„თუ სააკაშვილი გამოსვლებს ასე და ამ სტილში გააგრძელებს, იმ ელექტორატს, რომელსაც აკონტროლებს, დაკარგავს“

„თუ სააკაშვილი გამოსვლებს ასე და ამ სტილში გააგრძელებს, იმ ელექტორატს, რომელსაც აკონტროლებს, დაკარგავს“

როგორ შეიძლება ქვეყანაში ახალი წლიდან არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალოს და რას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში საკადრო გადაადგილებებით? შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მის პატიმრობას შეეგუა? ამ და სხვა საშინაო პოლიტიკურ თემებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი წლის შემდეგ დიდი საკადრო გადაადგილებებია. როგორც ჩანს, ენმ-ში რადიკალური ფრთის უფრო გაძლიერება ხდება. როგორ ფიქრობთ, რას მისცემს ეს პარტიას და პირიქით, რადიკალიზმი მას კიდევ უფორ ხომ არ დააზიანებს?

- ეს გადაადგილებები რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ და რა განცხადებებიც მიხეილ სააკაშვილმა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა, მიანიშნებს იმას, რომ ქუჩის აქციები ამ პარტიისთვის ისევ პრიორიტეტული იქნება. როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტია ფინანსურად ამისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია სწორედ ამ კუთხით შეირჩა, ხოლო რადიკალური ფრთის უფრო გასაძლიერებლად პეტრე ცისკარიშვილი. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს რადიკალიზმი ამდენი ხნის განმავლობაში უკვე მოსინჯული იყო. ამიტომ, საკადრო ცვლილებები, თუ ის პარტიის სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით თვისობრივ ცვლილებებს არ იწვევს, ბევრს ვერაფერს მოიტანს. შესაძლოა, უკეთესი მენეჯმენტი მოგვცეს ვიდრე იყო, მაგრამ რადიკალიზმს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს. რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯონ ან ცვლილებები განახორციელონ, აზრი არ ექნება. ენმ მთელი ოპოზიციის შემაკავშირებელი ძალა ვერ ხდება, ამიტომ რა გადაადგილებებიც არ უნდა მოხდეს, ეს შედეგს ვერ მოიტანს.

ალბათ ამ ფონზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ძალიან საინტერესოა. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ციხეში ჩარჩა? მისი გათავისუფლების გეგმამ, რომელიც ენმ-ს და თავად სააკაშვილს ჰქონდა არ გაამართლა? ხელისუფლებაც დიდად ამ ფაქტით აღელვებული აღარ ჩანს.

- ჩემდა გასაოცრად მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე ძალიან უცნაური და ყურადსაღები გამოსვლა ჰქონდა. მისი ყველაზე სუსტი და ცუდი გამოსვლა იყო. ეს იყო კატასტროფა, სადაც სააკაშვილი, რეალობას და საღ აზრს აცდენილი იყო. ძაღლებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. თუ ის გამოსვლებს ასე და ამ სტილში გააგრძელებს, ელექტორატს, რომელსაც აკონტროლებს დაკარგავს. დღეს „ქართულ ოცნებას“ კარტბლანში აქვს, მოსწონს ეს თუ არა ვინმეს. „ოცნება“ პოლიტიკურ დღის წესრიგს ისე ადგენს, როგორც უნდა და გადაწყვეტილებებსაც ისე იღებს, ამაში შემწინააღმდეგებელი კაციშვილი არ ჰყავს.

რა თქმა უნდა, „ოცნებას“ დღეს პრობლემა არ აქვს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს. ის ამ ეტაპზე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოუშვას. ამიტომ ექს-პრეზიდენტის სურვილი და მოლოდინი, რომ ციხიდან მალე გამოვა, ფუჭია. დღეს საზოგადოებაში არანაირი განწყობა არ არის იმისთვის, რომ ქუჩაში 200 000 კაცი გამოვიდეს. თუ ვინმეს გამოსვლა უნდოდა, აქამდე გამოვიდოდა. ამიტომ პარტიაში რაღაცა საკადრო გადაადგილებებით სააკაშვილი ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებს. ამიტომ ხელისუფლებას პრობლემები არ ექნება. ოპოზიცია ასე თუ გააგრძელებს, არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ იმ არჩევნებსაც კი წააგებს, რომელიც 3 წლის შემდეგ უნდა გაიმართოს. ამიტომ მთლიანად ოპოზიციასაც გადაჯგუფება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი სიტუაცია იქნება.

