რა ხდება ქართული სატელევიზიო ბიზნესის კულუარებში

რა ხდება ქართული სატელევიზიო ბიზნესის კულუარებში

1995 წელს, იტალიის სენატის ზედა პალატაში საგანგებოდ გამართულ სემინარზე, რომელიც იმ დროის იტალიური მედიის ანალიზს მიეძღვნა, ერთ-ერთმა მომხსენებელმა პრესის ობიექტურობაზე საუბრისას განაცხადა: „ამინდის პროგნოზს თუ არ ჩავთვლით, ობიექტური ინფორმაცია არ არსებობს და არც შეიძლება, რომ არსებობდეს“. ეს ფორმულირება, ალბათ, თანაბრად ეხება ყველა ქვეყნისა და დროის პრესას, ცალკე საუბრის თემაა, მართლაც როგორ ჰგავს 1990-იანი წლების იტალიური პრესა ქართულ მედიაში დღეს მიმდინარე პროცესებს.

როდესაც ორი წლის წინ ქართული ტელემაუწყებლობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის საკითხი დადგა, პოლიტიკოსებმა ეს თავისუფალი პრესის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებად აღიქვეს. მალე პარლამენტში დიდი ხნის ნანატრი კანონპროექტი უნდა შეეტანათ. ხმაური მოჰყვა „მაუწყებლებისთვის ლიცენზიის გაცემის წესში“ ეროვნულ პროდუქციაზე კვოტის (20%) დაწესების საკითხს. პოლიტიკოსთა ნაწილი აცხადებდა, რომ ქართული არხები ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებდნენ (მწირი შემოსავლების გამო), რასაც ისევ კანონით, მათი დახურვა ანუ ლიცენზიის ჩამორთმევა მოჰყვებოდა. ამ პოზიციას მაშინ არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. ასეთი განცხადებაც კი გაკეთდა: „ბევრი სატელევიზიო არხი ქვეყანაში პრესის თავისუფლების გარანტია“. და ეს მიუხედავად, რომ ყველამ კარგად იცოდა - რეალურად (ფინანსურად) რამდენად დამოუკიდებლები იყვნენ ქართულ ბაზარზე მომრავლებული ტელევიზიები. კვოტირების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. მაშინ პოლიტიკოსებს ეგონათ, რომ ქართული პრესის თავისუფლება გადაარჩინეს.

ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზეს“ ყიდის (?!)

უკვე რამდენიმე თვეა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში სრული იდილიაა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთ დროს დაპირისპირებული არხები დღეს ერთმანეთს სულს უბერავენ. თუკი ადრე მათი „უთანხმოების“ მიზეზი, პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად, პროფესიული კონკურენციაც გახლდათ, დღეს მათ ახალი ხელისუფლების მიმართ სიმპათია აერთიანებთ. აქ კი მათი მხრიდან მთავარი არგუმენტი (და არც თუ უსაფუძვლო) ის გახლავთ, რომ ისინი საზოგადოების დაკვეთას ასრულებენ.

ამასობაში კი ერთი არხი უკვე დაიხურა. ფაქტი იმდენად იყო მოულოდნელი, რამდენადაც „მე-9 არხს“ სულ ცოტა ხნის წინ განვითარებაზე სერიოზული პრეტენზია ჰქონდა - მათ მაუწყებლობის გავრცელებაზე ზრუნვა დაიწყეს. თორემ ის, რომ ეს ტელეკომპანია ფაქტობრივ დოტაციაზე არსებობდა, ეს თავისუფალი მედიის პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა, მართალია, ცოტა ექსცენტრიულად, მაგრამ საკუთარი სურვილითა და ამგვარი ფორმით გადაწყვიტა, თავი დაენებებინა არამომგებიანი ბიზნესისთვის. „მე-9 არხის“ ჟურნალისტებს სხვა არხები დღეს ხელგაშლილები ხვდებიან. ისინი ძირითადად ტელეკომპანიებში - „რუსთავი-2“-სა და „მზე“-ზე გადანაწილდნენ. ამბობენ, რომ ანუკა ქინქლაძე დღის საინფორმაციო გამოშვებებს „რუსთავი-2“-ზე წაიყვანს, რაც შეეხება პროექტებს „დილა“ და გია როინიშვილის „მატარებელი“, მათ თითქოს „პირველ არხზე“ გადაინაცვლეს.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის, რომ ტელეკომპანია „მზეც“ იხურება. უფრო სწორედ, ამბობენ, რომ მისი სხვა არხთან („ტელეიმედთან“) გაერთიანებაა მოსალოდნელი. თუკი ეს ხმები გამართლდა, მაშინ ვანო ჩხარტიშვილი უკვე მეორე იქნება, ვინც ტელებიზნესზე უარს იტყვის. რა თქმა უნდა, თავად „მზეში“ ამ ინფორმაციას არავინ დაგიდასტურებთ, მაგრამ ფაქტია, რომ აქტიურად საუბრობენ პატარკაციშვილსა და ჩხარტიშვილს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. ამბობენ, რომ ცნობილი ბანკირისა და ამჯერად უკვე დეპუტატ ჩხარტიშვილისთვის ტელევიზია ზედმეტი პასუხისმგებლობის საგნად იქცა. ამასთან, ჯერ კიდევ „მზის“ დაფუძნების პროცესში ცნობილი იყო, რომ ახალი არხის ფინანსურ უზრუნველყოფაში ბადრი პატარკაციშვილიც მონაწილეობდა. მოკლედ, გამსხვილება სულაც არ იქნება გასაკვირი.

