სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა – კი!.. (ნაწილი მეოთხე)

სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა – კი!.. (ნაწილი მეოთხე)

“რუსთაველის დამსახურება ისაა, რომ მან უკვდავი  ფორმით გამოხატა დიადი ხალხის სული“ (ედმონ ჟალუ)

რუსთაველის პოლიტიკურ შეხედულებას თუ გავითვალისწინებთ, გასაგებია რა ბედი შეეძლო განეცადა პოემის ავტორს, როდესაც დამთავრდა ქვეყანაში 13 წლიანი დიდი პოლიტიკური კრიზისი და დავითის ლტოლვა აბსოლუტიზმისაკენ რეალობად იქცა. ამას მოჰყვა მართვა-გამგეობიდან სამეფო სახლისათვის არასაიმედო პირთა თანამდებობიდან გადაყენება.

ძეული მელექსე

ვფიქრობთ, არ შეეფერება სიმართლეს გავრცელებული შეხედულება, თითქოს აბულასანი 1191 წელს უნდა ყოფილიყო გადაყენებული თანამდებობიდან. მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ აბულასანი გიორგი-რუსის მხარდამჭერი და ამდენად დავითის გახელმწიფებისთანავე მთავარი დამნაშავე, 1189 წელსვე იქნებოდა დამცრობილი. წინააღმდეგ შემთხევაში თავის უფლებებში დატოვებული ქართული სახელმწიფოს კრიზისის წლებში გიორგი-რუსის აჯანყების აქტიური მონაწილე ვერ გახდებოდა, თუნდაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით. საბოლოოდ, დავითისა და თამარის გამარჯვებას აჯანყებულებზე, ქვეყნის მართვა-გამგეობის სათავეში უფრო საიმედო მოღვაწეების ჩაყენებას, 1191 წელს ვარაუდობენ.

გამოდის, რომ 1189 – 1191 წლებში, ე.ი. დიდი პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, აბულასანის დამცრობის შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს და მასთან ერთად აბულასანის ყოფილ სამფლობელოს შოთა რუსთაველი განაგებდა. ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელი ხდება ერთი უაღრესად საინტერესო ისტორიული დოკუმენტით, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში “ჭიაბერის სიგელის” სახელითაა ცნობილი, ეს სიგელი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ რუსთაველის პოლიტიკურ შევიწროებაზეც. მართალია, მის წინააღმდეგ გამოხატული ფორმები ჩვენთვის მთლიანად არ არის ცნობილი, რადგან ისტორიას ამის შესახებ უტყუარი ცნობები არ შემოუნახავს, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, თვით პოემის არც ერთ სტროფიდან არ ჩანს, რომ შოთა განდევნეს სამეფო კარიდან, ერთი მხრივ, პოემის შინაარსი, მეორე მხრივ, მომდევნო საუკუნეებში “ვეფხისისტყაოსნის” გარშემო ამტყდარი ეგზომ დიდი კამათი და დავიდარაბა და ბოლოს პოემის პროლოგი მაინც სარწმუნოს ხდის შესაძლებლობას და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ “ვეფხისტყაოსანი” შოთას სიცოცხლეშივე მართლაც ყოფილიყო დაგმობილი და უარყოფილი.

თუ დავუშვებთ, რომ აბულასანის შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესობა შოთას მიუღია, მაშინ 1189 წლიდან 1191 წლამდე რჩება “ვეფხისტყაოსნის” ავტორისათვის სწორედ ის დრო, როცა ის იმდროინდელი ქართული სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო – როგორც მემკვიდრე აბულასანის, როგორც მეჭურჭლეთუხუცესი, ჟინვალის მფლობელი და ბოლოს რაც მეტად მნიშვნელოვანია – “რუსთაველიც”. და ეს ყოველივე მხოლოდ 1189 – 1191 წლებშია შესაძლებელი. მეჭურჭლეთუხუცესთა ასეთი ქრონოლოგიური რიგით წარმოდგენა უსაფუძვლოს ხდის ყუთლუ-არსლანის და შოთა რუსთაველის იდენტიფიკაციას, და უფრო მეტი დამაჯერებლობა ეძლევა რუსთველოლოგიაში კარგად ცნობილ მრავლისმეტყველ ფაქტს, რომ 1192 წელს იერუსალიმში თამარის დავალებით გაგზავნილი ქართველი დესპანი შესაძლოა მართლაც “ვეფხისტყაოსნის” ავტორი ყოფილიყო.

რუსთაველი რომ მარტოოდენ მაყურებელი არ იყო თანადროული ამბებისა, იქიდანაც ჩანს, რომ „ვეფხისტყაოსნისა“ და მისი ავტორის დევნას მკვლევარნი ჩვეულებრივ უყოყმანოდ აღიარებენ ხოლმე. აქ გასარკვევია მხოლოდ დროის საკითხი, როდის და რა ვითარებაში უნდა დაწყებულიყო ბრძოლა? მაგრამ ესეც არის, რომ მოგვიანო ხანის ბრალდებები და საყვედურები პოემისა და მისი ავტორის შესახებ არ შეიძლება იდენტური იყვნენ „ვეფხისტყაოსნის“ ეპოქის ცენზურისა, ფაქტია, რომ დრომ ამ ბრალდებებში თავის კორექტივები შეიტანა.

