"ვალერი ხაბურძანია უშიშროების სისტემაში მე მივიყვანე, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე. როცა ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს უშიშროების მინისტრად დაინიშნა, გარკვეულ მომენტამდე მისი მუშაობა იყო კარგი, მაგრამ შემდეგ, როგორც უშიშროების მინისტრმა, მან ვერ უზრუნველყო სახელმწიფოს უსაფრთხოება, რათა თავიდან აგვეცილებინა ის შეთქმულება, სახელმწიფო გადატრიალება, რაც მოხდა "ვარდების რევოლუციის" სახელით. ხაბურძანიას უმოქმედობა სახელმწიფო გადატრიალების პროცესში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მისი მხრიდან ეს იყო დანაშაული. არ ვიცი, გარიგებაში შევიდა "ვარდების რევოლუციის" ლიდერებთან, თუ არა, მაგრამ ფაქტია, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვალერი ხაბურძანია თანამდებობაზე დატოვა, შემდგომ კი გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშნა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, პოსტრევოლუციურ სახელმწიფოში. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხაბურძანიას, მინიმუმ, მტრად არ აღიქვამდა", - აცხადებს "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ირაკლი ბათიაშვილი გიგა ბოკერიას და ვალერი ხაბურძანიას წინააღმდეგ".
"ვარდების რევოლუციით", რომელიც იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება, აქტიურად იყო დაინტერესებული აშშ-ს სერიოზული წრეები, მეორე მხრივ, რუსეთის სერიოზული წრეები. ძალიან სერიოზული ფინანსები იქნა გაღებული როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის მხრიდან. სააკაშვილის მოსვლას ხელს უწყობდა ოფიციალური მოსკოვიც და სახეზეა არაერთი მტკიცებულება. კერძოდ, მან რუსეთიდან მიიღო სოლიდური დაფინანსება, 20 მილიონი დოლარი, რის თაობაზეც ინფორმირებული ვარ თავად ედუარდ შევარდნაძისგან. მე შემიძლია ეს დარწმუნებით განვაცხადო. მას აქტიურად ეხმარებოდა "ფეესბესთან" გადაბმული იგორ გიორგაძე, თავისი ყოფილი სპეცდანიშნულების რაზმელებით და სატრანსპორტო საშუალებებით. "ვარდების რევოლუციის" პროცესში რუსეთიდან ჩამოვიდა "ფეესბეს" ოპერატიულ-ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში განთავსდა. ამ პროცესების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რათა ბეჭედი დაესვა მომხდარისთვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.
"მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ვიტყოდი, რომ გიგა ბოკერია არის დანაშაულში ეჭვმიტანილი. ასეთი ადამიანი ამდენს რომ ტლიკინებს, ეს უკვე არის "ქართული ოცნებისა" და დღევანდელი ხელისუფლების ბრალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამ ე.წ. კოაბიტაციის პროცესის შედეგია. კარგად მახსოვს, გიგა ბოკერია, რომელიც იყო მთავარი რუპორი ჩემი დაპატიმრების, პირდაპირ ერეოდა მთელ ჩემს სასამართლო პროცესში, ზეწოლას ახდენდა მოსამართლე თეთრაულზე და მითითებას აძლევდა. ასევე, ყველას კარგად ახსოვს, როგორ მონაწილეობდა გიგა ბოკერია ციხის ე.წ. ბუნტის ჩახშობის იმ სისხლიან ოპერაციაში, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაცი, რომელიც არაფრისმქონე იყო, დღეს როგორ ცხოვრობს, ყველამ კარგად იცის. მე მაქვს ამის უფლება, ვილაპარაკო, დიდ თანამდებობებზეც მიმუშავია, ყველამ კარგად იცის, რაც მებადა, ის დამრჩა, ფეხით დავდიოდი და დღემდე ფეხით დავდივარ", - დასძენს ირაკლი ბათიაშვილი.