მინისტრების ცვლილებამ ბიზნესმენებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

მინისტრების ცვლილებამ ბიზნესმენებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა - ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი კი ოთარ შამუგიამ დაიკავა, რომელიც ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამით ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პრემიერობიდან 11 თვის თავზე მთელი ეკონომიკური ბლოკი განაახლა.

ეკონომიკის აწ უკვე ექსმინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სფეროს შეცვლა დაასახელა. როგორც მან გადადგომამდე განაცხადა, ამ წლების განმავლობაში შეიქმნა იმის მყარი საფუძველი, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.

„ეს სამი წელი არ გახლდათ მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული იყო. მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გავანდობ საზოგადოებას“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრ ლევან დავითაშვილის (რომელიც ასევე ვიცე-პრემიერია და ამ პოზიციას ინარჩუნებს) თქმით კი, მნიშვნელოვანია ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება.

„პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევით, ერთი მხრივ, ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა, თუმცა გვაქვს დიდი ამოცანები, გეგმები და ასევე, ვალდებულება მოსახლეობასთან, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ვაჩვენოთ და, გარდა ამისა, შევქმნათ დასაქმების მაქსიმალური საშუალებები მოქალაქეებისთვის, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი შემოსავლების ზრდასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან. მინდა წარმატებები ვუსურვო ოთარ შამუგიას, რომელიც სამინისტროს გუნდის გამორჩეული წევრია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით შეასრულებს თავის მოვალეობებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ბიზნესი მალევე გამოეხმაურა ცვლილებებს და კომენტარები, ძირითადად, ეკონომიკის სამინისტროს შეეხებოდა.

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის ვატო ასათშვილის აზრით, ეკონომიკის მინისტრის ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან მთავრობას რეფორმების კუთხით ხედვა არ აქვს.

„საკადრო ცვლილებებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან ვხედავთ, რომ რეფორმატორული ხედვები არავის აქვს და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არავინ აპირებს. ეს არის უბრალოდ შესაკრებთა გადანაცვლება, რომელიც ჯამს არ შეგვიცვლის. ტურიზმის კუთხით ვხედავთ, რომ თვეები გავიდა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დანიშნული არ არის. რაზეა საუბარი, რა ქმედით ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, როცა საკადრო ცვლილებები ვერ განუხორციელებიათ. აქედან გამომდინარე, არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდებით“, - განაცხადა ასათაშვილმა.

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე კი ფიქრობს, რომ ლევან დავითაშვილმა წლების განმავლობაშ სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმხელა გამოცდილება დააგროვა, უმჯობესი იყო, იქ დარჩენილიყო.

„ეკონომიკის სამინისტროში უფრო ბევრი სამუშაო ექნება. სჯობდა სოფლის მეურნების სამინისტროში ყოფილიყო, რადგან ამ წლების მანძილზე დიდი გამოცდილება მიიღო ამ სფეროში და საკითხებიც იცის. ჩემი აზრით, როცა ადამიანი ასე კარგად ერკვევა საკითხებში, იქ უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ ვაშაკიძემ.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია კი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი აზრით, ეკონომიკის ახალი მინისტრი სერიოზულ შედეგებს მიაღწევს.

„დამიჯერეთ, ლევან დავითაშვილი სერიოზულ შედეგს დადებს. ხშირი ცვლილებები მთლად საინტერესო არ არის, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერთი ადამიანის მიერ მეორის შეცვლა აუცილებელია. ლევან დავითაშვილს სერიოზული შედეგები ექნება. გაუმართლა, რომ პანდემია სრულდება, აღმავლობის პერიოდი იწყება. ამ პერიოდში მთავარია, რომ არ მოექცეს განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებებით, ბიზნესისთვის განსაკუთრებულად არაფერს შეიცვლება. კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი თვლის, რომ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას მაგივრად ლევან დავითაშვილის დანიშვნა, პარტია „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკური საკითხია და ამით სამთავრობო პოლიტიკა არ იცვლება.

„ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულად არაფერს ცვლის. რა განცხადებებიც მოვისმინე, ეს დასკვნა ვერ გამოვიტანე. მინისტრების ცვლილებით რამეს შეცვლის განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რადგან აქ სამთავრობო პოლიტიკაა მთავარი - როგორ უდგებიან ეკონომიკურ საკითხებს. ასე რომ, დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები შეიძლება ვიხილოთ“, - განმარტა დაუშვილმა.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ცვლილება ნორმალური მოვლენაა.

„ეს არის მორიგი, სწორი ნაბიჯი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. საქართველოს მთავრობას სჭირდება განახლება. იმის ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებია, ეს აუცილებელია.

