საქართველო კადრების დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებული პრობლემა პანდემიის პერიოდში წარმოიშვა. ბიზნესი ამბობს, რომ პრობლემა არასაკმარისი კვალიფიკაციაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურებაც საკმაოდ შეუსაბამოა, რის გამოც ადამიანს მუშოაბის სურვილი ეკარგება.
საქართველოს ბიზნესასოციაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც თანამშრომლების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა, რაც სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.
მათივე კვლევის მიხედვით, არასაკმარისი ცოდნის დონის გამო, კომპანიებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება უჭირთ - გამოკითხულთა 47.6% ამბობს, რომ ასეთი თანამშრომლების მოძიება განსაკუთრებით რთულია მაშინ, როცა, გამოკითხულთა 55%-ის შეფასებით, დაბალი კვალიფიკაციის კადრების მოძიება არ წარმოადგენ სირთულეს ან მცირე სირთულეებთან არის დაკავშირებული.
საერთო ჯამში, 2021 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარებული გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს შრომითი რესურსების მოძიების საკითხის პრობლემურობას.
გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესში დასაქმებულებს არასტაბილურობის განცდა გაუჩნდათ პანდმიისას დაწესებული შეზღუდვების გამო. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ თუ არ მოხდა გარკვეული თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, ეს კიდევ უფრო მზარდ პრობლემად იქცევა.
„ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოდან გამორჩეული, ეფექტური სამუშაო ძალა უცხოეთში ინაცვლებს. ეს ტენდენცია იგრძნობა და ამ მხრივ პრობლემებს ვაწყდებით. პრობლემა აქ მენეჯერულ პოზიციებზე ნაკლებადაა, საუბარია კვალიფიციურ მუშახელზე, რომელთა მოძიებაც გაზრდილ სახელფასო პირობებშიც კი პრობლემაა.
ძალიან აქტუალური გახდა დროებითი ემიგრაცია ევროპაში. სამუშაო ძალა გაედინება უცხოეთში გარკვეულ ანაზღაურებაზე, რომელიც შეიძლება იყოს 5-7 ევრო სააათში. ჩვენი ახალგაზრდები იქ მუშაობენ და პირობებით კმაყოფილნი არიან. შესაბამისად, საქართველოში რესურსი მცირდება“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
კადრების დეფიციტს და ადგილობრივი მუშახელის უცხოეთში გადინებას ადასტურებს პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძეც. მისი ინფორმაციით, ბიზნესის მხრიდან სამშენებლო სექტორში კადრებზე კვლავ დიდი მოთხოვნაა, თუმცა ბაზრისთვის საჭირო რაოდენობის ადამიანების გადამზადება ვერ ხერხდება. განსაკუთრებით დეფიციტურია თანამედროვე ტექნიკისა და აპარატების მართვის მცოდნე სამუშაო ძალა.
„ძალიან ბევრი ახალი ტიპის პროფესია გამოჩნდა, რომელზეც მოთხოვნა მაღალია. მაგალითად, თანამედროვე ტექნიკის, თანამედროვე აპარატების მართვა, რომელსაც სჭირდება გამოცდილი კადრები. ამის სრული დეფიციტია, შესაბამისად, გვჭირდება მათი გადამზადება.
სამშენებლო მიმართულებით კოლეჯ „სპექტრის“ რესურსები ძალიან მაღალია, ბიზნესის ჩართულობით და სახელმწიფოს დახმარებით. გამტარუნარიანობაზე როცა ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ პროგრამების დროულ აკრედიტაციას, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო და ბიზნესი, რომელმაც მერე ეს კადრები უნდა დაასაქმოს. აუცილებელია, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ. სანამ ჩვენ ერთ ენაზე არ ვისაუბრებთ და ზუსტად არ ჩამოვყალიბდებით, რომ ბიზნესის გარეშე წარმოუდგენელია კოლეჯების განვითარება და პირიქით, მანამდე კვალიფიციური კადრების მიწოდების პრობლემა სულ იქნება“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ტაკიძემ.
საქართველოში საჭირო კადრების დეფიციტს ქვეყნიდან გადინებაც ქმნის. როგორც კოლეჯის ხელმძღვანელი ამბობს, ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში მიდიან და იქ მუშაობენ.
სპეციალისტთა ნაწილი კი სათანადო ანაზღაურების არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას. პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ მთავრი პრობლემა კარგი კადრების მოძებნა და შეუსაბამო ანაზღაურებაა. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს კიდეც სამუშოა ძალის უცხოეთში გადინებასაც.
„ძირითადად, კადრების დეფიციტი უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის არასათანადო ანაზღაურება. თუ ადამიანს მიღებული აქვს თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს ამა თუ იმ პროფესიას და მას შესთავაზებენ შეუსაბამო ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, ის უარს იტყვის. ასეთ შემთხვევაში მუდმივად დეფიციტი იქნება.
ზოგიერთ სექტორში მართლა არის მნიშვნელოვანი ჩავარდნა, მაგალითად, ენერგეტიკასა და ტექნიკურ სფეროებში, სადაც რთული მოსაძებნია კვალიფიციური კადრები. ამ შემთხვევაში ბიზნესისა და უმაღლესი სასწავლებლების ინტერესები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მთავარია კადრების ძებნა და შესაბამისი ანაზღაურება, რომ ადამიანს უღირდეს, დაიწყოს მუშაობა და წავიდეს იმ მიმართულებით, რომელიც ყველა მხრივ მზარდი იქნება“, - განაცხადა აროშიძემ და დასძინა, რომ საკმაოდ გართულებულია კარიერული წინსვლის პერსპექტივა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნელყოფაც.
მეცოდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არავინ არაფერს არ ასწავლის. ის რაც დაგვემართა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგედ განათლების სფეროში, ნაცბოზბანდამ ხომ სულ მიწასთან გაასწორა. ველოდებით მთავრობისგან განათლებაზე ზრუნვას, თუ არა და მართლა დაგვეღუპება ახალგაზრდობა.