ამდენად, საკითხი – შესაძლებელია თუ არა “ვეფხისტყაოსანი” რუსთაველის სიციცხლეშივე ყოფილიყო დაგმობილი თუ უარყოფილი, ვფიქრობთ, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი და საგულისხმო საკითხთაგანია. ის, რომ არათუ ამ პრობლემაზე, რიგ არსებით საკითხებზე, რაც რუსთაველთან და მის ავტორთან არის დაკავშირებული, “ქართლის ცხოვრება” დუმს, ცნობილ ამბავს წარმოადგენს.

მართალია, “ვეფხისტყაოსნის” ავტორი ორგზის გვამცნობს თავის ვინაობას: პოემის პროლოგსა და ეპილოგში, მაგრამ, ამ ადგილების წაკითხვა და გაგება დღემდე რუსთველოლოგიის გადაუჭრელ, საცილობელ პრობლემად რჩება. ვინაიდან ტექსტი ჯერ კიდევ არ არის საბოოლოოდ დადგენილი და შინაარსის ინტერპრეტაციაც მკლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

რუსთაველის ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ მრავალ ლეგენდას შორის, არის ერთი, განსაკუთრებით საინტერესო, პოეტის სამშობლოდან განდევნის ამბავს რომ მოგვითხრობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მეცნიერები რუსთაველის საფლავს მისი სამშობლოს გარეთ ეძებენ, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ პოეტს, შესაძლოა, მართლაც განეცადოს დევნა თავისი პოემის გამო.

„ვეფხისტყაოსნის“ წინააღმდეგ ბრძოლის უძველესი ცნობა ზაქარია ჭიჭინაძეს ეკუთვნის. მისივე გადმოცემით, რუსთაველს დევნა განუცდია თანადროული სასულიერო წრეების მხრით. „ვეფხისტყაოსნის“ მდევნელ წმინდა მამათა შორის ზ. ჭიჭინაძე პირველ ადგილზე ასახელებს რუსთაველის თანამედროვე კათალიკოსს იოანეს. ჩანს ზ. ჭიჭინაძის ცნობებს ეყრდნობა ალ. ხახანაშვილი, როცა მიუთითებს თამარის თანამედროვე იოანე კათალიკოსზე, რომელიც სდევნიდა „ვეფხისტყაოსანს“.

რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ. ეს ცნობები ჩვენამდის მოღწეულ დოკუმენტურ წყაროებს არ ემყარება. ხოლო სასულიერო წრის მხრიდან „ვეფხისტყაოსნის“ ხელყოფის შესაძლებლობას კი, არც სხვა მკვლევარნი, მათ შორის ივ. ჯავახიშვილი არ გამორიცხავს.

თვით ის ფაქტი, რომ პოემა სამი თუ ოთხი საუკუნის მანძილზე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული და მისმა ცალკეულმა ფრაგმენტმა თუ ხელნაწერებმა, ისიც დაზიანებული სახით, ჩვენამდე მხოლოდ XV-XVI საუკუნიდან მოაღწია, თავისთავად მრავლისმთქმელია.

სამეცნიერო ლიტერატურაში ძალზე გავრცელებულმა აზრმა, რომელიც პირველად ოლივერ უორდროპმა გამოთქვა და შემდგომ პოპულარული გახდა – რომ რუსთაველი თავისუფალია რელიგიური მიკერძოებისაგან, მკვლევართა შორის პოემის ავტორის რელიგიური აღმსარებლობის გარკვევისას აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

თუ რუსთაველის აზროვნების ფორმირებაზე პოეტის ქართული ქრისტიანობისადმი მიმართების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, ქართულ ქრისტიანულ აზროვნებაში უნდა შევნიშნოთ განვითარების სხვადასხვა ეტაპები, მისი მჭიდრო კავშირი ამა თუ იმ ეპოქის სოციალურ – ეკონომიკურ და პოლიტიკურ – კულტურულ ატმოსფეროსთან.

ახლა ვიკითხოთ, როგორი იყო ამ მხრივ ვითარება საქართველოში თამარის ეპოქაში? უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მკვლევარი მეტისმეტად დიდ ყურადღებას უთმობს, ზოგჯერ კი გადაჭარბებითაც აფასებს იმ წინააღმდეგობას, რომელიც ფეოდალიზმის ეპოქაში საერო საზოგადოებასა  და სასულიერო წოდებას შორის არსებობდა, ხოლო თვით ეკლესიის შიგნით გაჩაღებულ მწვავე ბრძოლას ვერც ამჩნევს.

