„პირველად ბოლო 14 წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და საქართველო არა მარტო სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა“

„პირველად ბოლო 14 წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა და საქართველო არა მარტო სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა“

2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (7.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), თევზეული (1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.1 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (4.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-3.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 პროცენტი), თევზეული (16.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 44.8 პროცენტიანი მატება, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3 პროცენტი). ინფლაციის პარალელურად ლარი მყარდება.

კარგია თუ ცუდი ეს მოსახლეობისთვის? ეს იმ დროს, როდესაც მართალია, ლარის მაჩვენებელი ყოველდღიურად ქვემოთ იწევს, თუმცა გაზრდილი ფასები ისევ ძველ ნიშნულზე რჩება და მეტიც, მონაცემები თითქმის ყოველდღიურად იცვლება, უკონტროლოდ მიშვებული ბიზნესი კი, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დემოკრატიის მნიშვნელოვანი მონაპოვარია და შესაბამისად, ფასების რეგულირება სახელმწიფოს საქმე ნაკლებადაა. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადმორიცხვები, რომელიც ძირითადი მოსახლეობის ასევე, ძირითად შემოსავალს წარმოადგენს, გამყარებული ეროვნული ვალუტის ფონზე, საკმაოდ არაკეთილსაიმედოდ გამოიყურება. მაინც, რა არის ლარის გამყარების განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც მაგალითად, არ გვქონდა წინა წლებში. როდესაც ლარი თავისუფალ ვარდნაში იყო და მეტიც, ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ამ პროცესებში მათი ჩარევა და როლი კანონის მიხედვით მინიმალური იყო.

ეკონომისტი, სოსო არჩვაძე თვლის, რომ ლარის კურსზე დადებითად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს.

სოსო არჩვაძე: წინა წელს, ეკონომიკის ვარდნა გვქონდა 6, 8% და ახლა გვაქვს ზრდა 10,6%-ით, ეკონომიკა გაიზარდა. ასევე, ექსპორტი გქონდა მკვეთრად შემცირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოვიდა ნაკლები ვალუტა. ახლა ჩვენ წინა წელთან შედარებით გვქვს თითქმის 30%-იანი ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი ვალუტა შემოვიდა ქვეყანაში. 2021 წლის ივნისიდან, ქვეყანაში გზავნილების მოცულობა აღემატება 200 მილიონ დოლარს, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხარჯზე, მიმოქცევაში გაცილებით ნაკლები ფული ყოფილიყო ანუ, ფულს ფასი დაედო.

როდის აისახება მოსახლეობაზე ეს ყველაფერი დადებითად?

