ნიკო გომელაური - „ნინას გარეშე დაკარგული კაცი ვიქნებოდი“

ნიკო გომელაური - „ნინას გარეშე დაკარგული კაცი ვიქნებოდი“

„როგორც კი ნინა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ის იქნებოდა ჩემი ცხოვრების ქალი. ის რომ არა, არ ვიცი, დღეს ვინ ვიქნებოდი - მსახიობი თუ ერთი გალოთებული კაცი. 8 წელია, ოჯახი გვაქვს. ნინა ჩემთვის 8 წლის გოგონაა, რომელსაც სათუთი მოვლა და ყურადღება სჭირდება,“ - ამბობს მსახიობი ნიკო გომელაური და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეზე - ნინა ჩოდრიშვილზე 13 წლით უმცროსია, თავს ბედნიერად გრძნობს და ასაკობრივ სხვაობაზე არასოდეს ფიქრობს.

- რა მნიშვნელობა აქვს, ცოლ-ქმარს შორის ვინ არის უფროსი. აქ საუბარია სიყვარულზე - რამდენად უყვართ ერთმანეთი. შეიძლება ცოლად შენი თანატოლიც გყავდეს, პატივს სცემდე, მაგრამ, არ გიყვარდეს. მერვე წელია, რაც მე და ნინა ერთად ვცხოვრობთ. ნინას მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს? ის ჩემთვის 8 წლის გოგონაა, რომელსაც სათუთი მოვლა და ყურადღება სჭირდება. მასთან თავს სულაც არ ვგრძნობ პატარა ბიჭად, პირიქით, ვარ ჩამოყალიბებული მამაკაცი, რომელსაც ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. ასაკი საერთოდ არ მახსენდება და არც არის საჭირო.

ე.ი. თვლით, რომ მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ბედნიერ ქორწინებას სულაც არ უშლის ხელს...

- არა, რა თქმა უნდა. ბედის მადლობელი ვარ, რომ ნინას შევხვდი. ჩემს პირველ ცოლთან, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და რომელთანაც ორი შვილი მყავს, იმდენი წელი ერთად არ მიცხოვრია, რამდენ ხანსაც ნინასთან ვარ.

ნუთუ მეუღლესთან ურთიერთობაში არავითარი სირთულე არ გაქვთ.

- სირთულეც არის, არ უარვყოფ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია. შეიძლება ჩემი რაღაც მოქმედებით ნინა გავაღიზიანო. ბოლომდე ვერ დავამტკიცე, რომ ჩვენ შორის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა სირთულეს ჩემს თავზე ვიღებ.

ახალგაზრდა მსახიობი მეუღლის მიმართ, რომელიც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არ უჩივის, ნინა ეჭვიანი არ არის?

- თაყვანისმცემლებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ეჭვის მიზეზს არ ვაძლევ. საერთოდ, მამაკაცები უფრო ეჭვიანები არიან, ვიდრე ქალები. არ ვეთანხმები გამოთქმას - თუ ეჭვიანობს, ესე იგი უყვარს. როცა სიყვარულია, სხვა დანარჩენი არ არსებობს, მაგრამ როცა ცოლ-ქმარს შორის პირველ რიგში ეჭვი ჩნდება, მაშინ სადღაა სიყვარული. ძალიან მარტივად ნათქვამი იქნება, რომ ვთქვა, - ეჭვიანი ვარ და, მითუმეტეს, არასაინტერესო - ვთქვა, - არ ვარ ეჭვიანი. უბრალოდ, ამაზე არასოდეს ვფიქრობ.

თქვენს პირველ მეუღლესთან - მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, ერთად თამაშობთ სპექტაკლში. აღნიშნეთ, რომ ძალიან გიყვარდათ, დღეს რა გრძნობა გაქვთ მის მიმართ?

- ეს გრძნობა სიყვარული აღარ არის, უბრალოდ, ურთიერთობაა იმ ადამიანთან, რომელიც არის ჩემი შვილების დედა.

პასუხი ძალიან მარტივად ხომ არ გეჩვენებათ?

- ალბათ, ტკივილიც არის, წყენაც ან - პირიქით, შეიძლება ამ ყველაფერს ის უფრო განიცდიდეს... ხომ იცით, ადამიანები, პირველ რიგში, ეგოისტები ვართ.

