რა სქემით მუშაობენ ქართველი კრიმინალები იტალიაში

რა სქემით მუშაობენ ქართველი კრიმინალები იტალიაში

საქართველოდან ასეულ ათასობით უცხოეთში წასულ ჩვენს თანამემამულეთა ნაწილი კრიმინალური გზებითა და საშუალებით ახერხებს იქ ცხოვრებას. თანაც ისეთ მოხერხებულობას და ორიგინალურ ხერხებს იყენებენ, ევროპელებს მანამდე რომ არ სმენიათ.

ქართველი კრიმინალები მრავლად არიან იტალიაშიც. ისინი უფრო სამხრეთის დიდ ქალაქებს ეტანებიან, სადაც ისედაც მაღალია კრიმინალური და იქაური კარაბინერების კორუმპირებულობის დონე. ამ მღვრიე იტალიურ წყალში ქართველებიც იჭერენ თავიანთ წილ თევზს.

მათ შორისაა სოსო ჩავლეიშვილიც (გვარი შეცვლილია), რომელიც მეექვსე წელია მილანში ცხოვრობს. სოსო გერმანიიდან გადავიდა იტალიაში. მისი თქმით, გერმანული პოლიცია უფრო სასტიკი და გონიერია და იქ ჭირს „მუშაობა“, კარაბინერებთან კი საქმის დაჭერა უფრო იოლია. სოსოს ამ დღეებში ვესაუბრეთ, როცა ცოტა ხნით ოჯახის სანახავად იყო ჩამოსული.

სოსო, მოდი, მითხარი, ექვსი წელი როგორ გაძელი იტალიაში?

- თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ენა არ ვიცოდი. გერმანულს კარგად ვლაპარაკობდი, მაგრამ უცხოელებს და უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხს მაინც და მაინც არ ეფერებიან იტალიაში. პირიქით, შემიძლია გითხრათ, რომ ვერც იტანენ. რამდენჯერმე ვცადე სამსახურის დაწყება, მაგრამ არ გამოვიდა. ქართველებსაც ვთხოვე დახმარება, რომლებიც იქ წლებია მუშაობენ, მაგრამ ხელი არავინ გამიმართა, ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება. ეშინიათ - შეფთან რეკომენდაცია რომ გაგიწიონ და ვერ გაამართლო, იმასაც გააგდებენ. არადა, უმრავლესობა ისედაც არალეგალურად მუშაობს. ხან ერთ სკვერში მეძინა და ხან - მეორეში. ამ წანწალში კი იტალიური ვისწავლე. ბოლოს ერთი ბიჭი გავიცანი, მარკო, რომელიც იტალიურ-მაროკოული კრიმინალური დაჯგუფების წევრი აღმოჩნდა. რაღა დაგიმალო და ხელი თბილისში ყოფნისასაც წამცდენია, გერმანიაშიც „ვჩალიჩობდი“ და რაკი ასეთი ხალხი გავიცანი, მივხვდი არც იტალიაში დავიკარგებოდი.

რატომ მაინც და მაინც იტალიურ-მაროკოული დაჯგუფება და არა, ვთქვათ, იტალიურ-ალჟირული?

- არ ვიცი, რაც დამხვდა, ეგ არის. ალჟირელი კრიმინალები საფრანგეთსა და მონაკოში მუშაობენ, აქეთ ვინ გადმოახედებს. მილანში მაროკოელები შიშის ზარს სცემენ ყველას, ძალიან სასტიკი ხალხია, თუმცა მათზე არანაკლები იტალიელები არიან. სხვა ჯურის დამნაშავეები როგორ არ არიან, მაგრამ ამ გაერთიანებას  გავლენით და სიძლიერით ვერავინ შეედრება. სხვაგან არ ვიცი და მილანში ყველაფერს ესენი აკონტროლებენ, რისი გაკონტროლებაც შეიძლება - მანქანების ქურდობას, სახლების და ოფისების გაქურდვას, პატარა და საშუალო მაღაზიების რეკეტს, დიდ მაღაზიებს დაცვა ჰყავს და იქ მისვლა საშიშია. ამათია ქალაქში ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ყალბი საბუთების და სხვადასხვა ქვეყნების ვიზების დამზადება და სხვა.

