ოპოზიცია გამარჯვების გზის ძიებაში, რომელიც არ ჩანს

ოპოზიცია გამარჯვების გზის ძიებაში, რომელიც არ ჩანს

ჩიხში შესული ოპოზიცია გამოსავლის ძიებაშია და ყურებჩამოყრილი სამოქმედო ტაქტიკის დაგეგმასაც ვერ ახერხებს. ყველა მოლოდინი, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველს ჰქონდა, განულებულია, შესაბამისად ოპოზიციას ახალი გეგმა და მასზე გადაწყობა სჭირდება. მიხეილ სააკაშვილზე და რიგგარეშე არჩევნებზე დადებულმა ფსონებმა არ გაამართლა. ამის პარალელურად, ორი დღის წინ გამოქვეყნებულმა სოციალურმა კვლევებმა უფრო ცხადი გახადა ის ფაქტი, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი უმძიმეს სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ენმ-ის ლიდერებს რეალობის აღქმა დაკარგული აქვთ. სააკაშვილი კვლავ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობს, ნიკა მელია კი სტრატეგიის გადახედვაზე ფიქრობს.

სად დაუშვა შეცდომები ოპოზიციამ და რაშია ახლა გამოსავალი?

„დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!“ - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ ახალ კვლევას. მისი განცხადებით, „ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია კი ფიქრობს, რომ რეალური ცვლილებების მისაღწევად სწორად უნდა გაიაზრონ, რა სურს ხალხს. მელიას აზრით, თითქმის მთლიანადაა შესაცვლელი სტრატეგიული კომუნიკაცია. მისი თქმით, ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობას შედეგი არ ექნება.

მელია ასევე ამბობს, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ტელეფონით საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების დასახელება, რაც მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ავტოკრატიასა და შიშზე მიუთითებს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თავი დაიღუპა, როცა 2 წლის განმავლობაში ხალხის პრობლემების გაგების და საქმის კეთების ნაცვლად, საკუთარი დღის წესრიგით მოქმედება გადაწყვიტა. ძაბირაძე ამბობს, რომ დაუშვებელია ოპოზიცია მხოლოდ ქუჩაში იყოს. მათ ყველა ის ინსტრუმენტი უნდა გამოეყენებინათ, რისი საშუალებაც ჰქონდათ.

„ოპოზიციამ 2 წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე შეცდომები დაუშვა, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. არ შეიძლება, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვა და ბრძოლის იარაღად მხოლოდ ქუჩა აირჩიო, მით უმეტეს ქუჩაში ხალხის გამოყვანის რესურსი როცა არ გაქვს. მცირე პარტიები ხომ, საერთოდ, „ნაციონალების“ ორბიტაზე მოხვედრის შემდეგ, მთლიანად ერთიან ქვაბში მოიხარშა. საზოგადოებამ ისინი, როგორც ენმ-თან აფილირებული ძალა, ისე აღიქვა. შესაბამისად, ადგილობრივ არჩევნებზე ვწინასწარმეტყველებდი, რომ მათი რეიტინგი განახევრებული იქნებოდა. ყველაფერი ასე მოხდა. პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი არ იციან, ვინ არის, ამიტომაც ენმ-თან თანამშრომლობის შემდეგ ისინი დაკარგეს. წვრილმა პარტიებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს, ამიტომაც ის შედეგი დადგა, რასაც ვხედავთ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ძაბირაძე ამბობს, რომ ერთიანი აზრი თავად ამ პარტიაშიც არ არსებობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა რეიტინგი დაკარგეს, ამიტომაც დრო დადგა, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. არადა ამ დროს ვერ ათვიცნობიერებს, რომ თუკი ხელისუფლებამ რეიტინგი დაკარგა, რეიტინგი ხომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დაკარგული აქვს. მელია კი ამბობს, მათი ტაქტიკა გადასახედია და რაღაცა გამოსავალია საპოვნი.