ქართულ ეკლესიაში, ისევე როგორც შუა საუკუნეების ევროპის სხვა ქვეყნების ეკლესიებში, სასტიკი შინაბრძოლები იყო გაჩაღებული. ვიდრე ფეოდალურ საქართველოში მეფის ცენტრალური ხელისუფლება პროგრესულ ძალას წარმოადგენდა, ის ეყრდნობოდა თვით ეკლესიაში დემოკრატიული მიმართულების გარკვეულ ნაწილს, რომელიც თავის მხრივ აქტიური მონაწილე და შემოქმედი იყო ერთხელისუფლებიანობისათვის ბრძოლისა. მაგრამ, გიორგი III –ის მმართველობის წლებში, როგორც კი შეიქმნა საფრთხე მეფის ხელისუფლების დესპოტიად გადაქცევისა, პირველნი, ვინც მას დაუპირისპირდნენ და აიძულეს მონარქი მნიშვნელოვან დათმობაზე წასულიყო (ეკლესიის შეუვალობის აღდგენა, მეფის ერთგული კათალიკოსის ნიკოლოზ გულაბერიძის თანამდებობიდან გადაყენება) მეფის მოწინააღმდეგე საერო პირთა გვერდით ის ბერ-მონაზვნებიც არიან, რომლებიც დაუპირისპირდნენ თავისივე ეკლესიის მსახურთ-მათ, ვინც შექმნეს მეფის უფლების ღმრთის – მიერობის თეორია......

როგორი პოზიცია უნდა სჭეროდა ამ ბრძოლაში ისეთ ადამიანს, როგორიც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი იყო? რუსთველოლოგიაში დღეს უკვე სადავო აღარაა ის აზრი, რომ შოთა რუსთაველი ქრისტიანია და მისი მსოფლმხედველობის საწყისებიც წმინდა ეროვნული. ხოლო მის დროს ეკლესიის რეაქციულ _ კლერიკალური მიმართულების წინააღმდეგ ბრძოლისა და ახალი ჰუმანისტური პრინციპების დამკვიდრებისათვის სრულიადაც არ იყო აუცილებელი საერთოდ ქრისტიანობის უარყოფა, საკმარისი იყო თვით ქრისტიანობის შიგნით არსებული, უმთავრესად ადრინდელი პროგრესულ _ დემოკრატიული პრინციპებისა და შემდგომი დროის მოწინავე ქრისტიან-ფილოსოფოსთა შეხდულებების გაცოცხლება, მათი შემდგომი განვითარება. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ გენიალური რუსთაველი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა.

სასულიერო წრის მხრიდან პოემის ხელყოფის შესაძლო ცალკეული მცდელობანი  კიდევ არ ნიშნავს საზოგადოდ სამღვდელოების უარყოფით დამოკიდებულებას
“ვეფხისტყაოსნისადმი“, ხოლო გარკვეული წრეები რელიგიურ ნიადაგზედაც თუ დევნიდნენ პოემის ავტორს, დევნიდნენ არა იმიტომ, რომ ის საზოგადოდ ქრისტიანი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ის არ იყო მიმდევარი და მოტრფიალე დოგმატური ქრისტიანობისა.

ახალი ჰუმანისტური პრინციპების დამკვიდრებისათვის რუსთაველი ეყრდნობოდა რა თვით ქართულ ეკლესიაში პროგრესულ – დემოკრატიული მიმართულების წარმომადგენელთა ნააზრევს, სრულიად ლოგიკური იყო, როცა მან პოემიდან შემდგომში სრულიად ამოგდებულ ე.წ. “ინდო - ხატაელთა ამბავში” უკვდავყო კათალიკოს მიქაელის სახელი.

როგორც ცნობილია, მიუხედავად ჩატარებული მრავალი კვლევა-ძიებისა, არ არსებობს მეცნიერულად შემოწმებული ისეთი საბუთი, რომელიც დაგვანახვებდა რომ ინდო-ხატაელთა ამბავი შოთა რუსთაველს კი არა, ვიღაც ყალბისქმნელ პოეტს ეკუთვნის და ან პირიქით. აი, ასეთ პირობებში აზროვნების ლოგიკიდან გამომდინარე გვრჩება ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში რაიმე გაუგებრობასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ არსებული სინამდვილის ანარეკლთან. თუ „ვეფხისტყაოსნის“ – ავტორი გამოხატავს პირად სიმპატიას და დამოკიდებულებას კათალიკოს მიქაელისადმი და პოემაში უკვდავყოფს მის სახელს_სწორედ იმიტომ, რომ მეფის შეუზღუდველი მბრძანებლობის, მისი უფლების ღმრთის _ მიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში მას მიიჩნევს თანამოაზრედ და თანამებრძოლად. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იმ დროს, როდესაც „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, მიქაელი არა მარტო ანგარიშგასაწევი პიროვნება იყო, არამედ რუსთაველის მსგავსად მას ჰყავდა გულწრფელი დამფასებელნიც. ხოლო მიქაელის გარდაცვალებისთანავე, როგორც ეს სინამდვილეში არაერთხელ მომხდარა, მისი მტრები, მითუმეტეს სამეფო სახლიდან, შეეცდებოდნენ მისი სახელის ხსენების აკრძალვას.

