მთავრობის პროგნოზი არ გამართლდა. ვარუდობდნენ, რომ ტურიზმი წელს 45-50%-ით აღდგებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებამ და წლის ბოლოს ახალი შტამის გამოჩენამ, სიტუაცია ისევ გაუკრვევლობისკენ შეაბრუნა. ჯერჯერობით არათუ ზამთრის სეზონის, არამედ მთლიანად მომავალი წლის ტურიზმის პერსპექტივები ბუნდოვანია.
„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული მაკრო სექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 38%-ით აღდგება. ეს მაჩვენებელი წინა პროგნოზთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია, რადგან მანამდე ტურიზმი საქართველოში 37.5%-ით უნდა აღდგენილიყო.
რაც შეეხება 2022 წელს, განახლებული პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს ტურიზმი საქართველოში 75%-ით აღდგება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პროგნოზი შემცირებულია, უფრო კონკრეტულად, წინა დოკუმენტის მიხედვით 2022 წელს ტურიზმი 80%-ით უნდა აღდგენილიყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს ტურისტული დანიშნულების მიზნით 1 432 891 ვიზიტორი ეწვია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.2%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 70%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, გამოდის, რომ 11 თვეში ტურიზმი მხოლოდ 30%-ით აღდგა.
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ პრობლემას არ ელის, ტურიზმის სფეროს ექსპერტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ეკო და აგრო ტურიზმი ყველაზე მარტივად აღიდგენს ძალებს და მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს.
„2021 წელს ტურიზმის მაღალი მაჩვენებლით აღდგენას არ ველოდით, ამიტომ 38%-იანი აღდგენა სავსებით ნორმალურია. ბევრი დაბრკოლებაა ჯერჯერობით, რომლებიც განვითარებას აფერხებს, თუმცა ყველაზე მეტ პერსპექტივას ეკო და აგრო ტურიზმში ვხედავთ. ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც ხშირ გადაადგილებასთან დაკავშირებული არ იქნება. დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი, სადაც ეპიდემიის რისკი მცირეა. ამის შესაძლებლობა ტურისტს დიდ ქალაქში ნაკლებად აქვს, ამიტომ პატარა საოჯახო სასტუმროების როლი გაძლიერდება კარგი პროდუქტის შეთავაზებით. საოჯახო სასტუმროებს ზაფხულში კლიენტები არ აკლდნენ და ყველაზე სწრაფადაც ისინი ამოვლენ იმ კრიზისიდან, რომელშიც დარგი ეპიდემიის გამო აღმოჩნდა.
დარწმუნებული ვარ, რომ საოჯახო სასტუმროები 2022 წელს პანდემიამდელი წლის მონაცემს გაასწრებენ, მაგრამ ეს დიდად არ ქმნის ამინდს, რადგან რაოდენობრივად მომცველი არ არის და არც შემოსავლებია ისეთი, რომ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს“,- აღნიშნა კვარაცხელიამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი კი მომავალშიც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ამის მიზეზი ისაა, რომ პანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს სფეროს განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა. მიუხედავად ამისა, რომ საქართველოს მოქალაქეების აქტიურობა ვერ აბალანსებს უცხოელი ვიზიტორების სიმცირეს. შემომყვანი ტურიზმის გააქტიურებას კი ჯერ კიდევ მრავალი დაბრკოლება ახლავს თან და მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი, რასაკვირველია, გლობალუი პანდემიაა, რომელიც დიდი ალბათობით 2022 წელსაც დიდ დაღს დაასვამს.