„მარსელიდან პარიზში ნაპოლეონი რომ ჩაიყვანეს, ასევე უნდოდათ სააკაშვილის ჩამოყვანა თბილისში, მაგრამ არ გამოვიდა ხალხი“

„მარსელიდან პარიზში ნაპოლეონი რომ ჩაიყვანეს, ასევე უნდოდათ სააკაშვილის ჩამოყვანა თბილისში, მაგრამ არ გამოვიდა ხალხი“

„სააკაშვილი რომ გამოუშვან ციხიდან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის კოლოსალური ტალღის აგორებას შეძლებს, ასე არ არის. „ნაციონალების“ ნათქვამში ლოგიკა არ არის. თუკი სარფში უნდოდათ, მიშას დახვედროდა 30 ათასი კაცი და ჰქონდათ ამის რესურსი, როცა დააპატიმრეს სააკაშვილი, მაშინ რატომ არ გამოვიდა ამდენი ადამიანი?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ოპოზიცია საერთო ენას ვერც აქამდე პოულობდა და სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიქსაქსნენ. ერთ დროს „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში დისონანსის შემომტანნი სწორედ „ნაცები“ არიან, რომელთაც წვრილ-წვრილი ოპოზიციონრების გადაგდება კარგად ეხერხებათ. დღეს სააკაშვილის თავგადაკლული მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ უკლებლივ მთლიანი ოპოზიცია განულებულია. რატომ კეთდება ასეთი თვითაღიარებები? რა ხდება ოპოზიციაში?

- ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი დაბნეულობაა. ოპოზიცია ვერც ერთ სტრატეგიაზე, ვერც ერთ ახალ იდეაზე ვერ ყალიბდება, რაც მთავარია, ოპოზიციის ცალკეულ პარტიებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი სტრატეგიული მიმართულებები, აღარაფერს ვამბობ ტაქტიკურ შეუსაბამობებზე თუ ტაქტიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ოპოზიციის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე დღეს მინიმალურია. „ქართულ ოცნებას“ ყველა ბერკეტი აქვს და თავისთავად წარმართავს პოლიტიკურ პროცესებს. გარდა იმისა, რომ ოპოზიციის გავლენა შემცირებულია, ამას ხელს უწყობს მეორე ფაქტორიც - საგარეო ურთიერთობები და, კერძოდ, უკრაინაში არსებული დაძაბულობა. უკრაინაში არსებული ვითარება პირდაპირ მუშაობს საქართველოზე, დღეს დასავლეთის ყურადღება, მთელი თავისი ფინანსური, პოლიტიკური რესურსით, გადართულია იმ პრობლემაზე, რომელიც ეხება უკრაინა-რუსეთის ურთიერთობას. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღეს დასავლეთს ქართული ოპოზიციისთვის და ჩვენი შიდა პოლიტიკისთვის არ სცალია. შესაბამისად, ოპოზიცია დარჩა ცალკე, მარტო, არც დასავლეთს სცალია მისთვის და არც შიგნით აქვს გავლენის შესაძლებლობა ამ პროცესებზე. ამიტომ ოპოზიცია თავის გეგმას კი არ მიჰყვება, არამედ ყოველდღიურ პრობლემებს, შესაძლოა, მტკივნეულ პრობლემებსაც, თუნდაც ისეთს, როგორიცაა პოლიციელების თავდასხმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე. ოპოზიცია ასეთ პროცესებზე ახდენს კონცენტრირებას და იქაც კი ვერ აღწევს მაქსიმუმს.

მთავარ ოპოზიციურ ძალაში - „ნაცმოძრაობაშიც“ გაურკვევლობაა. როგორც ჩანს, იქ ორი დაჯგუფებაა, რომლებიც ერთნაირად კრიტიკულად არიან განწყობილნი. მე არ ვიცი, იქ ვინ ვის მხარესაა, მაგრამ ის, რომ „ნაცმოძრაობის“ შედეგებით კმაყოფილი არაა მისი რეალური ლიდერი-სააკაშვილი, ესეც ფაქტია. ამას თუნდაც ის ცვლილებები ადასტურებს, რაც განხორციელდა „ნაცმოძრაობაში“, ვგულისხმობ ნაყოფიას გადასვლას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ და ცისკარიშვილის გადაყვანას გენერალურ მდივნად. როგორც ჩანს, ეს „ნაცმოძრაობისთვის“ არაა საკმარისი, კიდევ უნდა ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს პარტიის თავმჯდომარეს, თუმცა ეს გადაჯგუფებები გაძლიერდება თუ როგორი იქნება, დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩამოყალიბდება „ნაცმოძრაობა“. თუ „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ უნდა დარჩეს ქუჩაში, გაააქტიუროს შიდა ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, უარი თქვას საპარლამენტო საქმიანობაზე, ამასთანავე, ამ პარტიის მმართველი გუნდი პარლამენტში შესვლის მომხრეა, მაშინ არაფერი გამოუვათ. უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ასრულებდეს უმცირესობა, ალბათ, ეს წარმოუდგენელი იქნება. თუ ეს ასეა, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს „ნაცმოძრაობის“ შიგნით კიდევ გარკვეული ცვლილებები და ისევ გადაჯგუფება. ვფიქრობ, უმჯობესია, „ნაცმოძრაობა“ შევიდეს პარლამენტში, იქიდანაც გააგრძელოს ბრძოლა და პარლამენტის ტრიბუნად გამოყენება. თუმცა ეს ჯერ კიდევ დაპირისპირების საგანია „ნაცმოძრაობაში“. ვინც ახლა პარლამენტის ბოიკოტის მომხრეა, ისინი ვერ ხედავენ, რომ ბოიკოტის რეჟიმმა ოპოზიციის და, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენა შეამცირა. ქუჩა დღეს ისეთი აქტუალური ვერ იქნება, საერთაშორისო ვითარების და შიდა მდგომარეობის გათვალისწინებით. დღეს შეიძლება ქუჩაში გასვლის მომხრე ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ საგარეო ფაქტორი მუშაობს იმაზე, რომ არასტაბილურობის შემთხვევაში შეიძლება ეს პროვოკაციისთვის იქნას გამოყენებული. ამის მაგალითები ამ ქვეყანას უკვე აქვს. მე მაინც მგონია, ნელ-ნელა ოპოზიცია გადაჯგუფდება, ჩამოყალიბდება და უფრო ნათელი გახდება, რა უნდათ და რა გეგმებს ირჩევენ ბრძოლის გასაგრძელებლად, ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიციისთვის ქუჩა პერსპექტიული არ არის, მაგრამ მაია ორჯონიკიძე მთელ განუხორციელებელ სქემაზე საუბრობს, რომ სარფში უნდა დახვედროდნენ მიშას, არ მიეცათ მისი დაკავების საშუალება, სულ 30 ათასი კაცით დაიწყებოდა ეს პროცესი, 100 ათასამდე ავიდოდა და მშვიდობიანი რევოლუცია მოხდებოდა. ასე მარტივად „ალაგებენ“ „ნაცები“ სათავისო სიტუაციას?