- ეს მყისიერად ვერ მოხდება, მაგრამ, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, ლარის კურსის გამყარებისგან მომდინარე სიკეთეს მოსახლეობა, ვფიქრობ, დაახლოებით, 3 კვირიდან 6 კვირამდე ვადაში იგრძნობს. ეს სიკეთე ფასების სტაბილურობასა და შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. მოსახლეობის შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობის გაზრდა მოხდება. საზოგადოება ლარის კურსის გამყარებისადმი გარკვეული შიშნარევი ოპტიმიზმითაა. ამ პროცესს უაღრესად დადებითი, პოზიტიური შედეგები აქვს. მაგალითად: აპრილის თვის შემდეგ, როდესაც პიკური ვარდნა იყო, ლარი დოლართან ყველაზე დაბალ ნიშნულზე აღმოჩნდა, ვითარება ახლანდელი მდგომარეობით რომ შევაფასოთ და წელზე გადავიანგარიშოთ, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს მარტო სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურებაზე, დაახლოებით, 60 მილიონამდე ლარს დაუზოგავს. აქ ცალსახად პოზიტიური მომენტია. როდესაც ლარი მყარდება, შინამეურნეობების, ხელფასის, პენსიის, თუ სხვა სახის მონეტარული სახსრების მსყიდველობითუნარიანობა იზრდება. იზრდება ის პოტენციალი და პერსპექტივა, რომ ამ თანხით უფრო მეტი რაოდენობის საქონელი და მომსახურება იქნეს შეძენილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მაგრამ ყველა მედალს ორი მხარე აქვს: როდესაც ლარი მყარდება ეს ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გაძვირებას იწვევს. არადა, საქართველოს ექსპორტი გასულ წელს რეკორდულ მიჯნაზე გავიდა. მთელი ექსპერტის მოცულობამ 4-მილიარდიან ზღვარს პირველად გადააჭარბა, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მილიარდიანი ზღვარი პირველად გადალახა. უფრო მეტსაც გეტყვით, წინა წელთან შედარებით, ეს ისტორიული მიღწევაა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, წინა წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მატებამ შესაბამისი პროდუქციის იმპორტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ანუ, რა მაქვს მხედველობაში: ყოველი 100 დოლარის იმპორტზე მატების მხრივ ექსპორტმა 141 დოლარი შეადგინა. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სალდო მნიშვნელოვნადაა შემცირებული: 759 მილიონიდან 212 მილიონ დოლარამდე. ეს რას ნიშნავს: ჩვენ არა მარტო იმდენი, არამედ გაცილებით მეტი რაოდენობის სასურსათო პროდუქციის იმპორტში დავზოგეთ და ქვეყნიდან სულ ცოტა 536 მილიონი დოლარი არ გავიდა.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ლარის გამყარება პირველ რიგში მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია?
- პირველად ბოლო 14 წლის მანძილზე, 2007 წლის შემდეგ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო არა მარტო სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა, ირლანდიის შემდეგ. ასეთი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს 2007 წლის შემდეგ არ ჰქონია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როცა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ. ბიზნესსექტორში საგრნობი, 20%-ზე მაღალი ზრდა გვაქვს, ხოლო რეალურ განზომილებაში დაახლოებით 17-18%-იანი მატება. ანუ რეალურად, მეტი წარმოებული პროდუქცია გვაქვს, რომლის ნაწილი, უფრო მეტი რაოდენობით ქვეყნის შიგნით ხვდება და მისი მსოფლიო ბაზარზე გასვლა იზრდება. ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე სამამულო პრუდუქციის გატანას ვზრდით. ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც იზრდება. ჯამურად, ეს ეროვნული პროდუქტის ადმინისტრირებაში ჰპოვებს ასახვას. მხედველობაში მაქვს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა ქვეყნის სავაჭრო – საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას, სახელმწიფო ვალის მთლიან ეროვნულ პროდუქტთან მკვეთრ შემცირებას უზრუნველყოფს. უკვე ვახსენე, რომ ჩვენ საგარეო ვალის მომსახურებისთვის საგრძნობი სახსრები გვეზოგება. არის გამოწვევებიც, როცა მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ფასი იზრდება. ქართულ ბიზნესს მოუწევს მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ არამწარმოებლური ხარჯები შეამციროს, სახსრების და ყველა რესურსის რაციონალური გამოყენება გაზარდოს და ამით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება შეძლოს. ეს ლარის სწრაფი გამყარების პირობებში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

საქართველოს ეკონომიკამ უახლოეს თვეებში უნდა დაამტკიცოს, რომ ის მდგრადი და განვითარებადია. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს, ესაა არა ეკონომიკური, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი, რწმენა იმისა, რომ ლარის მდგომარეობა, მისი კურსი უარესობისკენ არ შეიცვლება. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა, ან ექსპორტ-იმპორტს შორის სალდოს ცვლილება. საზოგადოებაში მტკიცდება იმის რწმენა, რომ ლარი საიმედო ვალუტაა და მის კურსს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რაც ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში მოხერხდა. ხელისუფლების სწორი და რაციონალური პოლიტიკის ხარჯზე შევძელით, რომ შეზღუდული რესურსებისა და არცთუ იდეალური საგარეო პირობების გათვალისწინებით ეკონომიკური ზრდაც და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაც მოგვეხდინა.