„ჭიაბერაშვილი და ჯგერენაია საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ“

„ჭიაბერაშვილი და ჯგერენაია საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ“

(იბეჭდება შემოკლებით)

რა უნდა ქნას პრეზიდენტმა, როცა ქალაქის მერს - ჭიაბერაშვილს „ქართვლის დედის“ ხელში ხმალი ფალოსად ეჩვენება, ხოლო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ჯგერენაიას ქეიფი „გეიფი“ ჰგონია? - ვკითხეთ ქართული კულტურის წარმომადგენლებს.

ზურაბ ქაფიანიძე, საქართველოს სახალხო არტისტი:

„მრცხვენია, რომ ამ დღეს მოვესწარი. არ მეგონა, ამდენი მოღალატე და ორგული ადამიანი თუ ჰყავდა საქართველოს! მერე ვინ შეურაცხყოფს ქართულ სუფრას - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. რა გარანტია გვაქვს იმისი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის წიგნები გადაყრილი არ დაგვხვდება და ქართვლის დედას დამსხვრეულს არ ვიხილავთ?! ვინ მისცა ამ ნაძირალას იმის უფლება, რომ ქართულ სუფრას „გეიფი“ უწოდოს?! პარადოქსები ხდება. ზოგჯერ შეცდომებს უშვებს მთვრალი კაცი, მაგრამ რაღა მაინცდამაინც ამას ხედავს და ვერ გრძნობს მრავალჟამიერს, ლექსებისა და სადღეგრძელოების მადლს?! ქართული სუფრა ჩვენი უკვდავი სალოცავია. როდესაც ეკლესიაში ლოცვა აგვიკრძალეს, სუფრაზე ვლოცულობდით. აი, ამ სალოცავს გვიგინებენ, შვილო! ვინ პატრონობს ან რა ოჯახში გაიზარდნენ, რომ დედისა და ქართული სუფრის ფასი არ იციან. რა სისხლი აქვთ, ასე ადვილად რომ ყიდიან საქართველოს.“

ბორის წიფურია, საქართველოს სახალხო არტისტი:

„მას შემდეგ, რაც ქართულ სუფრაზე ჯგერენაიას ნააზრევი წავიკითხე, ვფიქრობ და ვერ გამიგია, სად იკრიბებოდნენ ან რა სუფრებიდან აიღო კონსულტაცია ამ ოჯახაშენებულმა. მთელი ჩემი ცხოვრება ვქეიფობ და შემზარა მისმა ამ განცხადებამ. სუფრიდან სახლში რომ ვბრუნდები, ლამის ღამე მათენდება იმაზე ფიქრში, თუ ვინ რა სადღეგრძელო თქვა, როგორ დავლოცე ჩემი ხალხი და ქვეყანა. ქართულ სუფრაზე თამადობას დედის სადღეგრძელოთი ვიწყებ. შენ დედა გყავს?! ვავა, ბორია, ვავა, რასაა, რომ ბოდიალობს ეს ხალხი?! ონჯღორე ვაი ჩქუნო, წიე, სი! მიუხედავად იმისა, რომ ჯგერენაია არ არის ცუდი გვარი, მეგრულად ჯგირთან, ანუ კარგთან ასოცირდება, მისით ვერ ვიამაყებთ. ეს იმას ნიშნავს, გულბაათ ჭავჭავაძე, შალვა დადიანი, გვანჯი ჩიქოვანი, სიმონიკა სხირტლაძე, სოსო აბაშიძე, ნიკო მუსხელიშვილი და სხვა ცნობილი თამადები საფლავში გადავაბრუნოთ! ბოლოს და ბოლოს, თუ ტრადიციულ ქართულ სუფრაზე არ გიქეიფია შემიძლია, მაგალითი მოგცე იმისა, რა არის ნამდვილი ქეიფი.“

ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი:

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შეუცვალოს სამსახური ადამიანებს, რომელთაც ასეთი ასოციაციები აქვთ „ქართვლის დედის“ ხმალთან და ქართულ ქეიფთან დაკავშირებით. უამრავი დაწესებულება არსებობს, სადაც, უკაცრავად პასუხია და, ფალოსიც არის და გეიფიც. ქალაქის მერი ისეთი პიროვნება უნდა იყოს, რომლისთვისაც ქართველი ხალხის წარსულიც ძვირფასია და მომავალსაც უკეთესს ააშენებს. დღეს სააკაშვილის გარემოცვა დიდ შეცდომებს უშვებს. ამ შეცდომების რიცხვი, სამწუხაროდ, ნაწვიმარზე სოკოებივით მრავლდება.“

