თენგიზ კიტოვანმა გახმაურებული მკვლელობები გაიხსენა

თენგიზ კიტოვანმა გახმაურებული მკვლელობები გაიხსენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ზუსტად 10 დღე გავიდა, ქვეყანას უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაც თითქმის ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკური კურსი არ შეიცვლება. ერთი სიტყვით, ცხოვრება გრძელდება, თუმცა, ზურაბ ჟვანიას უეცარი და უცნაური სკვდილის შემდეგ გაჩენილი კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება, სამაგიეროდ, ერთიორად მატულობს ვერსიები, ვარაუდები, რომლებიც პრემიერის დაღუპვის ოფიციალური ვერსიისგან საკმაოდ განსხვავდება.

სხვათაშორის, ბევრ შეკითხვაზე პასუხი უკვე აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად მოსკოვში მყოფ თენგიზ კიტოვანს. მისი აზრით ზურაბ ჟვანიას სიკვდილი მკვლელობათა იმ ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლია, რომელიც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის კომუნისტურ საქართველოში დაიწყო.

ბატონო თენგიზ, როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ შეიტყვეთ?

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია მეტად არადამაჯერებელია და ბევრ შეკითხვას ბადებს. სამწუხაროდ, ამ შეკითხვებზე პასუხი ვერც ექსპერტების ახსნა-განმარტებებმა გასცა და ვერც საგამოძიებო ორგანოებმა. ოფიციალური ვერსიით, რაულ უსუფოვი ელოდებოდა ჟვანიას საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში. ე.ი. მან ჩართო გაზის გამათბობელი და უფრო მეტ ხანს იმყოფებოდა CO-თი გაჯერებულ ოთახში, ვიდრე ზურაბ ჟვანია, რომელიც მერე მივიდა აღნიშნულ ბინაში. ყველანაირი ლოგიკით, ჯერ უსუფოვი უნდა მომკვდარიყო და შემდეგ - ჟვანია.

მაშ, რა მოხდა საბურთალოს ქუჩაზე, თქვენი აზრით?

- ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ბინა იყო პირველ სართულზე, გამათბობელის მილი კი გამოდიოდა ისეთ ადგილას, სადაც ნებისმიერ ფეხით გამვლელს მიუწვდებოდა ხელი. ვიღაცას გამათბობელის მილისთვის უბრალო ფურცელიც რომ აეფარებინა, CO დაგროვდებოდა ოთახში და, ცხადია, ორივენი მოიწამლებოდნენ. ასეთ ვითარებაში სიკვდილი თავისუფლად შეიძლება მონათლონ უბედურ შემთხვევად. ექსპერტები დაადასტურებენ, რომ ისინი CO-თი მოიწამლნენ, მაგრამ ვერავინ გასცემს პასუხს კითხვას - ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი დიდხანს იმყოფებოდა ბინაში, სადაც გაზის გამათბობელი იყო ჩართული და მეორე - ცოტა ხანს, როგორ დაიღუპა ერთდროულად? პრინციპში, ამ შეკითხვაზე უფრო მთავარი ჩემთვის სხვა შეკითხვაა: ვინ მოაწყო ეს სიკვდილი?

გაქვთ პასუხი შეკითხვაზე - ვინ მოაწყო ზურაბ ჟვანიას სიკვდილი?

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სანამ საქართველოში იქნება ედუარდ შევარდნაძე, ასეთი ტერორისტული აქტები ჩვენს ქვეყანაში არ შეწყდება.

რას გულისხმობთ?

- გაიხსენეთ საქართველოს ბოლო ათწლეულები. რამდენი ადამიანია მოკლული და არცერთ შემთხვევაში შეკითხვებს პასუხი გაცემული არა აქვს.