თქვენ სააკაშვილის გამოსვლა ახსენეთ და ასევე მინდა ნიკა გვარამიას განცხადებაზე გკითხოთ, სადაც ის ამბობს, რომ ე.წ. მიშისტები, რომლებიც რადიკალური განცხადებებით გამოირჩევიან, თავად სააკაშვილს ვნებენ. რას ნიშნავს ეს განცახდება და მიანიშნებს თუ არა ეს პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე?

- არ ვიცი გვარამია ახლა ამაზე რატომ ალაპარაკდა, მაგრამ მისი შეფასება ძალიან სწორია. ასეთი დასკვნის გაკეთება დიდი ხანია ხელისგულზე დევს და თქვენს არაერთ ინტერვიუში ამაზე მისაუბრია. თუმცა რადიკალიზმი თავად ამ პარტიის ელექტორატშიც კი აღარავის მოსწონს. მაშინ ქუჩაში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მინიმუმ 50 000 კაცი უნდა გამოდიოდეს. ერთია, როდესაც ადამიანი რომელიღაცა პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს და მეორეა, რომ ამ ძალის გამარჯვებისთვის ქუჩაში გახვიდე დე რევოლუცია გინდოდეს. კი ბატონო, ენმ-ს ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ ეს ხალხიც კი არ არის მზად იმისთვის, რომ ქუჩით იბრძოლოს. გვარამიას, როგორც ჩანს, მხედველობაში პარტიული აქტივი ჰყავდა, რომელსაც მინიმუმ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, იმის გააზრება უჭირს, რომ ელექტორატს რადიკალიზმი არ უნდა. თუ სააკაშვილი იგივე გამოსვლებს გააგრძელებს, რაც ბოლო სასამართლო სხდომაზე ჰქონდა, ის ნელ-ნელა ამ ელექტორატს დაკარგავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტო არ დაადო. ოპოზიციაში ჩათვალეს, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებასთან და პირადად ივანიშვილთან დაპირისპირებას მოერიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ზურაბიშვილს და ოპოზიციას შორის ე.წ. შერიგების პროცესს ხელს ხომ არ შეუშლის?

- არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილს უშუალოდ კომუნიკაცია ვისთან ჰქონდა, ივანიშვილთან თუ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან. თუმცა ფაქტია, ის დაარწმუნეს, რომ ვეტო არ გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც აუტკივარი თავი არ აიტკია. მას ხელისუფლება ისედაც დასძლევდა და ოპოზიციას კი გარკვეული სპეკულაციების თემას მისცემდა. არ ვიცი, მე როგორც რიგითი ადამიანი, მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ კარგი პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, მაგრამ მან ასე არ ჩათვალა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს რაიმე მოლპარაკებას ჩაშლის ან ხელს შეუშლის, ასე არაა. ეს ზურაბიშვილის მხრიდან მხოლოდ განაცხადი იყო და მას რაიმე კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია. ამიტომაც ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო, რომელსაც როგორც ჩანს, საგარეო ფლანგზე გარკვეული დატვირტვა ჰქონდა.

მედიაში კვლავ ვრცელდება ჭორები, თითქოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლება კუჭავათი ან ტიკარაძით მოხდება. როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ახლა „ოცნებას“ ცვლილება და პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილება რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს?

- თუ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტენ, რომ პრემიერი უნდა შეიცვალოს, არ მგონია ამით პარტიას ან ხელისუფლებას რაიმე ზიანი მიადგეს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის მთავრი მაინც ბიძინა ივანიშვილია. ამიტომაც ვინც არ უნდა იყოს პრემიერი, ამით პარტია ამომრჩეველს ვერ დაკარგავს. თუკი ასეთი ცვლილება ივანიშვილს მოუნდება, რატომაც არა, ხელს ამაში ვინ შეუშლის? უბრალოდ ტიკარაძის პოლიტიკური წონადობა რა იქნება, ესაა საკითხავი. ამ ქალბატონს რეალურად მინისტრად ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებია. სავარაუდოდ, მისი წონა ყოფილი პრემიერის ბახტაძის მსგავსი იქნება. „ოცნებას“ სულ ორი პრემიერი ჰყავდა, რომელსაც გარკვეული წონა ჰქონდა. ეს იყო გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია. ნუ ღარიბაშვილსაც „ოცნების“ ამომრჩევლის რაღაცა რადიკალურ ფრთაზე წონადობა აქვს, მაგრამ თუკი ასე გადაწყდება და ღარიბაშვილი ისევ გადადგება, ამით არანაირ ზიანი არ მიადგებათ.