პირადად შენ რომელი სახის დანაშაულში ხარ ჩართული?

- ეს გაერთიანება პატარ-პატარა ჯგუფებად არის დაშლილი. ზოგი „სპეციალობის“ ნიშნით, ზოგი სხვა ნიშნით და მილანის სხვადასხვა უბნებში მუშაობენ. მეც ერთ-ერთ გარეუბანში ვარ. სულ ოთხი კაცი ვმუშაობთ. მე, მარკო და ორი მაროკოელი. მარკო ოფიციალურად მუშაობს ტაქსის მძღოლად. ის ყოველთვის რომელიმე პრესტიჟულ რესტორანთან მორიგეობს, ღამით კლიენტები მიჰყავს სახლში. იტალიელები გულგახსნილი ხალხია, თუ ცოტა დალეულიც აქვთ, ვერ გააჩერებ. მარკოს გზაში გულს უხსნიან, ისიც, ვითომ სასხვათაშორისოდ ეკითხება ისეთ რაღაცეებს, რაც საქმისთვის გვჭირდება და ასე საუბარ-საუბარში მიჰყავს სახლამდე. მერე მარკოს ვხვდებით და ამ ხალხის კონკრეტულ მისამართებს გვაძლევს. მხოლოდ მარტოხელებს ვარჩევთ, თან ისეთებს, ვისი სამსახურის ადგილიც იცის მარკომ. მერე უკვე ყველაფერი ჩვენს მარიფათზეა. ვიგებთ, მსხვერპლის სამსახურის ნომერს, დავრეკავთ - ადგილზეა. მერე მივდივართ სახლში. თუ მოსამსახურე გამოგვეგება ან სადაზღვევო კომპანიიდან ვართ და ან საქველმოქმედო ორგანიზაციიდან. ათასნაირი საბუთი გვაქვს, შევაღწევთ სახლში. ამ მოსამსახურეს პირს ავუკრავთ, გავკოჭავთ და გაზიდე რაც გინდა. თუმცა, მარტო, ძალიან ძვირფას ნივთებს ვეტანებით, მაქსიმუმ ორ ხელჩანთაში რომ ჩაეტიოს, თორემ გამვლელი ან მეზობელი ეჭვს აიღებს. მოშორებით გაჩერებულ მანქანაში ვდებთ და მივდივართ.

მერე, სად მიგაქვთ ეგ საქონელი?

- ერთ-ერთ მაროკოელს მიაქვს სადღაც, ერთ ადგილას გროვდება და მერე ყიდიან იტალიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

თუ სახლში არავინ დაგიხვდათ, ადამიანს მოსამსახურე არ ჰყავს, მაშინ?

- ეგ იშვიათად ხდება, რადგან შეძლებულ ხალხს ვსტუმრობთ და ზოგჯერ მოსამსახურე და მებაღე ერთად გაგვიკოჭავს. ისე, ყოფილა შემთხვევა, კარი არავის გაუღია, მაგრამ ამ დროს სიგნალიზაციის გადაჭრას თუ მოახერხებ, მერე კარის გაღება არ არის პრობლემა, სამივენი ნებისმიერ საკეტს ვაღებთ.

მარტო ძვირფასეულობას ეზიდებით, ნაღდ ფულს არ ინახავენ შინ?

- ნაღდ ფულს ბანკში ინახავენ, შობელძაღლები, თორემ აქამდე მილიონერი ვიქნებოდი. ერთადერთხელ იყო, 80 000 ევრო წამოვიღეთ ერთი ქალის ბინიდან. ეტყობა, ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი რაღაცის საყიდლად.

შენ როგორ გინაზღაურებენ იმ ნაქურდალიდან?

- 40 პროცენტი „ობშიაკში“ მიდის, დანარჩენი 60 პროცენტი ჩვენია - ოთხზე ტყდება. ამას გარდა, ჩვენს „მეთაურ“ არაბს, ალის, „ცენტრალური ოფისიდანაც“ აძლევენ რაღაც წილს.

