საგადასახადო რეფორმა დადგენილების დონეზე

საგადასახადო რეფორმა დადგენილების დონეზე

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობისა და საქმიანობების და შემოსავლების სახეები, რომელიც არ დაიბეგრება და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. დადგენილება მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია და შეთანხმებულია პარლამენტთან. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დადგენილება გარკვეულ კითხვებს მაინც აჩენს.

 

მთავრობის დადგენილების თანახმად: 

ა. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის  დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალის 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება შემდეგ საქმიანობებზე:

 

1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.

2.ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება

3.პულოვერების და ანალოგიური ნაწარმის წარმოება

4. ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონსტრირებისა და ჩვენებებისა

5. საცვლების წარმოება

6. თავსაბურავების წარმოება

7. დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება

8. ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება

9. ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება

10. ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება

11. ფაიფურისა და ქაშანაურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნაკეთობების წარმოება

12. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარმოება.

13. მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება

14. აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის ტუჩის გარმონიკების წარმოება

15. სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება

16. ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება

17. საყოფაცხოვრებო საქონლის და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს

19. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი

20. საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი

21. საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი

22. ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი

23. საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

24. თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწრმის რეცხვა და დამუშავება

25. შინამეურნეობების გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახურება..

 

დადგენილებაში კიდევ ერთხელ არის მითითებული, რომ ეს პრინციპი განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი დამოუკიდებლად ახორციელებს ჩამონათვალში აღნიშნულ საქმიანობას და არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას.

 

ბ. აკრძალული საქმიანობები, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება:

 

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას

2. საქმიანობები, რომლიდან მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში, შესაძლოა, გადააჭარბოს 30 000 ლარს

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა

5. სათამაშო ბიზნესი

 

გ. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას:

 

1. ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები

4. ჩუქებით მიღებული შემოსავალი

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით: უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი

 

დ. აკრძალული საქმიანობები, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება, მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება:

 

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას

2. საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება)

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა

5. სათამაშო ბიზნესი

6. პერსონალით უზრუნველყოფა

7. აქციზური საქონლის წარმოება

 

ე. შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში:

 

1. ქონების იჯარით გაცემა

2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი

3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები

4. ჩუქება

5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით: უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და ფასიანი ქაღალდები.

6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი

7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი

8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი

9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი

10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი

11. პარტნიორი წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება პარლამენტთან ყოველგვარი დაზუსტების გარეშე შეთანხმდა და სულ რამდენიმე დღეში ძალაშიც შევა. თუმცა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს: „ახალი კოდექსის მთავარი პრინციპი, რომ შეღავათები მიეცემოდა მცირე ბიზნესს, ტყუილი აღმოჩნდა და ახლა რა დადგენილებაც არ უნდა მიიღონ, ამ ვითარებას ვეღარ შეცვლის“.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კანონპროექტი პირველი მოსმენით ისე იქნა მიღებული, რომ მცირე ბიზნესი განისაზღვრა წელიწადში 200-ათასიანი ბრუნვით, მეორე მოსმენისთვის კი ეს ზღვარი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და 100 ათასით განისაზღვრა. რაც მთავარია, ეს მოხდა ჩუმად და მას შემდეგ ექსპერტები მუდმივად იმას აკრიტიკებენ, რომ ზღვარის უცვლელად დატოვებით, ფაქტობრივად, აღარფერი იცვლება.

 

ასამოქმედებელ საგადასახადო კოდექსში გაჩნდა მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები. მიკრობიზნესს განესაზღვრა 30 000 ლარამდე წლიური ბრუნვა, მცირე ბიზნესს – 100 000 ლარამდე. შესაბამისად, მიკრობიზნესი გადასახადებისგან გათავისუფლდა, რაც ძველი კოდექსის ნორმაცაა (საშემოსავალო გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ შრომას და ეწევა საერთაშორისო კლასიფიკატორებით განსაზღვრულ საქმიანობებს).

 

ამ დადგენილებაში კი, უბრალოდ, ჩამოთვლილია ის საქმიანობები, რაც შეიძლება ამ კატეგორიაში შევიდეს, ან არ შევიდეს.

 

მაგრამ, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ამ ჩამონათვალის პირველივე პუნქტში აღნიშნულია, რომ  მიკრობიზნესად ითვლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით. „ეს კი მიუთითებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ტრაქტორით მოხნავს თავის მიწის ნაკვეთს, მიკრობიზნესად აღარ ჩაითვლება და, შესაძლოა, მას გადასახადების გადახდა მოუხდეს. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობა ამაყად აცხადებდა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული არამარტო ფიზიკური პირები, არამედ იურიდიული პირებიც გათავისუფლდებიანო და მე მაინტერესებს, რომელი მათგანი ტყუის“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

ამ შეფასებას „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძეც იზიარებს. ამასთან, მისი თქმით, მთავრი პრობლემა ის არის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიკრობიზნესი თავისუფლდება მხოლოდ საშემოსავლო სადასახადისგან და არაფერია ნათქვამი ქონების გადასახადზე. ცალკე თემაა 30 000-ლარიანი ბრუნვის მქონე საწარმოს მასშტაბები. შეგახსენებთ, რომ 30 000 ლარში იგულისხმება რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.

 

სწორედ ამიტომ, ტყემალაძე მიიჩნევს, რომ მთლიანად სისტემაა არასწორი მიმართულებით წასული და, ცხადია, ამას მთავრობის ვერანაირი დადგენილება ვერ უშველის. მით უმეტეს. რომ გარკვეული უზუსტობები თუ ხარვეზები აქაც შეიმჩნევა.