობს, კი არის საბაზრო, თუმცა იმ ფონზე, რომ დღეს სოციალური გამოწვევები აშკარაა, გვინდოდა, უკეთესი პირობები შეგვეთავაზებინა“, - აღნიშნა ზარქუამ და დასძინა, რომ თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს.

როგორც კომისიის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესება უკვე გამოთქვა ორმა ბანკმა - „ლიბერთიმ“ და „საქართველოს ბანკმა“.

ექსპერტებს კომისიის მუშაობა სულაც არ მიაჩნიათ წარმატებულად. „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის თქმით, ბაზარზე სულ 14 ბანკია და ამ ეტაპზე, ახალ ტენდერში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ორი ბანკი გამოთქვამს. მან დეტალურად განმარტა სახელმწიფოს მიერ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესების პირობაც.

„ჯერ რაც ვნახეთ, ინტერესი გამოხატული აქვს ორ კომერციულ ბანკს - „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“. იქ ჩადებულია, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად ჩადებს 15 მლნ ლარს, რასაც აქამდე არ აკეთებდა. რეალურად, ეს სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირება, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.

დღეის მდგომარეობით ჩაიდო პირობა: ბანკთა შორის განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთთან ახლოს არის ხოლმე, დღეისთვის 10.4-10.5%-ია, ამას დაემატება 15%, მარტივი მათემატიკით გამოდის 25.5%, რაც ნომინალური განაკვეთია, ეფექტური შეიძლება 26% იყოს, მაგრამ ეს დღეისთვის.

თუ რეფინანსირების განაკვეთი დაიკლებს ინფლაციის შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც არსებობს, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს და თუ იქნება 8%, გამოვა 8+15%, ანუ რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.

კეპულაძე თვლის, რომ საქართველოში მოქმედი ბანკებიდან ამ პირობების დაკმაყოფილება რეალურად მხოლოდ 3 ბანკს შეუძლია, შესაბამისად რამდენად მისაღები იქნება ბანკისთვის, როგორც ბიზნეს სუბიექტისთვის ეს პირობები, საკითხავია.

„რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის ეს პირობები? რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკის გარეშე პენსიებს ვერ დავარიგებთ. აქვე ჩადებულია პირობა, რომ საპროცენტო განაკვეთის 15% მაქსიმუმია, მაგრამ შეიძლება კონკურენციის შედეგად ის შემცირდეს, შესაბამისად, ვხედავ რისკს, რომ ბევრი კომერციული ბანკისთვის ეს არ იქნება მისაღები. საქართველოში დღეს სულ 14 კომერციული ბანკია, მათგან 3 სისტემურია, რომელიც რეალურად შეძლებს ამის განხორციელებას. კომერციული ბანკები ბიზნეს სუბიექტები არიან და ისინი ყველაფერს იმის მიხედვით გათვლიან, რამდენად მისაღებია ეს პირობები მათთვის.

ვნახოთ, გამოჩნდება რამდენი კომერციული ბანკი დაინტერესდება, ისევ დაინტერესდება თუ არა „ლიბერთი ბანკი“ ამ პირობებით. არ მინდა, შეიქმნას მდგომარეობა, როცა მთავრობა კონკურსს აცხადებს და კომერციულ სექტორს ეს არ აინტერესებს“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ კეპულაძემ.

აფბა-ს ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე კი ყურადღებას პოლიტიკურ პოპულიზმზე ამახვილებს. მისი აზრით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან, საკითხის შეფასებისას არ გაჟღერებულა არანაირი კონკრეტიკა და ანალიზზე დაფუძნებული მსჯელობა, პირიქით ისინი კვლავ აგრძელებდნენ პოპულიზმს და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას.

„საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში პროცესები საკმაოდ გამჭვირვალედ წარიმართა, ყველას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი დასაბუთებული და არგუმენტირებული ხედვა წარმოედგინა, თუმცა ჩვენ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ამჯერადაც ვერ ვიხილეთ ვერანაირი კონკრეტული ხედვა, ანალიზზე სტატისტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტაცია და მიდგომები. ფაქტია, რომ მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნები აქვთ და 800 000 პენსიონერის საკითხსაც ამისთვის იყენებენ.

ამიტომ ხელისუფლება იძულებული გახდა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო, რომ აღნიშნულ საკითხზე მუდმივი აყალმაყალი დაესრულებინა. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებამ და საპროცენტო ზღვარის ზედა ჭერის განსაზღვრამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ლიბერთი ბანკს“ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა აღნიშნულ სესხზე და პოლიტიკოსებს მხოლოდ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა სურდათ. საზოგადოება კი მათ პოლიტიკურ მასკარადს და ღია კარის მტვრევას ადევნებდა თვალს“, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.