ასეთ პირობებში სავარაუდოა მაღალ საზოგადოებაში მიქაელის სიძულვილის გამო პოემის სწორედ ის ხელნაწერები იქნებოდა გავრცელებული, რომლებიც ინდო-ხატაელთა ამბავს არ შეიცავდნენ. აქედან ცხადი ხდება, თუ სარედაქციო მუშაობის დროს რა უკარნახებდა ვახტანგ VI-ს „ვეფხისტყაოსნიდან“ ინდო-ხატაელთა ამბის ამოღებას. სწავლულმა მეფემ ხელნაწერების შერჩევისას სანდოობის თვალსაზრისით უპირატესობა მიანიჭა სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის  შესაფერის ხელნაწერთ და ამით უარი თქვა ინდო-ხატაელთა ამბავზე, რომლის პოემიდან ამოკვეთასაც მის დროსვე უკვე დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა.

იქნებ ყოველივე ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით იმ საკვირველ ამბავზე, თუ რატომ არის ჩვენი ისტორიის ყველაზე განათებულ ხანაში წარმოშობილი, ხალხისათვის საყვარელი ძეგლი ასეთი გაურკვევლობით, იდუმალებით მოცული. ფაქტია, რომ რუსთაველის სიცოცხლეშივე მის ირგვლივ შექმნილმა გარემომ, მართალია „ვეფხისტყაოსანი“ ვერ მოსპო, მაგრამ იმდენი მაინც შეძლო, რომ მისი ავტორის სახელი, ვინაობა და ღვაწლი საუკუნეთა განმავლობაში წყვდიადით ყოფილიყო მოსილი.    

მიუხედავად იმისა თვით პოემის არცერთი სტროფიდან არა ჩანს, რომ შოთა განდევნეს სამეფო კარიდან, ერთი მხრივ, პოემის შინაარსი, მეორე მხრივ, მომდევნო საუკუნეებში “ვეფხისტყაოსნის” გარშემო ამტყდარი ეგზომ დიდი კამათი და დავიდარაბა და ბოლოს პოემის პროლოგი მაინც სარწმუნოს ხდის შესაძლებლობას და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ “ვეფხისტყაოსანი” შოთას სიცოცხლეშივე  ყოფილიყო დაგმობილი და უარყოფილი.

თუ იმ საკითხების, დებულებებისა და ცნებების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებსაც აშუქებს, იცავს და ამტკიცებს რუსთაველი “პროლოგში”, ადვილი მისახვედრია, რომ მას ბრალად ედებოდა: 1. მრუშობისა და სიძვის აპოლოგია; 2. ლექსისა და შაირის დოგმების დარღვევა; 3. უღმერთობა; 4. და კიდევ ერთი არანაკლებ დიდი ბრალდება, ნაცვლად იმისა, რომ ნაწარმოები ყოფილიყო ქებათაქება თამარისა და დავითისა – არს უცხო ამბავი, რომელშიც თამარი და დავითი არათუ ხოტბაშესხმული (იგულისხმება თვით პოემა), არამედ ნახსენებიც კი არ არიან.

როგორც ჩანს, ძირითადად ამ ოთხმა ბრალდებამ განაპირობა პოემის უარყოფა. ხოლო ის ფაქტი, რომ “ვეფხისტყაოსანი” ასე ზეპირად შემოინახა ქართველმა ხალხმა და თავად რუსთაველის თქმისა არ იყოს, ხელიხელსსაგოგმანები გახადა,  ალბათ იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ იგი აკრძალული იყო. ადვილი მისახვედრია, რომ “ვეფხისტყაოსნის” პროლოგი ანუ “დასაწყისი”, სულ ბოლოს მას შემდეგ დაიწერა, რაც მბრალდებელთა მიერ “ვეფხისტყაოსანი” უარყოფილ, დაგმობილ და განკიცხულ იქნა და დაიწერა არა როგორც დასაწყისი, შესავალი, წინასიტყვაობა, პროლოგი ან მოძღვრება შაირობასა და მიჯნურობაზე, არამედ როგორც ბრალდებული კაცის საბოლოო სიტყვა და ვედრება, მისი ადრესატი ღმერთის გარდა თამარი და დავითია, ან ორივე ერთად, და კიდევ, იგი დაწერილია სასახლის იმ წრის “ფრაქციისა” თუ დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც “დაასმინეს” რუსთაველი სასახლის კარზე, გაწირეს და, როგორც ჩანს, პიროვნულად გაანადგურეს კიდეც. შესაძლოა აქ ვეძებოთ ნამდვილი მიზეზი რუსთაველის პალესტინაში გადახვეწისა.

საამისოდ ცნობებიც ხომ გაგვაჩნია. სხვადასხვა ლიტერატურული წყარო, აგრეთვე, ფრესკული გამოსახულება შოთა რუსთაველისა და შოთა მეჭურჭლეთუხუცესის სახელებს უკავშირებს ჯვრის მონასტერს იერუსალიმში. ხალხური ზეპირი გადმოცემებითაც, პოეტი სამშობლოდან გადახვეწილა, შემდგარა ბერად, დამკვიდრებულა იერუსალიმის ქართველთა მონასტერში, იქვე გარდაცვლილა და დაუსაფლავებიათ. არსებული მასალებისა და თამარის დროის საქართველოს საზოგადოებრივ – პოლიტიკური ვითარების ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ რუსთაველის დიდი გავლენის გამო, მისი მართვა – გამგეობიდან მოცილება, როგორც ჩანს, ერთბაშად კი არა, ეტაპობრივად მოხდებოდა. თვით ექსორიაქმნილი პოეტი, ზოგიერთ ავტორთა მოწმობით, “უცხო საქმეთა მდივანი” ყოფილა და 1192 წელს სულთნის წინაშე მნიშვნელოვანი დავალებით თამარს იგი გაუგზავნია უცხოეთში. თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ ასეთი სამსახურის შექმნის აუცილებლობა არც მანამდე და არც შემდგომ მეტად აღარ გამხდარა საჭირო, გამოდის, რომ ასეთი თანამდებობა მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის გამო შეიქმნა და ისიც ყველასაგან გამორჩეული პიროვნებისათვის.

