სურსათის მარაგის მხრივ მსოფლიოში საკმაოდ რთული ვითარებაა. დიდი ალბათობით, პანდემია გლობალური წარმოების მასშტაბს საგრძნობლად შეამცირებს. შესაბამისად, ზომების მიღება მოუწევს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს.
სპეციალისტების აზრით, განსაკუთრებული ყურადღება სტრატეგიულ მარაგებზე უნდა გაკეთდეს. აგრარული სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილი აცხადებს, რომ ზომები გასაძლიერებელია, რადგან სტრატეგიული მარაგების სიმცირე ქვეყანაში შიმშილობას გამოიწვევს.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ გაჩნდეს. ჯერჯერობით სტაბილური მდგომარეობა გვაქვს და ეს მოცემულობა მომდევნო წლების განმავლობაშიც უნდა შევინარჩუნოთ. ზომებს თუ არ გავაძლიერებთ, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია.
პანდემიამ ისე შეცვალა მსოფლიო, რომ არავინ იცის, როდის რა შეიძლება მოხდეს, ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს. ამიტომ სწორედ სტრატეგიული პროდუქტების წარმოების ზრდაზე უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში, ხორბლით მომარაგების საკითხია გადასაწყვეტი. დიდწილად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, რომელიც მუდმივად ძვირდება, ამიტომ დროულად არის პრევენციის ზომები მისაღები“, - განუცხადა რამიშვილმა „კომერსანტს“.
ფასების ზრდის ტენდენცია დამახასიათებელია გლობალური ბაზრებისთვისაც. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი მაკალათია ვარაუდობს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში თითქმის ყველა ძირითადი პროდუქტი გაძვირდება. მანვე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რაც შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფასების სტაბილურობის მიმართულებით განახორციელოს. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იგი ლარის კურსს მიიჩნევს.
„ველოდები, რომ გლობალური ტენდენცია გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს და ფასები გაიზრდება. როგორც წესი, პროდუქტის ღირებულებაზე მოქმედებს ლარის კურსი და საწვავის ხარჯი, რაც ასევე არასახარბიელოა და გაძვირების საფუძველს ქმნის. ცხადია, პროდუქტის ნედლეულის ფასიც სავალუტო ცვლილებაზეა დამოკიდებული.
საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად უნდა იყოს ქვეყანა მზად, რომ წარმოების მასშტაბური ზრდა მოხდეს. ცხადია, სიტუაცია არ გამარტივდება, მსოფლიოში ძვირი სურსათის ერაა დაწყებული, მაგრამ გარკვეული შეღავათიც საქმეა. ახლა ყველგან პანდემიური ვითარებაა და ნებისმიერ გამოწვევას მაქსიმალურად უნდა დავხვდეთ მზად“, - განაცხადა მაკალათიამ.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი კი მიიჩნევს, საქართველოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა გადაზიდვების გაძვირება, რადგან შესაძლოა, ამან სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა წარმოქმნას, ამიტომ აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგიული მარაგი.
„ტრანსპორტირების გართულება, რა თქმა უნდა, პრობლემას შეგვიქმნის, თუმცა ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ლოგისტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია პანდემიამ მსოფლიოში. ამიტომ უნდა გვქონდეს სტრატეგიული მარაგი, მინიმუმ, 2-თვიანი, მაგალითად, მარცვლეულის. დღევანდელ სიტუაციაში, პანდემიური სირთულეების გამო, ამ ვადებზე გასვლა ვერ მოხერხდება, ამიტომ შეიძლება, ამ თვალსაზრისით შეგვიქმნას სერიოზული პრობლემები: გართულდეს სურსათის მოწოდება, შეიქმნას დეფიციტი და ა.შ.“ - აღნიშნა კოღუაშვილმა.
საყურადღებოა, რომ 2021 წელს გაერომ კაცობრიობისთვის გლობალური სასურსათო კრიზისი იწინასწარმეტყველა. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პლანეტა უზარმაზარი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. პანდემიამ და ბუნებრივმა კატასტროფებმა სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.