ქალბატონი თურნავა ძალიან კარგად გაუმკლავდა არსებულ გამოწვევებს და ამაზე მეტყველებს ის ეკონომიკური ციფრები და პროგნოზები, რომელიც დადო მსოფლიო ბანკმა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მინისტები უნდა შეიცვალონ იმ დროს, როდესაც რაღაც წარუმატებელია მათ საქმიანობაში. არის მომენტი, როდესაც შენ ადიხარი შენი საქმიანობის პიკზე და ამის იქით, წურავ შენს რესურსს. ახალი ეტაპი იწყება, როდესაც შენს გუნდს სჭირდება ახალი სისხლი და გადახალისება. ეს დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა.

ნამდვილად არ არის გამორიცხული სხვა ცვლილებებიც. დარწმუნებული ვარ, გააზრებულია სხვადასხვა უწყებების საქმიანობა და ამის ფონზე, თუ მოხდება ცვლილება, ჩემთვის გასაგები იქნება. ნებისმიერი ცვლილება, რასაც ვუყურებ მიმართულია ქვეყნის კეთილდეობისკენ“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, არსებული ვითარების ფონზე, მისთვის გაუგებარია ის საკადრო გადაადგილება, რომელიც განხორციელდა. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, როდესაც ცვლილება ხდება, შემდეგ ნდობის საკითხი თავიდან უნდა დადგეს.

„მიჭირს თქმა, როგორი მინისტრი იყო თურნავა, მით უმეტეს პანდემიის ფონზე, ეკონომიკური პროცესი დაძაბულია და ასეთ დროს იშვიათად ცვლიან „ცხენებს,“ თუ რაიმე არ შავდება. აშავებდა თუ არა რამეს თურნავა, ვერ ვიტყვი. ცვლილება ყოველთვის დააფიქრებს ადამიანს მიზეზზე, რატომ ხდება ეს ცვლილება, მაგრამ მე იმის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ ამ ეტაპზე, რომ ღარიბაშვილს დასჭირვებოდა თავისი კადრების გაძლიერება, - რა ხდება საიმისოდ, რომ პრემიერ-მინისტრს სჭირდებოდეს უფრო ძლიერი მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტში, ამის საფუძველს დღეს ვერ ვამჩნევ.

თურნავაც სულ პედალირებდა თემაზე, რომ ეკონომიკური ზრდის პერიოდი მოდის, ამიტომ არის გაუგებარი, რა ამოცანას ისახავდა ეს ცვლილებები?

ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი იყო ეკონომიკური, რადგან ეს შეიცვალა, სხვა მიმართულებებით აუცილებლობა ნაკლები იქნება, თუმცა, პანდემიის ფონზე, უკვე მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას ვგულისხმობ - ამასთან, განათლების სისტემის ადაპტირება პანდემიის პირობებთან რთული საქმეა, ერთადერთი ეს სფერო დარჩა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა, ნათია თურნავა განტევების ვაცად წარმოაჩინა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ის ჩაანაცვლა.

„საუბარი მარტო კადრების ცვლილებებზე არ არის. ხელისუფლება კი ტრაბახობს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდაა და თითქოს მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, თუმცა, სავარაუდოდ, ხელისუფლებაც აცნობიერებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. ასევე, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოსგან შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა და მათმა რაოდენობამ 643 ათასს მიაღწია. აქედან გამომდინარე, ღარიბაშვილს სურს, რომ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას განტევების ვაცის როლი ეთამაშა. თითქოს მისი არაკომპენტენტურობის შედეგად მოხდა ის, რომ თითქოს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სავარაუდოდ, ესაა რეალობა მთავრობის ცვლილების“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მთავრობის ცვლილებას, შოთა რუსთაველის აფორიზმს ადარებს „იგი წავა და სხვა მოვა“ და მთავრობის როტაციაში პრობლემას ვერ ხედავს.

„პრემიერ-მინისტრს რაც უფრო მეტი საიმედო კადრი ეყოლება, სახელმწიფოსთვის მით უფრო უკეთესია. ისინი შეხმატკბილებულად და ორიენტირებულად იმუშავებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და მით უმეტეს ორივე კადრი, რომელიც დაინიშნა, ორივე პროფესიონალია საკუთარ საქმეში. რაც შეხება ნათია თურნავას წასვლას, მან თავად განაცხადა, რომ სხვაგან უნდა საკუთარი ძალების მოსინჯვა. ის ეკონომიკის სამინისტროში დიდი ხანი მუშაობდა და როტაცია ყველგან და ყოველთვის საჭიროა“ , -განუცხადა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-ს.

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები არის ბუნებრივი პროცესი და როგორც არ უნდა ეცადონ ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება.

გუშინვე კიდევ ერთი სიახლე მოხდა და დასახელდა ბიზნესომბუდსმენიც, რომლის თანამდებობაზეც პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელია დანიშნა. იგი აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას კი ნინო კვენატაძე ასრულებდა.