რუსთველოლოგიაში დიდი ხანია არსებობს აზრი, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე აღბეჭდვა და აღაპებში მოხსენიება ეკლესიის წინაშე მისი განსაკუთრებული დამსახურებისთვის უნდა მომხდარიყო. ამჯერად ეს შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული მოლაპარაკება სულთანთან და კიდევ, როგორც ტ. გაბაშვილი წერდა, რუსთაველს, „გუმბათის ქვეით სვეტნი გაუახლებია და დაუხატვინებია“. ვითარების ანალიზი, აგრეთვე, საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იერუსალიმში რუსთაველის გამგზავრება იმავდროულად მისი ექსორიაქმნილობაც უნდა ყოფილიყო. ის, რომ ასეთი არჩევანი “ვეფხისტყაოსნის” ავტორის ნებით არ მომხდარა, იქიდანაც ჩანს, რომ რუსთაველი გაამწესეს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სადაც მეფის ერთგულმა კათალიკოსმა ნიკოლოზ გულაბერიძემ რამოდენიმე წელი დაჰყო და, ცხადია, სამეფო კარმა იქ თავის მომხრეთა, მეფის შეუზღუდველი მმართველობის მხარდამჭერთა შორის მიუჩინა შოთას ადგილი ცოდვათა მოსანანიებლად. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის ჯვრის მონასტრის ცნობილი ფრესკის კომპოზოციის შინაარსიც: მაქსიმე ამღსარებელი აღიქმება, როგორც პოეტის დევნილობის მანიშნებელი, იოანე დამასკელი – მისი საბოლოო ბინადრობის გამომხატველი. ამ წმინდანებს შორის მოთავსებული “ვეფხისტყაოსნის” ავტორი, რომელმაც თავად ისურვა დაგვემახსოვრებინა იგი მუხლმოდრეკილი და ცისკენ ხელაპყრობილი, სხვათა და საკუთარ ბედზე დაფიქრებული მლოცველი, ვითარცა უდიდეს ცოდვათა მონანიების მთხოვნელი.

ქართული ცივილიზაციის დეკადანსი

“ვეფხისტყაოსნისა” და მისი ავტორის დევნა, ან მის წინააღმდეგ იდეური ბრძოლა, მკვლევართა აზრით, გაჩაღებული იყო როგორც რუსთაველის სიცოცხლეში, ისე უფრო გვიან XV-XVIII საუკუნეებში, ქართული მწერლობის ე.წ. აღორძინების ხანაში. ფაქტია, რომ მოგვიანო ხანის ბრალდებები და საყვედურები პოემისა და მისი ავტორის მიმართ იდენტური არ იყვნენ, და არც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ “ვეფხისტყაოსნის” ეპოქის ცენზურისა. უმთავრესი მიზეზი კი ის იყო რომ კონსტიტუციური უფლებებისათვის დაწყებული და დაუმთავრებელი ბრძოლა, რომელიც თამარის მეფობაში ასე თვალნათლივ გამოჩნდა, შთამომავლობისათვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, ვინაიდან შემდგომმა საუკუნეებმა სულ სხვა შინაარსი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.

XII საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოს, როგორც დიდი სახელმწიფოს შინაგანი მექანიზმით დასუსტებას დაემატა კიდევ გარეშე ძალის გავლენით გამოწვეული ნგრევის ფაქტორიც. ძლიერი და მდიდარი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას გზა გადაუღობეს ჯერ ჯალალედინმა, ხოლო შემდეგ მონღოლთა ურდოებმა, საქართველოში მათმა ბატონობამ მძიმე შედეგები დატოვა. ქვეყანა გაჩანაგდა, მოიშალა კავშირი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, მივიწყებული იქნა თამარის ეპოქის დიადი საშინაო და საგარეო პოლიტიკური ამოცანები, სამეფო ხელისუფლება აშკარა დაკნინებასა და დასუსტებას განიცდიდა. მაგრამ, მდგომარეობა რომ ჯერ კიდევ არ იყო უნუგეშო, ეს გიორგი ბრწყინვალეს მეფობიდანაც გამოჩნდა. საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენთვის XV საუკუნე. 1453 წელს კონსტანტინოპოლისა და მასთან ერთად ქრისტიანული ბიზანტიის დაცემა და კაცობრიობის უდიდესი ნიშანსვეტი - დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, აღმოსავლეთის კულტურული სამყაროსათვის ერთსა და იმავე დროს უდიდესი უბედურების დასაწყისადაც იქცა. არც ერთ მათგანს პირდაპირი კავშირი არ ჰქონია საქართველოს ისტორიასთან, თუმცა არაფერს არ მოუხდენია ისეთი გავლენა ჩვენს ბედზე, როგორიც ამ ორმა უკანასკნელმა გარემოებამ მოახდინა; ევროპას საქართველოსათვის აღარ ეცალა. ჩვენი ქვეყანა კვლავ მოექცა მაჰმადიანთა ზღვაში, როგორც პატარა კუნძული და ყოფნა-არყოფნის წინაშე დავდექით. აზიამ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ხანგრძლივი დროით გამოსტაცა ევროპას საქართველო. მაჰმადიანური აღმოსავლეთის დამპყრობლებმა საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანეს.

