რა რაოდენობის სესხები აქვს აღებული რუსუდან კერვალიშვილს?

რა რაოდენობის სესხები აქვს აღებული რუსუდან კერვალიშვილს?

რუსუდან კერვალიშვილმა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაცია 2008 წლის 30 აპრილს შეავსო. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მცხეთის რაიონში, არმაზის დასახლების, არმაზის ქუჩის 57-ე ნომერშია რეგისტრირებული მშობლებთან ერთად. მათ შესახებ დეკლარაციაში ვკითხულობთ:

რუსუდან კერვალიშვილი დაიბადა 1955 წლის 25 თებერვალს ქალაქ ონში.  რუსუდან კერვალიშვილის ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება ასე გამოიყურება: ბინა თბილისში, ზ. ბოცვაძის ქუჩის მეორე ნომერში 720 000 ლარი ღირს. მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში - 155 000 ლარი. საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 700 000 ლარად არის შეფასებული. აღნიშნული უძრავი ქონება რუსუდან კერვალიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.

დეკლარანტის მამის ოთარ კერვალიშვილის სახელზეა გაფორმებული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით მცხეთის რაიონში, არმაზის დასახლებაში, რომლის საბაზრო ღირებულებაც 7 200 000 ლარი გახლავთ. მისივე საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ონის რაიონში, რაც 30 000 ლარად არის შეფასებული. გარდა ამისა, რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაშია ავტომობილები: 116 500 ლარად ღირებული ავტომობილი „აუდიQ-7“, 26 000 ლარად ღირებული „ნისან ალტიმა“ და 29 000 ლარად ღირებული „ტოიოტა რავ-4“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს დეკლარირებული აქვს ძვირფასეულობაც. 2 ცალი ოქროს გულსაკიდი 47 000 ლარი, ხოლო ოქროს ჯვარი 23 000 ლარი ღირს. რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაში არსებული 23 ცალი ფერწერული ტილო 2 000 000 ლარის ღირებულებისაა, ხოლო ოთარ კერვალიშვილის საკუთრებაში არსებული 27 ცალი ფერწერული ტილო 1 700 000 ლარად არის შეფასებული. დეკლარირებულია ასევე რუსუდან კერვალიშვილის საკუთრებაში არსებული 35 000 ლარად ღირებული სასადილო გარნიტური და 4 ცალი ლარნაკი, რომელთა საერთო ღირებულება 120 000 ლარია. ოთარ კერვალიშვილის საკუთრებაა 65 000 ლარად ღირებული სასადილო გარნიტური, 6 ცალი საძინებელი გარნიტური, რომელთა საერთო ღირებულება 190 000 ლარია და მისაღები ოთახის 2 გარნიტური, რაშიც 55 ათასი ლარი გადაუხდიათ.

ახლა დეკლარანტის საბანკო ანგარიშებს გადავხედოთ: დეკლარაციის შევსების დროისთვის მას „თიბისი ბანკის“ შემნახველ ანგარიშზე 14 773 აშშ დოლარი, ხოლო საბარათე ანგარიშზე მინუს 14 965 აშშ დოლარი ერიცხებოდა. ბანკ „რესპუბლიკის“ საბარათე ანგარიშზე 4 968 აშშ დოლარი ჰქონდა. „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიზე 0.30 აშშ დოლარი და 2,22 ლარი, საბარათე ანგარიშზე კი მინუს 4 511 აშშ დოლარი ერიცხებოდა.

შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“, შპს „ცენტრ პოინტი ჰაუსი“, შპს „ცენტრ პოინტი პლეხანოვზე“, შპს „ცენტრ პოინტი დეველოპმენტი“, შპს „ცენტრ პოინტი ინვესტი“, შპს „ცენტრ პოინტის სასტუმროებისა და კურორტების მმართველი კომპანია“, შპს „ცენტრ პოინტი ბიჩი“, შპს „აპექსი“, შპს „მარიჯანი“ - ეს ის შპს-ებია, სადაც რუსუდან კერვალიშვილი პარტნიორი გახლავთ. აღნიშნული შპს-ებიდან დეკლარირებულია მხოლოდ შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფიდან“ მიღებული შემოსავალი, რაც საანგარიშო წლის განმავლობაში 31 972 ლარი ყოფილა. ამასთან იგი სს „ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს“ აქციონერია, სადაც 10 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე 2 000 ცალ აქციას ფლობს.

საანგარიშო წლის განმავლობაში რუსუდან კერვალიშვილსა და შპს „ცენტრ პოინტ ინვესტს“ შორის გაფორმებულა სესხის ხელშეკრულებები 400 000 აშშ დოლარის, 100 500 აშშ დოლარის, 70 000 აშშ დოლარის, 30 000 აშშ დოლარის და 45 000 ლარის თაობაზე. 2005 წელს 3 წლის ვადით მას „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კრწანისის ფილიალთან 3 125 270 ლარის თაობაზე გაუფორმებია სესხის ხელშეკრულება.

სესხის ხელშეკრულებები დეკლარანტს გაფორმებული აქვს „თიბისი ბანკთანაც“. 2005 წლის 7 აპრილს 2008 წლის 10 აპრილამდე „თიბისი ბანკთან“ მან 24 000 აშშ დოლარის შესახებ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა. 2006 წლის 3 ივლისს 2009 წლის 10 ივლისამდე 17 300 აშშ დოლარის შესახებ გაუფორმებია თავდებობისა და სესხის ხელშეკრულება, 2007 წლის 19 ნოემბერს სესხის, თავდებობისა, გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით მას ამავე ბანკიდან 53 040 აშშ დოლარი მიუღია. 2007 წლის 28 დეკემბერს 2009 წლის 1 აპრილამდე ამ ბანკიდან მას სესხის სახით 18 000 აშშ დოლარი გამოუტანია, 2007 წლის 9 მარტს 3 წლის ვადით 92 960 აშშ დოლარის თაობაზე სესხის, გირავნობისა და თავდებობის ხეეკრულება აქვს გაფორმებული. მსგავსი ხელშეკრულება ორი წლის ვადით 53 950 აშშ დოლარის თაობაზე მას 2008 წლის 6 თებერვალსაც გაუფორმებია.

2008 წლის 19 მარტს რუსუდან კერვალიშვილმა 3 წლის ვადით სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით „საქართველოს ბანკიდან“ 16 674 აშშ დოლარი მიიღო. დეკლარანტი „თიბისი ბანკის“ ორ საკრედიტო ბარათს ფლობს, თითოეულზე 10 000-10 000 აშშ დოლარი ერიცხება.

დეკლარაციის შევსების დროისთვის რუსუდან კერვალიშვილს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 600 000 აშშ დოლარის ოდენობით.

საანგარიშო წლის განმავლობაში რუსუდან კერვალიშვილს უძრავი ქონების რეალიზაციით 3 974 638 ლარი მიუღია, უძრავი ქონების შეძენისთვის გაწეულმა ხარჯმა კი 2 817 402 ლარი შეადგინა.