სად არის კოკა ყანდიაშვილი

აშკარა იდილიის ფონზე გარკვეული დაძაბულობაც შეიმჩნევა. ეკრანებიდან ე.წ. ცნობილი სახეები გაქრნენ. ხელოვანებს, ალბათ არ ეწყინებათ, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესებიდან ტელევიზიამ ყველა სხვა პროცესი ჩაანაცვლა, ერთან საუბრის ფუნქცია კი, არც მეტი, არც ნაკლები, ტელეწამყვანებმა იკისრეს. ამ სახეების თუნდაც დროებით გაქრობა ეკრანიდან საზოგადოების ინტერესს იწვევს. დაკარგული „გმირებიდან“ რამდენიმეს ამბავი მეტნაკლებად გარკვეულია: ეკა ბერიძის საპატიო მიზეზის შესახებ (მას შვილი შეეძინა) უკვე დიდი ხანია, ყველამ ყველაფერი იცის. ის, ალბათ, „პირველ არხზე“ გამოჩნდება, მით უფრო, რომ მისი მეუღლე აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო არხის რეფორმირების პროცესში. გრიგოლიამ კი სულ რაღაც ორი დღის წინ განაცხადა, „პირველ არხზე“ პროექტი მზადდება და ეთერში ალბათ მალე გავალო, თუმცა არაფერი უთქვამს მის სავარაუდო პარტნიორ კოკა ყანდიაშვილზე. თავდაპირველი ვარიანტით, მას და ყანდიაშვილს გადაცემა ერთად უნდა წაეყვანათ(!?). მისი პრეზენტაცია 17 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, პროექტი გაჩერდა. ვისი ინიციატივით - უცნობია. ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული ვერსიით, გადაცემა ეთერში აღარ გავიდა „რუსთავი-2“-სა და „პირველი არხის“ ხელმძღვანელთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

კოკა ყანდიაშვილი დღეს ამბობს, რომ ის ისევ პირველი არხის თანამშრომელია, უბრალოდ, ეთერში არ ზის და ამ მიმართულებით არანაირ პროექტზე არ მუშაობს. მისივე თქმით, ამის მიზეზი სახელმწიფო არხზე მიმდინარე რეორგანიზაციაა.

გიორგი გვახარია მანანა შევარდნაძეს შეცვლის (?!)

2003 წლის დასაწყისში, ერთ-ერთ რუსულ პერიოდულ გამოცემაში, ერთ-ერთი ქართველი მწერლისა და თარჯიმნის წერილი გამოქვეყნდა. პუბლიკაციის ავტორი უკვე მესამე წელია, გერმანიაში ცხოვრობს. მართალია, წერილი უშუალოდ ქართული მედიის პრობლემებს არ ეხება, მაგრამ საქართველოს ინტელექტუალურ ფრონტზე მიმდინარე პროცესებთან ერთად, ავტორი ქართული მედიის თავისებურებებზეც წერს. საინტერესო ფრაგმენტი სტატიიდან:

„თვალშისაცემია ერთი დეტალი, რაც არც ადგილობრივ ინტელიგენციას და არც საზოგადოების ფართო ფენებს არ აწუხებს. ევროპა, როგორც პოლიტიკური ასევე კულტურული სივრცე - ქართული მედიიდან (პრესა, ტელევიზია) ტოტალურად გაქრა. საეჭვოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოში არასაკმარის ინფორმაციას იღებენ.

