მერაბიშვილმა უკრაინაში სპეცოპერაცია ჩაატარა

მერაბიშვილმა უკრაინაში სპეცოპერაცია ჩაატარა

უკრაინაში ჩასულ ქართველ დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ. გავრცელდა უამრავი ინფორმაცია. უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება გოგა ხაინდრავა. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაფუჭდა.

ბატონო გოგა, რაზე მიანიშნებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები?

- რეალურად, უკრაინაში რუსეთის დაზვერვამ ჩაატარა ძალიან სერიოზული ოპერაცია, რომლის განმახორციელებელი იყო ვანო მერაბიშვილი. უკრაინაში მომხდარი ფაქტები გადამწვეტი მნიშვნელობის არის. პირველი: აღარავის ექნება ეჭვი იმაზე, რასაც ორი წელია ვლაპარაკობ, რომ მერაბიშვილი არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი რუსეთის დაზვერვაში. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში დადგა და ის პროცესი, რომლის ხელმძღვანელიც და განმხორციელებელიც იყო მერაბიშვილი, მხოლოდ რუსეთის ინტერესებს აკმაყოფილებდა. ის, რომ პრაქტიკულად მეორე ტურისთვის არანაირი შანსი არ დარჩა დასავლური ღირებულებების მატარებელ კანდიდატებს, ეს ნათელია. ტიმოშენკო სრულიად დისკრედიტებულია. სურვილიც რომ ჰქონდეთ დანარჩენ კანდიდატებს, ვინც დაბალი პროცენტები აიღეს, მხარი დაუჭირონ ტიმოშენკოს, ამ სკანდალის შემდეგ, თავს შეიკავებენ. რეალურად მერაბიშვილმა უკრაინაში სპეცოპერაცია ჩაატარა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ეს არის მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო სკანდალი, რომელშიც გახვეულია საქართველო.

როგორ ფიქრობთ, რომელმა მხარემ გააკეთა ეს ფარული ჩანაწერი?

– რა თქმა უნდა, მერაბიშვილმა. პირველი ნაბიჯი იყო, როცა სააკაშვილის და ტიმოშენკოს სატელეფონო საუბარი ჩაიწერა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ ჩანაწერში არის მინიშნება, მაგრამ ჯერ უკრაინამ არ იცის, რა მასშტაბისაა ოპერაცია, რომელსაც მერაბიშვილი ატარებს.

ეს ოპერაცია მერაბიშვილმა უკრაინის უშიშროების გარეშე განახორციელა?

– რა თქმა უნდა, გარკვეული ძალები, ვინც რუსულ ინტერესებს ახორციელებს, საქმის კურსში იყვნენ. უკრაინის პრორუსულ ნაწილში 2.600 კაცის ჩასვლა ვერ დარჩებოდა დაფარული, რომ არა დახმარება რუსული ძალების. ძირითადი დესანტი სწორედ იქ იყო გადასხმული, სადაც დიდია რუსული გავლენა. როგორ შეიძლება, უკრაინაში 15 თვითმფრინავით დამკვირვებლები ჩავიდნენ, სადაც არცერთი ქალი არ ზის და ეს შეუმჩნეველი დარჩეს. პირველი საუბარი სააკაშვილისა და ტიმოშენკოსი მაშინვე გავიდა ინტერნეტში. ლაპარაკი რომ საქართველოშია ჩაწერილი, იმ წუთში მივხვდი. ერთი ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა იყო, რომელიც მიანიშნებდა, რომ ესენიც საქმის კურსში იყვნენ და ისმენდნენ. საუბარი ღია იქნებაო, მიანიშნეს ტიმოშენკოს. სააკაშვილის პირველივე ფრაზაც – ჩვენ ძალიან გამჭვირვალეები და ტრანსპარანტულები ვართ, იმის დამადასტურებულია, რომ იცოდა, ისმინებოდა. საზოგადოებაში გავრცელდა ხმა, რომ სააკაშვილმა ტიმოშენკოს მხარი ღიად დაუჭირა. სად არის იუშენკო? სააკაშვილის ნათლიმამა, მეგობარი, პარტნიორი?! ერთი სიტყვაც არ გვსმენია მისი მხარდამჭერი.

რატომ დაუჭირა ასე ღიად საქართველოს ხელისუფლებამ მხარი ტიმოშენკოს?

– იმიტომ, რომ უკრაინაში არ არის არანაირი პროდასავლური ინტერესი. იქ არის რუსული ინტერესი. ტიმოშენკოც, ჩემი აზრით, მაინცდამაინც დიდი პროდასავლური არ არის, მაგრამ ბალანსს ყველა დაიკავებს, ვინც იქ მივა. ამ არჩევნებზე მთავარი იყო იანუკოვიჩისთვის გზის გაწმენდა. მერაბიშვილმა იანუკოვიჩს გზა გაუწმინდა ჯერ ამ არჩევნებზე, მეორე ტურისთვის ხომ საერთოდ გაუბრტყელა.

