„ერდოღანი-ზელენსკის ურთიერთობები რუსეთის გაღიზიანებას ისედაც იწვევდა, მთავარია, რუსეთი კულისებში რას გაარკვევს“

„ერდოღანი-ზელენსკის ურთიერთობები რუსეთის გაღიზიანებას ისედაც იწვევდა, მთავარია, რუსეთი კულისებში რას გაარკვევს“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა. თურქ კოლეგას უკრაინის ლიდერმა ვლადიმირ ზელენსკ უმასპინძლა. თურქეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომაში.

არსებული ინფორმაციით, ერდოღანის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის 12 შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტმა ვიზიტის შესახებ კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში შეხვედრები სასარგებლო შედეგებს გამოიღებს ორი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონისთვის.

სწორედ უკრაინა-რუსეთ შორის დაძაბულობის ჩაქრობას ერდოღანი ერთი თვის წინ ცდილობდა და ზელინსკი-პუტინს ანკარაში ეპატიჟებოდა, თუმცა მოხდა ისე, რომ თავად ესტუმრა უკრაინას. ერდოღანის უკრაიანში ვიზიტი რამდენად გააღიზიანებს პუტინს და რა შედეგს ვიხილავთ, ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანამბიციები აქვს, რომ რეგიონში ლიდერი იყოს და ამიტომ ახლა უკრაინაში თავისი როლის შესასრულებლდ ჩავიდა.

 „უკრაინის კრიზისის მოგვარებაში რამდენიმე საერთაშორისო აქტორია ჩართული. ესენი არიან - აშშ, ნატო, ევროკავშირი საფრანგეთის პრეზიდენტის თაოსნობით, ცალკე დიდი ბრიტანეთი და ასევე ნორმანდიის ფორმატი. ახლა თავისი როლის შესრულება უნდა ერდოღანსაც. ერდოღანს აქვს იმის ამბიციები, რომ რეგიონალური ლიდერი იყოს და რაც მთავარია, გავლენიანი ლიდერი იყოს. აქ აშკარად არ ჩანს ჩინეთის როლი. შესაძლოა, ის კულუარულად თამაშობს. თუმცა, ახლა, სამწუხაროდ, პუტინს აქვს მისთვის საბედნიეროდ არჩევანის უფლება - რომელი ფორმატით შეეცადოს ამჟამინდელი დაძაბულობის მოგვარებას და რამდენად წარმატებული იქნება ამაში ერდოღანი, ამას რამდენიმე ხანში ვნახავთ.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერდოღანმა პუტინის მიმართულებით საკმაოდ გამაღიზიანებელი განცხადება გააკეთა - ის აპირებს თურქული უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების ქარხნის უკრაინის ტერიტორიაზე აშენებას. ეს რასაკვირველია, კრემლს გააღიზიანებს. აქ საინტერესო ისიც არის, რომ უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ესკალაციისთვის საკმარისი მიზეზები არ არის. იმის  მიუხედავად, რომ რუსეთის ასი ათასზე მეტი ჯარისკაცია მობილიზებული უკრაინის საზღვრებთან, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ საპანიკო არაფერია. ამიტომ აქ საინტერესოა, გეოპოლიტიკური თამაში. სამწუხაროდ, ყველაფერი პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული. ესკალაციის მოსაგვარებლად ის რომელ ფორმატს აირჩევს, ამას უახლოესი პერიოდი დაგვანახებს, რა თქმა უნდა, თუ პუტინს ამის სურვილი აქვს“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.

როგორც for.ge-სთან ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა, ერდოღანი-ზელენსკის ურთიერთობები რუსეთის გაღიზიანებას აქამდეც იწვევდა. ასევე ექსპერტი მიიჩნევს, რომ თურქეთს და რუსეთს რიტორიკა ეძაბება ერთ მთავარ საკითხში - ეს არის ყარაბაღში გამოცდილი „ბაირახტარების“ მიყიდვა უკრაინისთვის.

„თურქეთის შუამავლობას ამ ეტაპზე რუსეთი რომ არ მიიღებდა, ამაზე სოციალურ ქსელშიც დავწერე. მაქსიმუმ რაზეც რუსეთი შეიძლებოდა წასულიყო, შეიძლებოდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დათანხმებულიყო. რუსეთმა უკრაინაში ეს ყველაფერი რატომ წამოიწყო? - იმიტომ რომ, საკუთარი ძალები წარმოეჩინა და აშშ-თან პუტინი პირისპირ დამჯდარიყო და ესაუბრა, როგორც თანაბარ მოთამაშეს. ანუ, ცდილობს დაიბრუნოს ის სტატუსი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირს ჰქონდა.

სახელმწიფოსთან, რომელიც ბირთვული იარაღს ფლობს და ასეთი აგრესიული ხდება, ყველანაირად ცდილობენ დუღილის ტემპერატურა დაწიონ. ანუ, როცა რუსეთის მიზანი იყო, დაძაბულობით მიეღწია დასავლეთთან პირისპირ მოლაპარაკების წარმოებას, რასაც ტრამპის პერიოდში ვერ აღწევდა, დღეს მოახერხა. თუმცა, რაიმე თანამშრომლობაზე საუბარი არ არის, უბრალოდ, მხარეებს შორის მოთელვა მიდის. რა თქმა უნდა, ამ დროს, რუსეთი ერდოღანის წინადადებას არ მიიღებდა, რომ ის ყოფილიყო მასსა და ზელენსკის შორის შუამავალი.

რაც შეეხება თურქეთ-უკრაინის ურთიერთობას, თურქეთი თავის პოლიტიკას გაატარებს, რომელიც რუსეთის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდის. ვგულისხმობ ყირიმის საკითხს. თურქეთი რჩება თავის პოზიციაზე და ანექსია მისთვის მიუღებელია. მეორე თემაა, რის გამოც თურქეთს და რუსეთს რიტორიკა ეძაბებათ, ეს არის ყარაბაღში გამოცდილი „ბაირახტარების“ მიყიდვა უკრაინისთვის.

რაც შეეხება ერდორანის სტუმრობას უკრაინაში, რამდენად გააღიზიანებს პუტინს - ერდოღანი-ზელენსკის ურთიერთობები რუსეთის გაღიზიანებას ისედაც იწვევდა. მთავარია, რუსეთი კულისებში რას გაარკვევს და საჯაროდ რა განცხადებები გაკეთდება“, - გვითხრა ამირან სალუქვაძემ.