ვინ არის მთლიანად ამ იტალიურ-მაროკოული გაერთიანების შეფი?

- მაროკოელია, ჩვენი ბიჭები „ბარონს“ ეძახიან, მაგრამ თვალით არავის უნახავს. არც ის ვიცით, მილანშია თუ სხვა ქალაქში. ის ვიცი, რომ 40 წლამდე ასაკის კაცია, ძალიან სასტიკი და დაუნდობელი.

იტალიელები როგორ ეგუებიან არაბ ბოსს?

- ვინ გითხრა, რომ ჰგუობენ? „ბარონის“ მოკვლის 5 თუ 6 მცდელობა ყოფილა წინა წლებში, მაგრამ გადარჩა. სხვა იტალიური დაჯგუფებები ებრძვიან, მაგრამ ჯერჯერობით მილანი მაინც მაროკოელთა ხელშია. ის იტალიელები კი, ვინც მასთან მუშაობენ, კმაყოფილები არიან და ფეხებზე ჰკიდიათ ვინ იქნება მათი ბოსი - არაბი თუ ვინმე ვინჩენცო.

ჯერ არ ჩავარდნილხართ?

- რამდენჯერმე ჩავვარდით, მაგრამ მალევე გამოგვიშვეს, რადგან ფაქტზე ვერ გვიჭერენ, არც კვალს ვტოვებთ. უბრალოდ, ერთხელ მარკოს მეორედ ჩაუჯდა ისევ ის კლიენტი, რომლის ბინაც „დაბომბილი“ გვქონდა. მარკომ ვერ იცნო და გაუბა ძველებური ლაილაი. ამ ტიპმა მანქანის ნომერი დაიმახსოვრა და როცა ყველანი მარკოს მანქანაში ვთათბირობდით, აგვიყვანეს. თუმცა, ადვოკატი აგვიყვანეს, პოლიციამ ფული აიღო და გაგვიშვეს. სხვა შემთხვევებშიც ასე ხდებოდა. იტალიელი კარაბინერები შევარდნაძისდროინდელ ქართულ პოლიციაზე არანაკლებ კორუმპირებულნი არიან. ეს მთელ სისტემას ეხება და არა ერთეულებს. აქ ოღონდ კაცი არ მოკლა და ყველა საქმიდან გამოძვრები.

სხვა ქართველები თუ არიან შენს გაერთიანებაში?

- კი, ბევრნი არიან, მაგრამ იმათ იშვიათად ვეკონტაქტები. ყველა ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და ვერ ვიცლით ერთმანეთისთვის. მარტო ერთი ბიჭია, ქუთაისელი ბაჩო და იმას ხშირად ვნახულობ.

რა ღირს, ვთქვათ, ქურდობისთვის თავის დახსნა კარაბინერებისგან?

- როცა ოთხნი დაგვიჭირეს, 20 000 ევრო მოგვთხოვეს, ბოლოს 12 ათასად გამოგვიშვეს. ყველა დანაშაულზე სხვადასხვა „სტავკებია“.

შემოსავლით კმაყოფილი ხარ?

- არა უშავს, საწუწუნო არაფერი მაქვს.

კახი კალაძეს თუ შეხვედრიხარ?

- თუ ძმა ხარ... ვინ შეგახვედრებს. როცა დრო მაქვს, სტადიონზე მივდივარ და „ვბალელშიკობ“. სიმართლე გითხრა, ფეხბურთზე არ ვგიჟდები, მაგრამ ჩვენიანია და, ხომ იცი, გული არ მითმენს.

საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?

- ძალიანაც მინდა, მაგრამ აქ რა ვაკეთო, უსაქმოდ ხომ არ ვიჯდები? იტალიიდან ოჯახს მაინც ვარჩენ. ვიქნები იქ, სანამ ქვეყანა დალაგდება, მანამდე ფულსაც შევაგროვებ. მერე კი ჩამოვალ და შეიძლება რამე ნორმალური სამსახური ვიშოვო, ან პატარა ბიზნესი ავაწყო. ჟვანია ამბობს კარგი საგადასახადო კოდექსი მივიღეთო და შევხედავ, როგორ გაამართლებს.