ამ ფაქტორს, როგორც პოლიტიკური, ასევე ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს: ეს არის ამერიკაზე ორიენტაცია... ამ მხრივ საოცარ სოლიდარობას ამჟღავნებენ როგორც სამთავრობო, ასევე ალტერნატიული გაზეთები და სატელევიზიო არხები. ერთადერთი ჩემთვის ცნობილი საავტორო გადაცემა, რომელიც წლების მანძილზე მიზანმიმართულად „ევროცენტრისტულია“ - ეს არის კინომცოდნე გიორგი გვახარიას გადაცემა „ფსიქო“... პარადოქსულია, მაგრამ ეს გადაცემა გამოკვეთილად ამერიკული ორიენტაციის არხზე გადის.“

გოგი გვახარიას „ფსიქო“ „რუსთავი-2“-ზე დღესაც გადის. მართალია, ბოლო დროს ის მეტად პოლიტიზებული გახდა (განსაკუთრებით ფილმის გარჩევის ნაწილი), ვიდრე მანამდე, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ფონის გამო, ეს ბუნებრივიცაა, თუმცა ცოტა ხნის წინ ითქვა, რომ გვახარიასა და არხის ხელმძღვანელობას შორის გარკვეულ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. თითქოს საკითხი გადაცემის დახურვასაც კი ეხებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ გვახარიას „გარჩევის“ ნაწილის მოხსნას სთხოვდნენ , სანაცვლოდ კი (პერსპექტივაში), სახელმწიფო არხზე გადასვლაც კი შესთავაზეს - „ქართული ტელეფილმის“ ხელმძღვანელად, რა თქმა უნდა, „ტელეფილმიდან“ მანანა შევარდნაძის წასვლის შემდეგ.

„ფსიქოს“ ავტორს ამ პერსპექტივაზე თითქოს უარი უთქვამს. მანანა შევარდნაძე კი დღესაც ითვლება „ქართული ტელეფილმის“ ხელმძღვანელად, თუმცა მისი თანამშრომლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომ იგი მართლაც აპირებს ტელევიზიის დატოვებას. მანამდე კი გვახარიას გადაცემაც გადის „რუსთავი-2“-ზე. გარდა იმისა, რომ „ფსიქოს“ ამ არხზე არსებობას ექსპერტები პარადოქსად მიიჩნევენ, სულ ბოლო მაგალითს თუ მოვიყვანთ, შეუძლებელია ამ პროგრამის ავტორს გარკვეული უხერხულობა მაინც არ შექმნოდა „რუსთავი -2“-ზე ამერიკელი რეჟისორის სიდნი ლუმეტის ფილმის „ტელე-ქსელის“ ჩვენების შემდეგ. და ეს - იმის მიუხედავად, რომ ფილმის გარჩევის დროს რამდენჯერმე ითქვა, რომ „ტელე-ქსელის“ ჩვენება, თანაც სწორედ „რუსთავი -2“-ზე, ამ არხის მხრიდან ერთგვარი თვითკრიტიკის დემონსტრირებაც გახლდათ (?!).

დათო კიკალიშვილი „რუსთავი-2“-დან მიდის

„მე ისევ „რუსთავი-2“-ზე ვმუშაობ. უბრალოდ, ინგლისში მივდივარ სტაჟირებაზე... მაისში, ალბათ, სამი თვით“, - ამბობს დათო კიკალიშვილი, რომელიც მეორეა ნიკა ტაბატაძის შემდეგ, ვინც ამ არხიდან სასწავლებლად ინგლისში გამგზავრება გადაწყვიტა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი ტელეკომპანია „მზეზე“ გადადის, ტელეჟურნალისტმა არ დაადასტურა.

სექტემბერში გამოჩნდება, სად იმუშავებს „რუსთავი-2“-ის კიდევ ერთი სახე. მანამდე კი ტელეკომპანია „მზის“ მომავალიც გაირკვევა.