„იმის მიუხედავად, რომ „მწვანე პასპორტი“ შეიძლება ხარვეზებით მუშაობდა, მისი გაუქმება ცუდ გავლენას მოახდენს ვაქცინაციის კუთხით“

„იმის მიუხედავად, რომ „მწვანე პასპორტი“ შეიძლება ხარვეზებით მუშაობდა, მისი გაუქმება ცუდ გავლენას მოახდენს ვაქცინაციის კუთხით“

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება 1-ელ თებერვალს გაუქმდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მსოფლიო პრაქტიკით ხსნის. როგორც მთავრობაში აცხადებენ, „მწვანე პასპორტის“ გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ გაზრდილია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი და ხელისუფლების მიერ გადადგუმული ეს ნაბიჯი, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელთან კავშირში არ არის, რადგან აცრა ნებაყოფლობითია და არა ვალდებულება.

მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას სპეციალისტების ნაწილი უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული, მომავალში უარყოფითად იმოქმედებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ „მწვანე პასპორტი“ იმ პირობებით, რომლითაც მიღებული იყო, არასწორია და არსებითად მნიშვნელოვანი გახლდათ მისი ერთგვარი, ეფექტური მოქმედებისთვის მოყვანა.

ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმება დიდ, უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ არა თუ გაუქმებულუყო, სახე შეეცვალა და სხვა ფორმით ყოფილიყო წარმოდგენილი.

„მწანე პასპორტი ბევრმა ქვეყანამ კარგად გამოიყენა და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით იმუშავა, თუმცა, ჩვენთან სამწუხაროდ, ასე არ გამოვიდა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე: თავიდანვე ის წესები, რაც „მწანე პასპორტებს“ უკავშირებოდა, ბოლომდე გამართლებული არ იყო. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი, მას სამუდამო „მწვანე პასპორტი“ ეძლეოდა, რაც არსებითად ეწინააღმდეგება „მწვანე პასპორტის“ არსებობას.

ვიცით, რეინფიცირების რისკები საკმაოდ მაღალია და „ომიკრონის“ პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ფორმით, რა ფორმითაც „მწვანე პასპორტი“ არსებობდა, არ იყო ეფექტური. გაუქმებამ არ მგონია, რაიმე დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, რომ არ გაუქმებულიყო, არამედ სახე შეეცვალა და სხვა ფორმით გვქონოდა „მწვანე პასპორტი“, ისეთივე წესებით და რეგულაციებით, როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში იყო.

მაინც ვფიქრობ, რომ ცუდად იმოქმედებს ეს ყველაფერი ვაქცინაციის პროცესზე, ადამიანები, ვინც არ იცრებიან, ახლა მით უმეტეს არ აიცრებიან. მიუხედავად იმისა, რომ „მწვანე პასპორტი“ შეიძლება უეფექტო იყო და ხარვეზებით მუშაობდა, მისი გაუქმება მაინც ცუდ გავლენას მოახდენს ზოგადად საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ვაქცინაციის კუთხით“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

ექიმი-ინფექციონისტის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, საზოგადოების გარკვეული ნაწილი „მწვანე პასპორტებს“ ერთმანეთს აძლევდა და იყენებდა.

„ამ „მწვანე პასპორტებს“ თურმე ერთმანეთს აძლევდნენ და იყენებდნენ მეგობრის, ახლობლის „მწვანე პასპორტებს.“ თუ ამას გავითვალისწინებთ, მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ უნდა მივიღოთ. თუმცა, გარკვეულწილად, უარყოფითად მაინც იმოქმედებს, ამ „მწვანე პასპორტებით“ მცირე ბარიერი მაინც არსებობდა და ახლა აბსოლუტურად, აღარ არსებობს. ამასთან, მეორე მომენტია, - დღეს უკვე აქტიურია გადამდებლობა, მობეზრდა ხალხს. თუ რამეს ვაკეთებთ, ბოლომდე უნდა მივყვეთ ხოლმე, რაღაც კანონი რომ შემოგვაქვს, იმის აღსრულებას უნდა ვეცადოთ. „მწვანე პასპორტის“ შემოტანა იყო სწორი, მაგრამ გაუკონტროლებლობა და მისი გაუქმება იყო შეცდომა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის გაუქმების მიზეზები ახსნა. მისი თქმით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის მოხსნა არ ნიშნავს რომ რეგულაციები, რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტეს.

„ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ სავალდებულო ხასიათი ქვეყნის შიგნით „მწვანე პასპორტს“ ამ ეტაპზე არ ჰქონდეს. „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება „ომიკრონის“ პირობებში მაღალია. ამდენად, ეს არ იცავს, არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო, თუ ის შევა რომელიმე ბიზნეს გარემოში, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გამოვიყენეთ. ასევე, ვაქცინაციის ნაწილში, ვაქცინაციის შემთხვევაში, ვაქცინაციაც ვიცით, რომ არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, დაცვა არის უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის.

„ომიკრონის“ შემთხვევაში ესეც არის მნიშვნელოვანი, ამდენად ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის ყოველდღიურად პსრ ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად ჩვენ რეალურად რომ ვთქვათ, პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, ეს არის ახალჩატარებული ტესტი, პსრ და ანტიგენ ტესტი. ამრიგად ამ ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა რომ „მწვანე პასპროტის“ სავადებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ არ ნიშნავს, რეგულაციები რაც დაწესებულია ან ვაქცინაციის კამპანია რამენაირად უნდა შესუსტეს, რადგან ვაქცინა რჩება ერთ-ერთი მთავარი დაცვა. ბევრმა ქვეყანამ შეცვალა „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნები, დაამატა „ბუსტერ“ დოზის მოთხოვნა, პსრ ტესტირებაზე მეტი აქცენტი. იმ ფორმით, რა ფორმითაც გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არ ქმნის სრულ გარანტიას. აქედან გამომდინარე, ტექნიკური საფუძვლები იმისთვის, რომ „მწვანე პასპორტმა“ ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს, არაა. მეორე მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება. ეს ეფექტი დღეს ნაკლებად აღინიშნება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ იხსნება, თუმცა, ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.