რა პრობლემებს შეუქმნის რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკას?

რა პრობლემებს შეუქმნის რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკას?

ბოლო რამდენიმე კვირაა უკრაინასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო რეალური ხდება. რა გავლენა ექნება ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ვითარების სამხედრო კონფლიქტში გადაზრდას საქართველოს ეკონომიკაზე? ორივე ქვეყანა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და არსებული დაპირისპირება სავაჭრო ურთიერთობებს ორივე მიმართულებით გაართულებს.

„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან რისკს შეიცავს საქართველოს ეკონომიკისთვის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთთან მიმართებითაც. ორივე ქვეყნიდან სავალუტო შემოდინებების წილი წლიურად, დაახლოებით, 20%-ს აღწევს და ამაში იგულისხმება სხვადასხვა კომპონენტი - ტურიზმი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„თუ სიტუაცია გამწვავდება, რაც გამოიხატება საომარ კონფლიქტში, რომლის მასშტაბს, ცხადია, ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა მასშტაბის იქნება, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა სიმკაცრის ეკონომიკური სანქცია იქნება დაწესებული რუსეთის მიმართ. ამ სცენარით, ბუნებრივია, შეგვიმცირდება ის შემოსავლები, რაც ამ ორი ქვეყნიდან გვაქვს. განსაკუთრებით უკრაინიდან იქნება შემცირება. მთლიანი სავალუტო შემოსავლების, დაახლოებით, 8% მოდის უკრაინაზე, ხოლო დაახლოებით, 14% - რუსეთზე.

რა თქმა უნდა, ეს სრულად არ შემცირდება. სტრესული სცენარით განხილვის შემთხვევაში, რუსეთიდან, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს შემცირება, ხოლო უკრაინიდან - 30%, თუმცა აქაც იმ პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში, რომლებზე მოთხოვნაც უფრო სენსიტიურია, მაგალითად, ალკოჰოლური სასმელები. ამასთან, დიდია სასაქონლო პროდუქტების წილი, რისი სხვა ბაზრებზე გადამისამართება შედარებით მარტივია.

არსებული სტატუს-კვოს პირობებში ლარზე რამე მნიშვნელოვანი წნეხი არ იკვეთება, თუმცა თუ საომარი მდგომარეობა იქნება, ამას ჩვენზე გავლენა ექნება, თუმცა მაინც შედარებით მართვადი. არსებული სტრეს-სცენაროთ რასაც ჩვენ ვიყენებთ, მოსალოდნელია წმინდა სავალუტო შემოსავლების, დაახლოებით, 240 მილიონი აშშ დოლარით შემცირება იმ დონესთან შედარებით, რაც ომის სცენარის გარეშე 2022 წლისათვის გვქონდა, როგორც საპროგნოზო მაჩვენებელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია, თუმცა მაინც არა იმ მასშტაბის, რომ მსგავსი ამ უარყოფითი ზეგავლენის დაბალანსება ვერ მოხერხდეს“, - განუცხადა „ბიემს“ ნადარაიამ.

უკრაინაც და რუსეთიც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია და არსებული დაპირისპირება სავაჭრო ურთიერთობებს ორივე მიმართულებით გაართულებს. შეიძლება, ქართული პროდუქციის ექსპორტიც საფრთხეში აღმოჩნდეს, რაც ბოლო დროის განმავლობაში ეკონომიკის ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად ითვლება საქართველოში. სწორედ ამაზე მიუთითებს ეკონომისტმ ვახტანგ ხომიზურაშვილი.

„დღეს უკრაინა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკის მაღალი ზონაა და შესაბამისად, ბიზნეს სტრუქტურები თავისთავად იმყოფებიან ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სავაჭრო კონტრაქტების პირობების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, ეს ბუნებრივად ნეგატიურ შედეგს მოიტანს არა მხოლოდ დაპირისპირებული ქვეყნებისთვის, არამედ მათთვისაც, რომლებთანაც რუსეთსა და უკრაინას მჭიდრო სავაჭრო კავშირი აქვთ, მათ შორის, საქართველოსთვისაც. გარკვეული პერიოდით როგორც ექსპორტი, ასევე საინვესტიციო პროექტები გაჩერდება დაძაბული სიტუაციის გამო.

არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, სხვა სახელმწიფოებიც დაზარალდებიან. ექსპორტსა და ინესტიციებზე უკვე მოგახსენეთ და რაც შეეხება ფასებს, სერიოზულ ცვლილებას ამ მიმართულებით არ ველოდებით, თუმცა ეს ყველაფერი მაინც დროის მომენტია. ყველა მოლოდინის რეჟიმშია და აქედან გამომდინარე, ცვლილებებს უნდა ველოდოთ. დავაკვირდეთ, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები, უაღრესად დაძაბული ვითარებაა“, - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.

რაც შეეხება ომის სცენარში დასავლეთისა და ნატოს ჩართვას, ეკონომისტი პროცესების ამდაგვარ განვითარებას არ ელის. მისი აზრით, საეჭვოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესები რისკის ქვეშ დააყენოს.