რატომ ვერ შედგა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

რატომ ვერ შედგა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე

პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. უკრაინის მხარდასაჭერად, პარლამენტში „ქართული ოცნება“ საკუთარ პროექტს არეგისტრირებს. არ არის გამორიცხული ოპოზიციამ ალტერნატიული დოკუმენტი დამოუკიდებლად შეიმუშაოს. აზრთა სხვადასხვაობა პროექტში რუსეთის როლის გამოკვეთას მოჰყვა - მხარეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.

მმართველი პარტია განმარტავს, რომ ტექსტის შინაარსი და ფორმულირებები საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. „ოცნების“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში კი ვკითხულობთ: „საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით, ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა, კატეგორიულად მიუღებელია.

უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. საქართველო სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკლაციით, მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში, ომის არდაშვებაში“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციის ტექსტში.

რაც შეეხება რუსეთის არხსენებას ტექსტში, მასზე განმარტება მამუკა მდინარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ რეზოლუცია უნდა იყოს იმგვარად შედგენილი, ყველა სიტყვა უნდა იყოს აწონილი და არ უნდა იყოს არც ერთი სადავო საკითხი. რაც შეეხება აგრესორს, ეს ტექსტში ისედაც ნაგულისხმევია.

„ყველა სიტყვა ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დაცლილია მთლიანად პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან. თქვენ რომელ ქვეყანას გულისხმობთ ამ ტექსტში?!“ - მიმართა მამუკა მდინარაძემ მედიას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე კი ტექსტში რუსეთის აგრესიის არხსენებას ასახელებს იმის მიზეზად, თუ რატომ ამბობს უარს ოპოზიცია, რომ რეზოლუციის თანაინიციატორი იყოს.

„იმ ტექსტში, რომელიც დღეს წარმოადგინა საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სამხედრო აგრესია მოხსენებული არ არის. ამიტომ, შესაბამისად, ჩვენ თანაინიციატორები ვერ ვიქნებით ამ რეზოლუციის, გავაგრძელებთ მსჯელობას, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ კონსულტაციების დროს არსებობდა რეზოლუციის ვერსია, რომელზეც თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ სხვა ვერსია წარადგინა, რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელია:

„ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ის ვერსია იქნა უარყოფილი „ქართული ოცნების“ მიერ და ისინი დაუბრუნდნენ თავდაპირველ ვერსიას, რომლის ირგვლივაც ჩვენ შეთანხმება არ გვქონდა“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებისგან მსგავსი ტექსტის შემუშავება ყველაზე დიდი სირცხვილია, რომელიც ოდესმე საერთაშორისო ასპარეზზე ჰქონია. ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ არის რიგითი საკითხი, საიდანაც თავი შეგვიძლია, რომ დავიძვრინოთ. ეს არის პრაგმატული და მორალური თვალსაზრისით სრულიად მიუღებელი მომენტი.

„საერთაშორისო ასპარეზზე ყველა უყურებს, ეს თუ ის ქვეყანა შექმნილ ვითარებას როგორ აფასებს. ახლა მსოფლიოსთვის ძალიან კრიტიკული სიტუაციაა, ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საერთო ჯამში, ეს კრიზისი, რაც ახლა უკრაინა-რუსეთს შორის შეიქმნა, ჩვენც გვეხება, რადგანაც კრემლის მთავარი მოთხვნაა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ შევიდნენ და ამაზე წერილობითი თანხმობა დასავლეთისგან მიიღოს. ამ დროს კი ჩვენ მოვლენებს თავის სახელს არ ვარქმევთ. გამოდის, რომ მარსიანელები უკრაინაზე თავდასხმას და ომს აპირებენ, ხოლო ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თითქოს დონბასი და ყირიმი მარსიანელებს აქვთ ოკუპირებული“, - აბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, უკრაინელები როგორც აფხაზეთის ომში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველების გვერდით იდგნენ, ხოლო პარლამენტის ეს რეზოლუცია ამ ყველაფერზე ხაზის გადასმას ჰგავს. ამიტომ ეს ყველა ქართველის სირცხვილი იქნება.

„ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ რუსეთს უკრაინაში რამე გამოუვიდა, ამათ ხელისუფლებაში დატოვებს. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან რუსეთისთვის შემდეგი სამიზნე საქართველოა. ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. ხელისუფლებას სამომავლო ხედვა არ აქვს. გარშემო რეალობას ვერ აღიქვამენ. სიტუაციის სერიოზულობას ვერ აფასებენ. საქართველოს ადგილი სად უნდა იყოს, არც ხედვა და არც მოსაზრება არა აქვთ. ისინი მხოლოდ დღევანდელი დღით საზღვრავენ და ფიქრობენ რუსეთი არ გააღიზიანონ. ამით კი ვერ აანალიზებენ საქართველო სად შეიძლება აღმოჩნდეს. ეს არის ჩირგვებში დამალვა, მაგრამ ვერსად ვერ წავალთ, რადგან გეოგრაფიას ვერ შეცვლი. სახელმწიფოს გადამალვის მცდელობა აქვთ, მაგრამ როდემდე დაიმალებიან? შემდეგ საქართველოს მოადგებიან და ვერ გვიპოვნიან?“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ საქართველო უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია. უკვე თვეებია რუსეთის მხრიდან სამწუხაროდ აგრესია გრძელდება, ხოლო ჩვენი ქვეყნის, როგორც პრემიერს, ასეევე სხვა მთავრობის წევრებსაც მხარდაჭერა ღიად არაერთხელ გამოუხატავთ. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება იმალება, აბსურდია.

„ამ თვეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ მინისტრი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აბსურდს საუბრობს და ამტკიცებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს. არადა, სიტუაცია სრულიად საპირისპიროა. რეზოლუციის მიღებაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს მეგობარ ქვეყანას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. უკრაინაში ვიზიტები ჯერ კიდევ დეკემბერში იგეგმებოდა. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ მსგავსი დელეგაცია საქართველოდან წავიდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და მინისტრიც მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ მხოლოდ რეზოლუციით არავინ არ შემოიფარგლება და უკრაინის მიმართ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა გაგრძელდება“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

leviko იმიტომ ვერ შედგა რომ არ უნდათ ქაოსი სურთ
2 წლის უკან
leviko როცა ვსვავტ კითხვას როდის შეიქმა უკრაინა არავინ პასუხს არ გვცემს იმიტომ რომ არ აწყობთ
2 წლის უკან
trampi როგორ ეგ არ იციიი
რადგან საქართველოს ისტორია 2003 იწყება, მაგათი ალბათ იუშენკოს დროიდან (2005 )
2 წლის უკან