ასეთ ვითარებაში პოემის შინაარსის სწორად გაგება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. თუმცა ამით შუა საუკუნეების ქართულ საზოგადოებაში პოემის წინააღმდეგ ბრძოლა არ შენელებულა. მან უფრო მეტი სიმძაფრე შეიძინა. ის პოლიტიკური მოტივები, რისთვისაც შეირისხა ხელისუფალთაგან პოემის ავტორი, მხოლოდ წარსულის საკუთრებად რჩებოდა. დატრიალებულმა ქარბორბალამ ძირეულად შეცვალა ჩვენი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვითარებაც. ეს კი თავისთავად საფუძველს აცლის იმ აზრს, რომ მოგვიანო ხანის ბრალდებები და საყვედურები პოემისა და მისი ავტორის შესახებ არ შეიძლება იდენტური იყვნენ „ვეფხისტყაოსნის“ ეპოქის ცენზურისა. ჩანს, დრომ ამ ბრალდებებში თავისი კორექტირება შემოიტანა. საქმე ისაა, რომ თხზულება სანუკვარი და საინტერესო, მაგრამ არა ყველასათვის ერთნაირად გასაგები, საუკუნეთა განმავლობაში შეიქმნა საგანი სხვადასხვაგვარი შეგნებული თუ შეუგნებელი ოპერაციებისა მკითხველთა და გადამწერთა მხრივ. ყოველ საუკუნეს საკუთარი გაგება ჰქონდა პოეტის იდეოლოგიური და მხატვრული ფუნქციისა, თითოეულ საზოგადოებრივ ფენას თუ მოღვაწეს-თავისებური დამოკიდებულება რუსთაველის ქმნილებისადმი. „ვეფხისტყაოსანთან“ იდეური დამოკიდებულება ძირითადად ორი ხაზით ვითარდებოდა-ერთნი „ვეფხისტყაოსანს“ მიიჩნევდნენ ანტიქრისტიანულ ნაწარმოებად, ხოლო მეორენი, - სპარსულ-მაჰმადიანურ, ე.ი. ქართველებისათვის მიუღებელი იდეების მატარებლად. ამ ორ მთავარ შეხედულებას შორის ვხედავთ მრავალ დიფერენციაციას. ცალკე უნდა აღვნიშნოთ რეალისტური სკოლის (ფეშანგი, არჩილი, იოსებ სააკაძე) დამოკიდებულება პოემის მიმართ.

მართალია, ქართველებს მხატვრულობა არასოდეს არ გაუცვლიათ იდეურობაში და სპარსული მწერლობის მხატვრულ ძეგლებს უაღრესად დიდ პატივს სცემდნენ. მაგრამ იმ დროს, როდესაც მაჰმადიანური სამყარო შთანთქმით ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას, „სპარსულ-თურქული იდეოლოგიის“ მიმართ მკაცრი და შეუწყნარებელი ქართული ქრისტიანული ზნეობა და ამ ზნეობის დამცველი მწერლობა კიდევ უფრო კრიტიკული თვალით უწყებს ცქერას მაჰმადიანურპერსონაჟებიან „ვეფხისტყაოსანს“.

ასე რომ, როდესაც ვლაპარაკობთ შუა საუკუნეებში „ვეფხისტყაოსნის“ გარშემო მიმდინარე პოლემიკაზე, საკითხი მოითხოვს, აღვნიშნოთ ამ ეპოქის ისტორიული ვითარება და შექმნილი სიტუაციაც. აღორძინების ხანის მწერლობისათვის როგორც კრიტიკა, ისე მიბაძვა რუსთაველის პოეტური ქმნილებისადმი „ვეფხისტყაოსნის“ გარეგან ფორმას არ გასცილებია. ამდენად უნდა ითქვას, რომ პოემა მათთვის შინაარსობრივად არსებითად გაუგებარი აღმოჩნდა.

ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა XVIII საუკუნეს დაეკისრა, რასაც ხელი შეუწყო ვახტანგ VI-ის ენერგიულმა მოქმედებამ და ქვეყნის მდგომარეობის შედარებითმა გამოსწორებამაც. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ჩვენი კულტურის ეს დიდი მოამაგე ქვეყნის აღდგენისათვის ქართველთა ფეოდალური სახელმწიფოს ძლიერების ისტორიულად დამყარებული სამი ბურჯით: „სახარებით“, „ვეფხისტყაოსნით“ და „ქართლის ცხოვრებით“ ერთდროულად დაინტერესდა. მაგრამ ვახტანგ VI-ის საჭეთმპყრობელობა და შესაბამისი აქტიური კულტურული საქმიანობაც დიდხანს არ გაგრძელებულა. პოლიტიკაში დაშვებულმა საბედისწერო შეცდომამ ქვეყანა კვლავინდებურად „მაჰმადიანობის“ დამკვიდრების ასპარეზად აქცია. ამ ძნელბედობის შედეგი ისიც იყო, რომ საფრთხესთან ერთად „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ წაყენებული ბრალდებები, განსაკუთრებით სასულიერო პირთა მიერ, სულ უფრო და უფრო მეტ სიმძაფრეს იძენდა. მათი აზრით ქრისტიანული ამ პოემაში არაფერია და თანაც ხალხის ზნეობის გახრწნას ხელს უწყობს, რადგან მრუშობა და სიძვაა იქ შექებულიო. როგორც ცნობილია, რუსთაველი გაურბის რელიგიურ სისტემათა საწესო ფორმებს, თავს იკავებს ნიშანდობლივი რელიგიური მრწამსის გამომჟღავნებისაგან. „ვეფხისტყაოსნით“ არ ჩანს საეკლესიო კულტის რიტუალი და მღვდელთმსახურთა კასტა სწორედ ამან გამოიწვია პოემის ავტორის რელიგიური მრწამსის გარკვევისას, მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა. რუსთაველის პოემა თავისი მხატვრული და იდეოლოგიური ბუნებით მთლიანად დაკავშირებულია XII საუკუნის საქართველოს მეთაურობით საერთო კავკასიური სახელმწიფოს ისტორიულ ცხოვრებასთან. ამის დადასტურებაა მუხრან მაჭავარიანის მიერ ნათქვამი პოეტური სიტყვაც: “დავით აღმაშენებლის ხმალზეა დამყარებული კალამი შოთასი! დავითმა შექმნა ის განიერი სახელმწიფო, სადაც ტანი მოიქნია, რუსთაველის ვეფხვმა.“ რუსთაველი ისეთივე ქრისტიანია, როგორიც დავით აღმაშენებელი, რომელსაც ძალუძს ლოცვა როგორც ქრისტიანულ ეკლესიაში, ასევე მეჩეთშიც და სინაგოგაშიც. ყოველივე ეს კი გვიანი ეპოქისათვის მთლიანად გაუგებარი აღმოჩნდა.

XVII და XVIII საუკუნეები ეს ის დროა, დანაწევრებული, დაჩეხილი ქვეყნისათვის, რომლის საერთო პოლიტიკურ-სოციალური ხასიათია დაუსრულებელი ომები, ძარცვა-გლეჯა, ეკონომიკური დაქვეითება; ასეთი ვითარება კი პოეტის სათქმელის მართებულად გაგებას შეუძლებელს ხდის. სწორედ ამ ეპოქაში, როდესაც მაჰმადიანური სამყარო შთანთქმით ემუქრება ქართველ ხალხს, სასულიერო ფრთის ერთი ნაწილი, მართლმადიდებლობის ორთოდოქსალური დაცვის მიზნით, „ვეფხისტყაოსნის“ წინააღმდეგ იდეოლოგიური ბრძოლიდან ფიზიკურ ბრძოლაზეც გადადის. საბოლოოდ რომ დავასკვნათ, ჩვენთვის ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, საკუთრივ ვინ შეეცადა პოემის მოსპობას: დომენტი კათალიკოსი, ანტონ კათალიკოსი თუ ვინმე სხვა, მთავარი მაინც ისაა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ხელყოფა შესაძლებელია ნამდვილად მომხდარიყო.

... მაგრამ ეს აიხსნება არა იმით, რომ ქართველებს აკლდათ შეგნება იმ ზნეობრივი ვალდებულებისა, რომელიც მათ დიდებული მგოსნისადმი გააჩნდათ.

ქართულ რენესანსს ის უწყვეტი განვითარება და უშუალო შედეგი არ მოჰყოლია ეროვნული კულტურის ისტორიაში, რაც ანალოგიურ პირობებში ევროპულს, რუსთაველის ეპოქას გასაოცარი დაცემა მოჰყვა და ჩვენმა პოეზიამ არც ერთი სახელი არ იცის, რომელიც ოდნავადაც შეედრებოდეს რუსთაველს. თურქებთან, მონღოლებთან, სპარსელებთან ასწლოვან ომებში დაიშრიტა ქართული ენერგია, საქართველო დაკნინდა, ჩვენ მოვწყდით საკუთარ  წარსულს და ჩვენივე ისტორია უცნობი დარჩა არა თუ მსოფლიოსათვის, არამედ თვით ქართული სინამდვილისთვისაც. ეს იყო ხვედრი მცირერიცხოვანი ერისა, რომლის ქვეყანამ დაკარგა საკუთარი პოლიტიკური ცხოვრება და მასთან ერთად თავისი ისტორიაც.