მერაბ კოსტავას სიკვდილიც ვითომ უბედური შემთხვევა იყო. საინტერესოა, რატომ მიჰყვებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა თამარ ჩხეიძის მანქანას უკან, მაშინ, როდესაც კვირაობით რომ იდგე, იმ გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანას ვერ ნახავ. მითუმეტეს, მაშინ ვერ ნახავდი. როგორ მოხდა, რომ ავარიის შემდეგ გამოჯანმრთელებული ზურაბ ჭავჭავაძე უეცრად დაიღუპა? ვინ მოკლა ზვიადი? გია ჭანტურია? მე ვამბობ, რომ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია შევარდნაძის დავალებით მოკლეს. ამ საქმეზე ოფიციალური ჩვენების მიცემა და გამოძიებისთვის დახმარება შემიძლია. რატომ არავინ მეკითხება რამეს, რატომ არავინ მცემს პასუხს? ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ერთი შეკითხვაც: ეს მთავრობა, რომელიც ეროვნულობაზე დებს თავს, რატომ არ ცდილობს, გამოიძიოს ბურუსით მოცული ეს მკვლელობები? გნებავთ, ნუგზარ საჯაიას მკვლელობა ავიღოთ. საჯაია არ იყო ის კაცი, რომ ჭორების გამო თავი მოეკლა. მითუმეტეს, რომ ის ხმები მასზე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გავრცელდა. რატომ არ მოიკლა საჯაიამ თავი მაშინ? ნუგზარ საჯაია შევარდნაძემ მოიშორა, რადგან მისი პოლიტიკა აღარ აწყობდა.

რა კავშირი აქვს ზურაბ ჟვანიას სიკვდილს თქვენ მიერ ჩამოთვლილ მკვლელობებთან?

- ის, რომ ყველა გზა შევარდნაძისკენ მიდის!

აქვს კი დღეს შევარდნაძეს იმისი ძალა, რომ ასეთი დონის მკვლელობას ორგანიზაცია გაუკეთოს?

- შევარდნაძის გვერდით ყოველთვის იდგნენ და ახლაც დგანან ძალები, რომლებიც ასეთ მკვლელობებს ახორციელებენ.

თუკი, როგორც თქვენ ამბობთ, ყველა ეს მკვლელობა ერთი ჯაჭვის შემადგენელი რგოლია, საინტერესოა, საით მივდივართ? რა მიზანი ამოძრავებს მკვლელობების შემკვეთს?

- დროა, ერთი რამ შევიგნოთ. არ არსებობს არანაირი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ეს არის უშუალოდ შევარდნაძის ნავთობსადენი, პირადად ედუარდ შევარდნაძის მილი და ამ ინტერესებს შესწირა მან ყველა, ვინც კი გზაზე აღუდგა. ამ საქმეში შევარდნაძის უკან დგას ამერიკა!

ამერიკა, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ დააფინანსა და შევარდნაძის მმართველობა დაასრულა?

- შევარდნაძე რომ დადგმული სცენარით გადადგა, ყველამ იცის. მან იცოდა, რომ უნდა წასულიყო, ისიც იცოდა, რომ ხელისუფლებაში ესენი უნდა მოსულიყვნენ, რათა მისი დანაშაულებები ჩაფარცხულიყო. ამიტომაც არის, რომ კორუმპირებულ შევარდნაძეს ხელს არავინ ჰკიდებს. ამერიკის ეშინიათ.

რაღაც ვერ გავიგე, ბატონო თენგიზ, როგორც მახსოვს, თქვენ მხარს უჭერდით რევოლუციას და ახალ ხელისუფლებას...

- მე ახლაც მხარს ვუჭერ სააკაშვილს, ახალგაზრდა, ენერგიული კაცია, მაგრამ თუ დანაპირები არ შეასრულა, ყველა გადაუდგება. ჯერჯერობით ახალ ხელისუფლებას დაჭერების მეტი არაფერი გაუკეთებია. ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა წინ ქვეყნის გამთლიანების საქმეში. პირიქით, მთელ მსოფლიოში მოგვეჭრა თავი, როცა ცხინვალში ქართული ჯარი დააჩოქეს. მე თუ მკითხავთ, ამის შემდეგ მთელი მთავრობა უნდა გადამდგარიყო, მაგრამ...

ისევ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას მინდა, დავუბრუნდე. ალბათ, ნახეთ გარდაცვლილი პრემიერის ოჯახში მისასამძიმრებლად მისული ყოფილი პრეზიდენტის ცრემლები...

- შევარდნაძე ვისზეც ამბობდა, ჩემი მეგობარიაო, ზოგი ციხეში გაუშვა და ზოგი - საფლავში, შემდეგ კი გულიანად დაიტირა. იგი სოლიკო ხაბეიშვილზეც ამბობდა, ჩემი მეგობარიაო, ჯაბა იოსელიანიც მისი „მეგობარი“ იყო, მაგრამ... დღესაც ასეა. ეგ რომ ვინმეზე იტყვის ჩემი მეგობარიაო, ჩათვალეთ, რომ ის კაცი მკვდარია.