როგორ ფიქრობთ, სააკაშვილმა რატომ უღალატა ნათლიმამა იუშენკოს და მის მხარდასაჭერად სიტყვაც არ თქვა?

– ჩვენი ხელისუფლების უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებას რეალურად ვანო მერაბიშვილი მართავს. ახლა მახსენდება, როდესაც დაჟინებით გვეუბნებოდნენ, ჯერ კიდევ არჩევნების დროს, დაელაპარაკეთ მერაბიშვილსო. მაშინ ჩვენ ვერ მივხვდით.

რამდენად სერიოზული იყო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველი კრიმინალების და "კანონიერი ქურდების" როლი?

– კრიმინალების მონაწილეობაზე რა გითხრათ, ესენი თვითონ არიან კრიმინალები. რატომ არავინ კითხულობს, სად არის გივი თარგამაძე ბოლო ორი წელზე მეტია? თარგამაძისნაირებს მთელი ბიზნესები უკრაინაში აქვთ. ზუსტად იმ "კანონიერ ქურდებთან", "ხმელოსთან" და შუშანაშვილთან ერთად მოქმედებენ. ისინი, ვისაც ჩანაწერში ახსენებენ, არიან მაფიოზები. კაცი ამბობს, ქურდი ვარ. ქურდული წესით ვცხოვრობო ე.ი. უკანონოდ, რატომ არის გივი თარგამაძე მაინცდამაინც მათთან ამ საქმეში? იმიტომ, რომ არალეგალურ საქმიანობას ეწევა. ლეგალურ ბიზნესში თარგამაძეს ვინ მიიღებს? ყველამ კარგად იცის, რომ დონეცკს "ხმელო" აკონტროლებდა, როგორც მაფიოზი. კრიმინალი ყველა ქვეყანაში არსებობს. ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, სადაც კრიმინალი და კრიმინალური სამყარო ხელისუფლებაშია მოსული. სხვათა შორის, რაღაც თემები მივიწყებული იქნა. რატომ დაგვავიწყდა ფილიპინებზე გაჩერებული ქართული თვითმფრინავის თემა? ხომ ითქვა, რომ იქ იარაღით სავსე ყუთები იყო, რატომ მიჩქმალეს? რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება, როგორ დამთავრდა ეს ისტორია?

ბატონო გოგა, სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ თებერვალში საქართველოში ჰააგადან ჯგუფი ჩამოვა?

– ჩამოდის პროკურორების და გამომძიებლების ჯგუფი. ჩვენ ეს ვიცოდით, უბრალოდ, გამუდმებით ხდება ამის მიჩქმალვა. ამაზე გადაწყვეტილება მიიღო ევროსაბჭომ, როცა თქვა, რომ ეს საქმე, აგვისტოს ომის მასალებს ვგულისხმობ, ჰააგის ტრიბუნალს გადაეცით გამოსაძიებლადო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის ჯგუფი ეთნოწმენდის მასალებით ინტერესდება.

– ცხინვალში რომ ეთნოწმენდაა ჩატარებული, ამას ლაპარაკი რათ უნდა. ამის კადრებიც არსებობს.

ჰააგის ჯგუფი ხელისუფლების დანაშაულობებსაც გამოიძიებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით?

– ვერ გეტყვით, ეს ფაქტი რამდენად არის ჰააგის სასამართლოს განსახილველი. მაგრამ უკრაინის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, ამაში ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება. ეს არის ძალიან უხეში მცდელობა უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის. ამას პოლიტიკური დატვირთაც აქვს, მაგრამ როგორც იურისტები ამბობენ, ამ საქმიანობაში კრიმინალური ელემენტებიც არის. თუნდაც ის რად ღირს, რომ უკრაინაში საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს დამნაშავეები ჰყავთ ჩაყვანილი. დეპუტატ ბასიშვილის ჯგუფში არიან ცნობილი დამნაშავეები. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის გამო ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ეს გრძელვადიანი შედეგებია.

თქვენი აზრით, იულია ტიმოშენკო იქნება დაინტერესებული წაგების შემთხვევაში ქართველების სს პასუხისგებაში მიცემით და მათი დანაშაულობების გამოკვეთით?

– რა თქმა უნდა, ტიმოშენკო შეეცდება ყველაფრის ბოლომდე გარკვევას. სიები აქვთ. თვითმფრინავების რაოდენობა იციან. იციან, ქართველებს ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა. წაგების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ტიმოშენკო სააკაშვილის რეჟიმს რომ დაუპირისპირდება, ამას ლაპარაკიც რად უნდა. ეს ყველაფერი გამომზეურებული იქნება.