საქართველოში ავტოგაზის ღირებულებაც გაიზარდა. თუკი თხევადი გაზის პირობებში ფასი ბოლო პერიოდში დასტაბილურებულია, ბუნებრივი აირი, რომელსაც ავტომობილებში იყენებენ, სწორედ ახლა აჩვენებს პიკურ ნიშნულს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საავტომობილო გაზის გაძვირების ტენდენცია ზამთარშიც გაგრძელდება, რადგან ეს უკვე საერთაშორისო ტენდენციაა.
თხევადი გაზის იმპორტიორი კომპანია „გაზჯორჯია იმპორტის“ ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავი წინა წელთან შედარებით გაძვირებულია, თუმცა ბოლო თვეებში ფასის კლების ტენდენციაა. ნარიმან ფირცხელიანის თქმით, 1 ლიტრი თხევადი გაზი დღეისთვის 1.65-1.70 ლარი ღირს, მაშინ, როცა შარშან ანალოგიურ პერიოდში ის 1,40-1,45 ლარი ღირდა.
„გასულ წელთან შედარებით, ამ ეტაპისთვის თხევადი გაზის ღირებულება გაზრდილია, მიზეზი ეკონომიკის აღდგენის გამო ბუნებრივ გაზზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მისი გაძვირებაა, რამაც მოთხოვნა თხევად გაზზე გაააქტიურა და ღირებულებაც გააძვირა. ახლა, როდესაც ბუნებრივ გაზის ღირებულება შემცირდა, თხევადი გაზიდან კვლავ ბუნებრივ აირზე გადასვლა მოხდა, შესაბამისად ფასიც დასტაბილურდა და დღეისთვის რუსეთის ბირჟებზე თხევადი გაზის ღირებულება შემცირებულია. გაიაფების ტენდენცია დაახლოებით 1.5 თვის წინ დაიწყო. ჩვენს რეალობაში დღეს თხევადი გაზის ღირებულება 3 თვის წინ არსებული 1.93 ლარიდან 1.65-1.70 ლარის ფარგლებშია“, - განმარტა მან „ბიემთან“ საუბრისას და დასძინა, რომ დღეისთვის საქართველოში თხევად გაზზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული.
ზოგადად, ავტოგაზი მუდმივად ძვირდება და ეს ეხება ორივე ტიპის საწვავს (ბუნებრივი აირი და თხევადი გაზი). 1 კუბმეტრი საავტომობილო ბუნებრივი აირის ღირებულებამ უკვე 1,55 ლარს მიაღწია, რაც იწვევს მოხმარების შემცირებას და ასევე, იმ პროდუქტების გაძვირებას, რომელთა წარმოება და დისტრიბუციაც ავტოგაზს უკავშირდება.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საავტომობილო გაზის გაძვირების ტენდენცია ზამთარშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით ბუნებრივი აირის შემთხვევაში. ამის მიზეზად ინჟინერ-მექანიკოსი ნოდარ რამიშვილი მოთხოვნის ზრდას მიიჩნევს და ამბობს, რომ ცვლილება სეზონური ფაქტორით არის გამოწვეული.
„არ არის გამორიცხული, თვითნებურადაც ხდებოდეს ფასების მატება, არაფრისგან ვართ დაზღვეული, თავის მართლების საბაბი ყოველთვის გამოჩნდება. ბუნებრივი აირის ფასი, წესით, ამ დონეზე არ უნდა მატულობდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებლითაა გაძვირებული.
მიუხედავად ამისა, ფასების ზრდას მოხმარების კლება არ მოჰყვება, ბენზინთან შედარებით იგი მაინც ეკონომიურია. გაზის გამოყენებას შეეცდებიან მომავალშიც, ცხადია, თუკი ბენზინის ღირებულებას არ გაუტოლდება. ასეთი შემთხვევა იყო 2008 წელს, როცა რუსეთმა დააგდო ბენზინის ფასი და ბევრმა კაპიკებში გაყიდა გაზის მოწყობილობა და ბენზინზე გადაერთო.
ჩემი აზრით, მომატებული ფასი დარჩება ზამთრის განმავლობაში. გაიაფებას არ ველოდები, მით უმეტეს ტენდენციაა, რომ ჩვენთან ფასების კლება იმპორტიორებს ყოველთვის უჭირთ, ასეა ყველა სეგმენტში, მათ შორის, ნავთობპროდუქტების ბაზარზეც“, - აღნიშნა რამიშვილმა.