ამბობენ, რომ თქვენს ქალიშვილს - ტასოს განსაკუთრებით უყვარხართ.

- ტასო ჭკვიანი, კარგი გოგოა. მაგრამ არა მგონია, დედაზე მეტად ვუყვარდე. ვიცი მე ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში დედაჩემს უფრო ვამტყუნებდი მამაჩემთან ურთიერთობაში, მაინც დედა მიყვარდა ყველაზე მეტად.

ნინას და თქვენ საერთო შვილი გყავთ?

- არა. ნინას ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. უფროსი ქალიშვილი გათხოვილია, თავისი ოჯახი აქვს, უმცროსი გოგონა ჩვენთან ერთად ცხოვრობს.

სად ცხოვრობთ?

- ვაკეში, ნინას სახლში. თუმცა, პრობლემა არ გვაქვს - ჩემს სახლში ვიცხოვრებთ თუ ნინასთან. იყო დრო, მე და ნინა გრიბოედოვის თეატრის საგრიმიოროშიც კი ვცხოვრობდით 5 კვადრატული მეტრი ფართის ოთახში, შემდეგ - ქირით. მთავარი სიყვარულია, თორემ სამოთხის მოწყობა ყველგან შეიძლება.

ნინა რამდენი წლით უფროსია თქვენზე?

- მაგას არ გეტყვით, უბრალოდ, ქალები ხომ მალავენ ასაკს...

ასაკობრივ სხვაობაზე გეკითხებით - რამდენადაც ვიცი, 13 წელია.

- დიახ, ცოტა თვეებში შეცდით.

მეუღლეს იმიტომ დაშორდით, რომ ნინა გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- არა. ჩემი და ნინას ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენ უკვე დაშორებულები ვიყავით. თავს ცუდად ვგრძნობდი მარტოობის გამო. როდესაც ნინა გავიცანი, ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუყვებოდი - ჩემს განცდებსა და სიმარტოვეზე. თვითონაც მარტო იყო.

სად გაიცანით ერთმანეთი?

- სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი კაფეში. საერთო მეგობრები გვყავს. მაშინვე მივხვდი, რომ ნინა ჩემი ცხოვრების ქალი იყო. იმ დღესვე მივიღე გადაწყვეტილება.

ნინა პროფესიით ვინ არის?

- ფსიქოლოგი. თავისი საბავშვო ბაღი აქვს გახსნილი - „ნინას ბაღი“.

გაგიმართლათ, ნინაც ამასვე ფიქრობს?

- არ ვიცი. სულ ნაწყენია. ალბათ, იმიტომ, რომ ვსვამ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, მეტ დროს ვატარებ სხვაგან, ვიდრე სახლში. თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი არ ვარ. ყველაზე მთავარი, იცით, რა არის? ნინა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი, - მსახიობი ვიქნებოდი, დაკარგული თუ ერთი გალოთებული კაცი... უამრავი ჩემი ლექსი არ დაიწერებოდა. ნინას მივუძღვენი ეს სტრიქონები: „ეს სიყვარული ისე ვრცელია, გავახალისებ, მიიღე ცნობად, უნდა გაგშორდე, უეჭველია, რომ კიდევ ერთხელ შეგირთო ცოლად“...

თქვენი ქორწინების წინააღმდეგი ვინ იყო?

- არავინ. ჩვენ ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ, საკუთარ ბედს თავად ვწყვეტთ. ნინას მშობლები აღარ ჰყავდა, ამიტომ ხელი პირადად მას ვთხოვე.

არის თუ არა მასში ისეთი, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევს?

- მასში ყველაფერი მომხიბვლელია, ნაღდი და მართალია. მაგრამ ზოგჯერ სიწმინდეც გამაღიზიანებელია... სახლში მისვლა თუ შემაგვიანდა, დიდ საყვედურს ვიმსახურებ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ნინა ჩემთვის ძვირფასი ადამიანია, საკამათო მიზეზს არასოდეს ვეძებ. უნდა დააფასო ის, რაც გაქვს. კარგის დანახვის უნარი უნდა გქონდეს. რაღა დაგიმალოთ და, არ ვიცი, ნინას დასაყრდენი ვარ თუ არა ცხოვრებაში, მაგრამ ნინა რომ ჩემი იმედი და საყრდენია, ზუსტად ვიცი. მეც მინდა, რომ მისი იმედი ვიყო.