ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ლოკაცია უკვე შერჩეულია. დედაქალაქის მერია აპირებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება დროულად დაიწყოს, რადგან პროექტის განხორციელებას ტექნიკურადაც საკმაო დრო სჭირდება, ხოლო შენობების მდგომარეობა, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ, სულ უფრო მძიმდება.
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ყველაზე აქტიური ამ მხრივ არის სამგორის რაიონი, სადაც სამი კონკრეტული ობიექტია შერჩეული, თუმცა მუნიციპალიტეტი სხვა წინადადებებისთვისაც ღიაა.
„უკვე შერჩეულია კონკრეტული ობიექტები. ყველაზე დიდი აქტიურობით გამოირჩევა სამგორის რაიონი, მესამე მასივი. ხელმოწერები შეგროვებულია ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და გამოვლინდება მშენებელი კომპანია. ასე რომ, მინდა მივმართო მათ, ვისაც ავარიული სახლების პრობლემა აწუხებს - იაქტიურეთ თქვენს ამხანაგობებთან ერთად და წარმოადგინეთ მერიაში განცხადებები, ხელმოწერები, რომ შემდეგ მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, მოწესრიგებული სახლებით, ისე რომ არ გექნებათ გადასახდელი 1 თეთრიც კი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყება. აღნიშნული პროგრამისთვის წელს, მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„წელს გვექნება კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ. ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან უნდა იყოს კონკრეტულ ობიექტზე მცხოვრები ყველა ადამიანის თანხმობა და ა.შ. 10 ათასამდე ასეთი შენობაა თბილისში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს.
წელს 20 მილიონია გამოყოფილი პროექტის დასაწყებად და ვფიქრობთ, საკმაო რაოდენობით მოხდება ჩანაცვლება. ცოტა მოგვიანებით უფრო კონკრეტულად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა მისამართებზე განხორციელდება პროექტი“, - განაცხადა კალაძემ.
დეტალები, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს მერია პროექტის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია და გაირკვევა, როგორც კი შესაბამისი პროექტი მომზადდება. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის შეფასებით, ძველი და დაზიანებული შენობების ჩანაცვლების მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება არა მარტო თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში, პირველ რიგში, ბათუმში.
„ავარიული შენობების ჩანაცვლების სამუშაოები პრაქტიკულად დაწყებულია. „ხრუშოვკის“ ტიპის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა ან გაამაგრეს, რომლის რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. ავარიული შენობები საკმაოდ მწვავე პრობლემაა და პირველ რიგში, იმაზეა ორიენტირებული, რომ ინვენტარიზაცია დასრულდეს და დაიდოს შესაბამისი დასკვნები ავარიულობასთან დაკავშირებით. დღესდღეობით ბევრი ასეთი შენობაა და მათი რიცხვი გაიზრდება.
ყოველწლიურად უფრო და უფრო ძველდება საცხოვრებელი ფონდი და ბუნებრივია, პრობლემა მწვავდება. თბილისსა და სხვა ქალაქებშიც გახშირდა ფაქტები, შეიძლება კორპუსი ავარიული არ არის, მაგრამ სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტი დარღვეულია მიშენებების გამო და მისი ასეთი სახით არსებობა დიდ რისკს შეიცავს“, - განაცხადა სალუქვაძემ, რომლის აზრითაც 20 მლნ ლარი ავარიული შენობების ჩანაცბლებისთვის არასაკმარისია, მაგრამ პრობლემის ნაწილს მოაგვარებს.
ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მერიამ, 365 ავარიული შენობის რეაბილიტაცია მოახერხა, თუმცა თბილისის მასშტაბით, 10 000 ავარიული ნაგებობაა.