„ენგურჰესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თავისი მზაკვრული გეგმა სისრულეში მოიყვანა. ეს არის ბინძური გარიგება, რასაც ქართველი ერი წინ უნდა აღუდგეს“, - ასე აფასებს რუსეთ - საქართველოს შორის გაფორმებულ მემორანდუმს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე.
მისი განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს.
- პირველ რიგში კი საინტერესოა, რატომ გახდა დღეს ცნობილი ეს ფაქტი, როდესაც ხელმოწერა მემორანდუმზე დეკემბერში მოხდა. პრაქტიკულად მთელი თვეების განმავლობაში ხელისუფლება ასაიდუმლოებდა თავის მზაკვრულ გეგმას ენგურჰესთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის, ეს არის ქვეყნის ღალატი.
ხელისუფლებამ გაასხვისა ბოლო სტრატეგიული დანიშნულების სასიცოცხლო ობიექტი. სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მტრულად განწყობილი და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. არ შეიძლება ამ სახელმწიფოს გადასცე ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც არის ამ შემთხვევაში ენგურჰესი.
ამასთან დაკავშირებით საეჭვოდ დუმდა ამ ხნის მანძილზე ხელისუფლება და რაც ეჭვის საფუძველს იძლევა, არის ის ფაქტი, რომ დეკემბრის ბოლოს ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ მხოლოდ ამ დროისთვის გახდა ცნობილი, - აცხადებს ლაღიძე და მომხდარზე პასუხისმგებლობას ქვეყნის პირველ პირს აკისრებს.
- ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის გადაწყვეტილი მხოლოდ ხეთაგურის დონეზე. ეს გადაწყვეტილება უფრო მაღალ დონეზე იქნა მიღებული და პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს. მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას რუსეთის მხარესთან საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს არის სიბრიყვე და ქვეყნის ღალატი, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე. სხვა შემთხვევაში ჩვენი პარტია დაიწყებს ფართომასშტაბიან აქციებს უკვე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.
კარგად ვიცით, რომ რუსეთი არ არის ჩვენთვის სანდო პარტნიორი და ამიტომაც ყოვლად გაუმართლებელია ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი და ეს არ უნდა მოხდეს.
დარწმუნებული ვარ, სულ მალე შემდგომი ნაბიჯები იქნება ის, რომ ქართულ მხარეს ყველანაირ უფლებას ჩამოართმევენ. ფაქტიურად ხელისუფლებამ რუსეთს ლანგრით მიართვა ენგურჰესი. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოყვება, - აცხადებს გიორგი ლაღიძე.