ქართული კულტურის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდების  მიმოხილვა, ერთი შეხედვით წმინდა აკადემიური საკითხი, ამასთანავე შეხსენებაც არის, რომ ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესთაგანია თანამედროვე მსოფლიოს იმ ხალხებიდან, რომელმაც ადრევე შექმნა თავისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურა და ერადაც ადრევე ჩამოყალიბდა, მისი ძველი კულტურა რიგ შემთხვევაში ტონის მიმცემიც ყოფილა იმდროინდელი ცივილიზაციებისა. მაგრამ ისტორიულმა ძნელბედობამ, რასაც პერმანენტულად განიცდიდა საქართველო, შემეცნების ეს აზრი შემუშავებული ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის დროს, ვერ განავითარა. უფრო მეტიც, საქართველომ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით თვით ეს ცოდნაც დაკარგა. ჩვენი ისტორიის “თეთრი ლაქები“ განსაკუთრებული სიმწვავით XX საუკუნემ იგრძნო, ამ მხრივ, არანაკლებ სიძნელეებს ვაწყდებით დღესაც.

ის, რომ ევროპა საქართველოსთვის პოლიტიკური თავშესაფარი კი არა ისტორიული ადგილია და რომ საქართველო ევროპის თანამეგობრობის მსგავსად, ისტორიული ფაქტებით ემყარება ევროპული კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის საერთო საფუძვლებს, ამის თქმის უფლებას, უწინარეს ყოვლისა, თავად გენიალური რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ გვაძლევს, როგორც  აქსიოლოგიური გაგებით, ყველაზე მაღალი სტანდარტის ევროპეიზმის გამოხატულება

კაცობრიული სიყვარულის, მეგობრობის, მოყვასისადმი თავგანწირვის, ქველმოქმედების საოცარი ნიმუშებით გაჯერებული ეს მაღალმხატვრული ქმნილება თვალსაჩინო ახსნაა ადამიანის, როგორც მსოფლიო მოქალაქის არსებობისა და დანიშნულებისა ქვეყანაზე. პიროვნების თავისუფლებისთვის, კონსტიტუციური უფლებებისათვის ბრძოლის თვალსაზრისი უდევს საფუძვლად აღორძინების ხანის საქართველოში შექმნილ ამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნაწარმოების ეროვნულ და სახელმწიფოებრივ მსოფლმხედველობას. აქედან გამომდინარე, “ვეფხისტყაოსანი“, როგორც საერო კოდექსი, შესაძლოა გახდეს ის განსაკუთრებული გასაღები, რომელიც გააღებს საქართველოსთვის თანამედროვე ევროპული კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის კარებს და განამტკიცებს ჩვენი საერთო ცივილიზაციური იდენტურობის შეგნებას.

ქართული კულტურის ისტორია, მისი თუნდაც ზედაპირული მიმოხილვაც კი მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ დასავლური ღირებულებები და ფასეულობანი მათ შორის ფუნდამენტური - ადამიანის უფლება -  არ იყო უცხო ქართული სამყაროსათვის. უფრო მეტიც - ზოგიერთი ამ ღირებულებათაგანი საქართველოში უძველესი დროიდან მკვიდრდება და მნიშვნელოვნად წინ უსწრებს შესაბამისი დროის დასავლურ ევროპულს, ზოგიც ბევრად ჩამორჩება დროში. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ  ბევრი საერთო გვაქვს და ძლიერ ვგავართ ერთმანეთს.

თუნდაც ის, რომ დასავლური ღირებულებები და ფასეულობანი ისტორიულად არ იყო უცხო, არა მარტო ქართულ, დანარჩენი სამყაროსთვისთვისაც, უკვე შეუძლებელს ხდის  მის მიჩნევას მარტოოდენ დასავლური ცივილიზაციის მონაპოვრად. ეს კი თავისთავად უსაფუძვლოს ხდის იმ მითის არსებობას, რომ “განყენებული” აზროვნების უნარი, მიდრეკილება ფასეული დამოკიდებულებისადმი, მოვლენებისადმი, საკუთარი “სულიერი სტილი” წარმოადგენდეს მხოლოდ ევროპელთა გამორჩეულ დამახასიათებელ თავისებურებას.

დღეს, როდესაც ქართველი ერი იბრძვის, რათა დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხთა თანამეგობრობაში, ქართული კულტურის ისტორიის წარმოჩენას, მისი სპეციფიკის ჩვენებას, კარდინალური მნიშვნელობა ენიჭება.

რადგან კულტურის ყოველი ტიპის საფუძველია ღირებულებათა სისტემა, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა და ქმნის ადამიანთა ცხოვრების პრინციპებს, ვფიქრობ, იმ მიმოხილვითაც კი, რომელიც წარმოვადგინე ნათელია ჩვენი ეროვნული კულტურის მსოფლიო მასშტაბის, მარადიული სიახლისა და სიღრმის საფუძველი, რაც გვაძლევს უფლებას განვაცხადოთ, რომ: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველმა ხალხმა არა მარტო გაუძლო ისტორიულ ქარტეხილებს და შეინარჩუნა არსებობა მტრებთან უთანასწორო ბრძოლებში, არამედ შექმნა თვითმყოფადი კულტურა, რომელსაც სხვისთვისაც მიმზიდველსა და მისაბაძს  თუ როგორ გავხდით, ეს უკვე ჩვენს ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული.