NDI-ის კვლევის თანახმად, ივლისის შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 3%-ით გაიზარდა

NDI-ის კვლევის თანახმად, ივლისის შემდეგ, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 3%-ით გაიზარდა

NDI - გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას, 24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 9% კი „ნაციონალურ მოძრაობას“. კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2 099 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. აღსანიშნავია, რომ 17% უარი განაცხადა პასუხზე.

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 83% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 8%-ისთვის მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება, ასევე 8%-მა არ იცის. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა 7%-ით არის გაზრდილი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეები, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად თანხმდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია. კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, მხოლოდ 11% წინააღმდეგია, ხოლო 12-მა პროცენტმა არ იცის. ივლისის მონაცემებთან შედარებით, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 3%-ით არის გაზრდილი. ნატო-ს შემთხვევაშიც, გაწევრიანების მომხრე როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობაა.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% - კარგად, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 27% - კარგად, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 46% ცუდად აფასებს, 14% - კარგად, 7%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა.

რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობა გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ცუდია. 33%-ის აზრით საშუალო, 12%-ის აზრით კი კარგი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს. 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამ მოსაზრებას მხოლოდ 36% ეთანხმება. 42% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას. ამ დებულებას მხოლოდ 35% ეთანხმება. 61% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. ამ მოსაზრებას მხოლოდ 28% ეთანხმება.

მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე შედეგებისა, მოსახლეობის 73% ნაწილობრივ ან სრულად ენდობა ჯანდაცვის სისტემას. კითხვაზე - რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, 23% აცხადებს, რომ სრულად ენდობა, 50% ნაწილობრივ ენდობა. ნაწილობრივ არ ენდობა 11%, საერთოდ არ ენდობა 14%. კითხვაზე პასუხი არ იცის 2%-მა.

მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს 50%, ცუდად 43%, 7%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, 31% კი თვლის, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა. 12%-ის აზრით, კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გამოკითხულთა უმრავლესობა, 64% აცხადებს, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. 33% კი აცხადებს, რომ არ აქვს საჭირო ინფორმაცია.

კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა, 29% უკვე აცრილია, 25% კი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა. 3%-მა არ იცის. რაც შეეხება ვაქცინის ბუსტერდოზას, ვაქცინირებულ მოქალაქეთა 63% აცხადებს, რომ აპირებს ბუსტერის გაკეთებას, გამოკითხულთა 14% არ აპირებს, 3%-მა უკვე გაიკეთა, 20%-მა კი არ იცის. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციის პროცესს, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ შვილს არ აცრიდა, 26% აცრის მომხრეა, 15-მა% კი არ იცის.

 პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი კვლევა მათთვის არჩევნებია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა და ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ესმით მოსახლეობის წუხილები და არსებული გამოწვევები, ასევე აცნობიერებენ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე დადასტურდა.

„ჩვენ ყველაზე რელევანტური და ლეგიტიმური კვლევა გქვონდა სულ რაღაც 2 თვის წინ, როდესაც ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ვნახეთ, რომ ამ არჩევნებზე მოხდა როგორც ხალხის ნების გამოხატვა და დაფიქსირდა ის პოლიტიკური წონა, რომელიც ამა თუ იმ პარტიას აქვს, ასევე წარდგენილი იყო პროგრამები, სადაც საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებაზე. ხალხმა არჩევანი გააკეთა ამა თუ იმ მიმართულებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, ჩვენთვის მთავარი კვლევაა არჩევნები, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არჩევნები სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო. ასე რომ, ჩვენ გვესმის როგორც ჩვენი მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რაც სახელმწიფოს აქვს, ასევე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც გააჩნია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორ არჩევნებზე. სხვა პარტიებთან შედარებით, „ქართულ ოცნებას“ დღეს მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი თვლის, რომ გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია, საერთოდ რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მთავრობის და თუნდაც პრემიერის. მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს გაცილებით აქტიური, უფრო მიზნობრივი და უფრო სწორი და მაშინ, ალბათ, საზოგადოების შეფასებები იქნება უკეთესი.

„გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია, საერთოდ რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მთავრობის და თუნდაც პრემიერის. თვალნათელია, რომ იგივე გასულ წელთან შედარებით, არ ვიცი რა მანქანებით არის ხოლმე ეს რეიტინგი მოპოვებული, მაგრამ თითქმის განახევრებულია წელს. ეს გვნახებს იმ ტენდენციას, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.

რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში არ არის საქმე კარგად, იგივე ეხება პოლიტიკურ პროცესსაც. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიცია არის საუკეთესო ფორმაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის, ძალიან დიდი დარტყმები იყო არჩევნებზე, ამიტომ დღეს პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს გაცილებით აქტიური, უფრო მიზნობრივი და უფრო სწორი და მაშინ, ალბათ, საზოგადოების შეფასებები იქნება უკეთესი. რაც შეეხება ოპოზიციის თანამშრომლობას, მიმაჩნია მეც, რომ თანამშრომლობა და კოორდინაცია არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამის მომხრე,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის წევრის „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ინსტიტუციების განვითარების თვალსაზრისით, უკან მიდის. როგორც სამნიძემ კვლევის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვლევაში გამოკვეთილი ტენდენციები აჩვენებს, რამდენად მძიმეა საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობა. მისივე თქმით, იმედს იძლევა ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას ელოდება.

„NDI-ის კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანაში არც ერთი მიმართულებით არ არის არც პროგრესი, არც პლუსი, არც წინსვლა. ძალიან მძიმეა იმის წაკითხვა, რომ მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა არც პარლამენტს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არც უმრავლესობას. სამწუხაროდ, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია - სამჯერ გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, რაც კატასტროფაა. ასევე, ამ ქვეყანაში ყოველი მეორე თვლის, რომ დემოკრატია არ არის.

მძიმეა ეს მონაცემები და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს ქვეყანა უკან მიდის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით. ტენდენციები, რაც კვლევაში ჩანს, ადასტურებს, რამდენად მძიმეა ნიჰილისტური განწყობა საზოგადოებაში. ამის მიღწევა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ერთი, რაც იმედს იძლევა, საზოგადოების უმრავლესობა ელოდება, რომ ოპოზიციური ძალები შეძლებენ თანამშრომლობას და ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებას“, - განაცხადა ხათუმა სამნიძემ.