გიორგი კანდელაკი, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი:

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ჭიაბერაშვილი და ჯგერენაია სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს თანამდებობიდან. მეტიც, ჩემი აზრით, ასეთი ხალხი საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს. ქართველები ნამდვილად არ იმსახურებენ, რომ ასეთი ადამიანები მათ ბედ-იღბალს განაგებდნენ. ისინი, ჰეროსტრატეს მსგავსად ცდილობენ, სიბინძურის ფრქვევითა და ჭეშმარიტი ღირებულებების ნგრევით შევიდნენ ისტორიაში.“

მანანა კაზაკოვა, მსახიობი:

„საქართველოს პრეზიდენტს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაჭრელი, ვიდრე ჭიაბერაშვილისა და ჯგერენაიას აზრებია. საერთოდ, ასეთი თემები განხილვის საგნად არ უნდა იქცეს, მითუმეტეს, ასეთი ფორმით და დღევანდელ სიტუაციაში, როცა ქვეყანას ამდენი გადაუჭრელი პრობლემა აქვს.“

გუგა კოტეტიშვილი, მხატვარი-დიზაინერი:

„პრეზიდენტი ასეთ საკითხებს არ უნდა წყვეტდეს, ამისათვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, თუნდაც, კულტურის სამინისტრო, სადაც სპეციალისტები მუშაობენ. დღეს ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე სტატიების საჯაროდ და ხმამაღლა განხილვა. ქართული სუფრა ხშირად უაზრო ღრეობად იქცევა ხოლმე. „ქართვლის დედა“, როგორც ხელოვნების ნიმუში, არც მე მომწონს, თუმცა, იგი თბილისის სიმბოლოდ იქცა. ისე კი, ქანდაკებების ბედს პრეზიდენტები და მერები არ უნდა წყვეტდნენ.“

გიო მგელაძე, რეჟისორი:

„ჩემთვის გულდასაწყვეტი და მიუღებელი იქნება, თუ ჭიაბერაშვილისა და ჯგერენაიას მსგავს პიროვნებებთან პრეზიდენტს მსოფლმხედველობრივი პრობლემა არა აქვს. თავად პრეზიდენტი ბევრად უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე მისი გარემოცვა! ეს ჩემთვის უმნიშვნელო აზრებია, რომლებიც მეტად უინტერესო ფიგურებმა გამოთქვეს. თბილისის საზოგადოება რა დონისაცაა, იმგვარ საკითხებზე ტეხს აჟიოტაჟს და განგაშს. ჩემი აზრით, დღეს ეს საზოგადოება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთ საზოგადოებას ასეთი მერი უნდა ჰყავდეს.“

ლაშა ბაქრაძე, კრიტიკოსი“

„პრეზიდენტს ამ საკითხზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ამან არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ჭიაბერაშვილმა და ჯგერენაიამ კერძო, პრივატული აზრები გამოთქვეს და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არიან თუ არა ისინი თანამდებობის პირები. არც საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს მოთხოვნა, რომ სააკაშვილმა მერისა და ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ნებისმიერი საზოგადოებისთვის აუცილებელია განსხვავებული აზრის არსებობა, ქართული საზოგადოება კი ებრძვის თამამ აზრებს, რომელთაც ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული ტრადიციების ეჭვქვეშ დაყენება შეუძლიათ.“

ზაზა კოლელიშვილი, მსახიობი:

„პრეზიდენტმა მკვეთრად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია ჯგერენაიასა და ჭიაბერაშვილის შეფასებების მიმართ, ის ხომ ქვეყნის პირველი პირია. ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება. ისე კი, ქართველებს ერთი კარგი თვისება გვაქვს, რომელიც, თუნდაც, დიდგორის ველზე გამოჩნდა. როცა დავით აღმაშენებელმა ხეობა ჩახერგა და ქართველებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ, უფრო გამწარებითა და გამეტებით იბრძოდნენ. როცა ქართველს კუთხეში მიიმწყვდევ, მეტ წინააღმდეგობას გიწევს. ჭიაბერაშვილ-ჯგერენაიას ოპუსებმა ახალ თაობაში უკურეაქცია გამოიწვია - ძველი ტრადიციებისაკენ მოახედა და ინტერესი გააათმაგა! ასე რომ, მათ, თავისდაუნებურად, ჩვენს წისქვილზე დაასხეს წყალი...“