- მათ ნათქვამში ლოგიკა არ არის. თუკი სარფში დახვდებოდა სააკაშვილს 30 ათასი კაცი და მათ ჰქონდათ ამის რესურსი, როცა დააპატიმრეს სააკაშვილი, მაშინ რატომ არ გამოვიდა ამდენი ადამიანი? სამწუხაროა, რომ ოპოზიცია მარტივ ლოგიკას ვერ ხედავს. როდესაც გავრილოვი ჩაჯდა სავარძელში, მყისიერად მოხდა გამოსვლა რუსთაველზე, არავის არაფერი არ დაუორგანიზებია. სამაგიეროდ, როდესაც გაიგეს, რომ სააკაშვილი დააპატიმრეს, მაშინ რატომ არ გამოვიდა ხალხი, თუკი ისინი მზად იყვნენ სარფში დასახვედრად? რა ვიცი, მარსელიდან პარიზში ნაპოლეონი რომ ჩაიყვანეს, ისე უნდოდათ სააკაშვილის ჩამოყვანა თბილისში, მაგრამ არ გამოვიდა ხალხი. მე როდესაც ვლაპარაკობ ოპოზიციაზე, მათ შორის ვგულისხმობ სააკაშვილსაც. სააკაშვილის გავლენა ან თუნდაც მოლოდინი, რომ მისი გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დიდ გადატრიალებას მოახდენს, ნელ-ნელა ძალას კარგავს. ოქტომბრის დასაწყისში, როცა სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, უფრო მეტი გავლენა ჰქონდა პროცესებზე, ვიდრე დღეს აქვს. ხვალ კიდევ უფრო ნაკლები გავლენა ექნება. დღეს „ნაცმოძრაობას“ კი არ ჰყავს მხარდაჭერები, არამედ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ, 90% მაინც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ამიტომ „ნაცმოძრაობის“ ელიტაში რა დუღილიც მიმდინარეობს, ეს გავლენას ვერ ახდენს პროცესებზე. თუ რაიმე გავლენას ახდენს პროცესებზე, ეს არის სააკაშვილის გამოსვლები, მისი წრიალი, მისგან ვერ შედგა გმირი, რომელიც მოვიდოდა და ქვეყანას გადაატრიალებდა. ჩამოვიდა, დაიჭირეს და არაფერი ამას არ მოჰყოლია. ახლა „ნაცმოძრაობა“ და მისი იდეოლოგები ცდილობენ, მისგან შექმნან წამებული რაინდი, მაგრამ აქაც განსხვავებაა. ის, რასაც დღეს წამებად მიიჩნევენ „ნაციონალები“ ან ოპოზიციური მედიასაშუალებები, არასამთავრობოები, ეს წამებად შეიძლება აღიქვას ევროპამ ან ელიტებმა ევროპაში, მაგრამ საქართველოში როდესაც ეუბნები ადამიანს, სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, მაგრამ წვენს კი სვამს და ეს შიმშილობად ითვლებაო, შეიძლება, ხმა არ გაგცეს, არ შეგეკამათოს, მაგრამ ეს არ აღიქმება წამებად საქართველოში. როგორ „აწამეს“ სააკაშვილი და თურმე რა ცუდ დღეშია, როცა ყოველდღიურად უამრავი მნახველი ჰყავს, ცხადია, ვერ ღებულობს ამას წამებად ჩვენი საზოგადოება. თუ ამას დავუმატებთ კიდევ მის გამოსვლებს სასამართლოზე, ეს საერთოდ კატასტროფაა.

„ნაცმოძრაობის“ ცალკეული ლიდერები ირწმუნებიან, რომ სწორედ მიშას ფაქტორის გამო ტივტივებს კიდევ ყველა ოპოზიციური პარტია ქართულ პოლიტიკაში. ეს ყველაფერი მილევად რეჟიმში გადადის?

- ეს ყველაფერი მილევად რეჟიმშია. არა მარტო ოპოზიცია, არამედ დღეს თვითონ სააკაშვილიც დევალვაციის წინაშეა. მისი პოლიტიკური კაპიტალი ნელ-ნელა ილევა და იწურება. მისი გავლენა თანდათან მცირდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ „ნაციონალებმა“, ახლა ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებთ, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს რომ გამოუშვან სააკაშვილი ციხიდან, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ის კოლოსალური ტალღის აგორებას შეძლებს, ასე არ იქნება. საამისო განწყობა არ არის საზოგადოებაში. ეს პრობლემები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და, თუ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდება, უფრო სერიოზულად არ მიუდგება ამ პროცესს, ისე არაფერი გამოვა. ოპოზიციაში უნდა მოხდეს გადაჯგუფება, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო არსებული პარტიები, ან ადამიანები პარტიების სახელით ეს ცალკე უნდა იყოს, წვრილი ოპოზიციური პარტიები კი - ცალკე.