„სააკაშვილი რეალობას საერთოდ მოწყვეტილია. ივანიშვილს და „ოცნების“ რეიტინგი რომ დაცემულია, შენი რეიტინგიც ხომ დავარდა. სად ხარ და რა ხარ საზოგადოების თვალში, ეს ხომ გამოჩნდა. ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიაშიც კი გარკვეული არა აქვთ, რა გააკეთონ და რა გზას დაადგნენ. სრული დაბნეულობაა. მელია კიდევ ამ დროს ამბობს, ყველაფრის გადახედვა მოგვიწევსო. ოპოზიციამ ეს ყველაფერი უნდა გააანალიზოს და გადაჯგუფებები უნდა მოხდეს. ის ვინც ენმ-ის ორბიტაზე დარჩენას აპირებს, ვურჩევდი იმის გარანტი მაინც მიიღონ, რომ 2024 წელს გამსვლელ სიაში მაინც მოხვდებიან. შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ თავი დაუკრას და უთხრას - თქვენს თავს მიხედეთო. ამით კი განულდებიან. პატარა პარტიებმა საერთო ენა უნდა მონახონ და ჩამოყალიბდნენ რა და როგორ უნდათ. სჯობს, რომ ენმ-ის გარეშე რაღაცა ალიანსი შექმნან, რადგანაც 2024 წლისთვის ასე თუ გააგრძელეს, ისევ ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ძალიან დიდ გაუგებრობაშია და ყურებჩამოყრილები ვეღარ იგებენ, რა გზას დაადგნენ. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქვეყანა გაწონასწორებულია და ზედმეტი რყევების გარეშე ცხოვრებას აპირებს, ხოლო დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ რისიც ეშინოდათ, ის არ მოხდა. ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს და სააკაშვილის ფაქტორი დასრულდა.

„სააკაშვილის დაბრუნებამ ოპოზიციის ფიალაში ბოლო წვეთი დაამატა და ახლა საერთოდ აღარ იციან, რა გააკეთონ. მის დაბრუნებაზე მათ თამასა იმხელაზე აწიეს, რომ ახლა აღარ იციან რა გააკეთონ. 2012 წლიდან ოპოზიცია ფიქრობდა, რომ სულ მოგებული იყო, არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, თორემ გამარჯვებულები იყვნენ. როდემდე შეიძლება თვალებგახელილმა ადამიანმა რეალობის აღქმა დაკარგოს. 2 წლის განმავლობაში ოპოზიციამ საკუთარი თავი ამ განსაცდელში თავად ჩაიგდო, როცა პარლამენტში არ შევიდა, მერე შევიდა და სააკაშვილის დაბრუნების იმედით ისევ რევოლუციით იმუქრებოდა.

ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მოლოდინის რესურსი ამოეწურა. აღარ იციან, რას უნდა ელოდონ, გამარჯვება რის ხარჯზე? ლეგენდა იყო, რომ სააკაშვილი ჩამოვა და აი, ნახეთ, რას იზამს. ასევე მუქარა, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება და ნახეთ, თუ არ გავიმარჯვებთ. ეს ყველაფერი გაქრა. NDI-ის შედეგებიდან თუ ამოვალთ, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ოპოზიცია ისევ დამარცხებული აღმოჩნდება“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ჯობია ოპოზიცია დაჯდეს და გაიაზროს შეცდომები სად დაუშვა, მაგრამ სამწუხაროდ, მოქმედებას ისევ თავისი დღის წესრიგით აგრძელებს. საქართველოს მოსახლეობას იმ 9 წლის განმეორება არ სურს და ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დაბრუნება არ სურს.

„ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციას ეფარება და ამბობს, რომ ვითომ კოალიციური ხელისუფლება უნდა. ხალხს კიდევ არც კოალიცია უნდა, სადაც წამყვანი ენმ იქნება. ეს სრული დევალვაცია და მიუღებლობა საზოგადოებაში რომ არის, „ნაციონალებმაც“ და დანარჩენმა ოპოზიციამაც კარგად იციან. უბრალოდ, იმედი ჰქონდათ, რომ მათი მხარდამჭერები რადიკალური მოქმედებებით და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნით ენმ-ს უკან, ხელისუფლებაში დააბრუნებდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და რადიკალიზმი მათი ამომრჩევლისთვისაც კი მიუღებელია“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.