ვინ ვისი ძმა, ძმაკაცი და ნათელმირონია ხელისუფლებაში

ვინ ვისი ძმა, ძმაკაცი და ნათელმირონია ხელისუფლებაში

დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სამივე პრეზიდენტმა ერთი საერთო თვისება გამოამჟღავნა - ისინი, საკუთარი ნათესავების და ახლო მეგობრების გარდა, სხვას არავის ენდობიან. ნდობა არგამართლებაზე საუბარი მხოლოდ პრეზიდენტების წასვლის შემდეგ იწყება და ამ საუბარს, როგორც ყოველთვის, მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი იწყებს. ვნახოთ, რა მოხდება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მოექცევა თუ არა ქვეყანა ისევ კლანური მმართველობის „უღელქვეშ“?

ჯერჯერობით, პრეზიდენტის სიტყვები ამ საშიშროებას გამორიცხავს, მეტიც, სააკაშვილი აცხადებს, რომ მის დროს მხოლოდ ნიჭიერი ადამიანების დაწინაურება მოხდება, თუმცა რატომღაც, ძველი ხელისუფლების მსგავსად, ნიჭიერები ისევ მხოლოდ ახალი ხელისუფლების ქმრები, ძმები, მამები და მეჯვარეები არიან.

„ალია“ დღეს ახალი ხელისუფლების კლანურ „ყლორტებზე“ მოგითხრობთ, რომელიც ხვალ-ზეგ შეიძლება კიდევ უფრო მძლავრად დაიტოტოს და წინამორბედიც კი დაჩრდილოს.

ყველაზე თვალშისაცემი მაინც ცოლ-ქმარი ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად უსვამდა ხაზს საკუთარი მეუღლის ნიჭიერებას და სწორედ ამ ნიშნით ბიწაძე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსად ისე დაინიშნა, რომ ამ უწყებაში ადრე ერთი დღეც არ უმუშავია. ეტყობა იფიქრეს, რაკი ნიჭიერია, ამ საქმეს მოერევაო.

შედარებით „ნაკლები“ სტატუსით არის წარმოდგენილი თანამდებობაზე მაია ნადირაძის მეუღლე, იგი მანამდე ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ამბობენ, რომ მალე მას უფროსის თანამდებობაზეც ვიხილავთ.

არანაკლებ შთამბეჭდავია ძმები გრიგალაშვილების დუეტი. ერთი ძმა აქტიური ნაციონალი - ნოდარ გრიგალაშვილია, მეორე კი - ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი. ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს, მაგრამ იგივე თბილისის პროკურორობის გამო, მიშა მაჭავარიანი და მისი პროფესიონალი იურისტი სიმამრი, რამაზ ჟღენტი კინაღამ ჯვარს აცვეს - ნათესაური ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნა როგორ შეიძლებაო.

ხელისუფლებაში არიან ასევე ძმები ბეჟუაშვილები - თავდაცვის ახლანდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მართალია, სააკაშვილის თანაკურსელი არაა, მაგრამ იმავე დროს სწავლობდა კიევში, როცა იქ ბატონი პრეზიდენტი იღებდა განათლებას. მოკლედ, ბეჟუაშვილი სააკაშვილს ჯერ კიდევ კიევიდან იცნობს. გელა ბეჟუაშვილის ძმა დავით ბეჟუაშვილი კი ისევ პარლამენტარობას აპირებს.

„ოჯახური სიტუაციაა“ ადეიშვილებთანაც. უშიშროების მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმა კახეთის გუბერნატორის, პეტრე ცისკარიშვილის მოადგილედ დაინიშნა.

ძმობის ტრადიციას არც ბერძენიშვილები ღალატობენ, ორივე ძმა საპარლამენტო სიაშია.

ძმები კემულარიები, ძმები ხაინდრავები, ძმები ჩუბინიშვილები...

თუ წინა ხელისუფლებაში უფრო ძმისშვილები, სიმამრები და სიძეები იყვნენ „ნიჭიერები“ და პრივილეგირებულები, დღეს სახელისუფლებო ელიტაში ძმების სიჭარბეა.

გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრია, მისი ძმა, ივლიანე კი ნაციონალების სიაშია, ანალოგიური მდგომარეობაა მამა-შვილ გაბაშვილებთან დაკავშირებითაც. გოკა გაბაშვილი - სპორტის და კულტურის მინისტრი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი კი სახელისუფლო ბლოკის სიაშია.

ძმები ჩუბინიშვილები - ირაკლი ჩუბინიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსია, მისი ძმა კი, სხვების მსგავსად, სიაშია.

ახალ „ტრადიციას“ არც ძმები კემულარიები ღალატობენ, კოტე კემულარია რუსეთში საქართველოს ელჩია, ხოლო მისი ძმა შპს „კემულარიების“ მფლობელი, ნაციონალების სიაშია შეყვანილი.

კიევის უნივერსიტეტის სახელმა რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის, ვარშალომიძის დანიშვნის დროსაც გაიჟღერა. ზურა ვარშალომიძეს, რომელსაც კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კარგი რეკომენდაცია გაუწია. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ვარშალომიძე წარმატებული იურისტი და ნიჭიერი ადამიანია. ვარშალომიძესთან კიევიდან დაწყებული მეგობრობა სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრობის დროს გაიხსენა და იგი სააღსრულებო სამსახურის უფროსად დანიშნა. დღეს იურისტი ვარშალომიძე საქართველოს რკინიგზას ხელმძღვანელობს.

არა პირად, მაგრამ ბადრი ბიწაძის და ნინო  ბურჯანაძის ოჯახის მეგობრად მოიაზრებენ გოჩა მარტინენკოს. იგი დღეს პარლამენტის აპარატის უფროსია, მანამდე კი სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მის დაწინაურებას ბადრი ბიწაძის დამსახურებას მიაწერენ. ხათუნა გოგორიშვილის მემკვიდრე ადრე ნაძალადევის პროკურატურაში მუშაობდა, როცა ბადრი ბიწაძე გენერალური პროკურორის მოადგილე გახდა, მარტინენკო მან გენერალურში გადაიყვანა. თუმცა გოჩა მარტინენკო ბედის უკმაყოფილო არც მანამდე ყოფილა, ერთხელ იგი მარტო გვარის გამო დააწინაურეს. პატიაშვილის დროს თბილისში სტუმრად ლიგაჩოვი იყო ჩამოსული, მარტინენკო მაშინ ნაძალადევის პროკურატურაში რიგით თანამდებობაზე მუშაობდა, დაფაცურდნენ - თანამდებობაზე რუსების ნაკლებობააო და მარტინენკოს პროკურატურაში თურმე თანამდებობა უბოძეს. დღეს ბატონი გოჩა პარლამენტის აპარატს უდგას სათავეში.

ნათლიას ქრისტიანული რელიგია სისხლით ნათესავზე მაღლაც კი აყენებს. მისი მადლი მეშვიდე თაობაზე გადადის. დღევანდელი ხელისუფლება ამ მხრივ ადათს არ ივიწყებს და ნათელ-მირონს პატივს მიაგებს.

უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტზე რეკომენდაციას უწევს ამირან მესხელს. მესხელის გვარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გახმაურდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ იგი მერაბიშვილს საკურთხევლამდე მიჰყვა, არამედ იმიტომ, რომ ჯარში გაუპატიურების საკითხებთან დაკავშირებით მისი გვარი სკანდალურად გახმაურდა. მესხელი ჯერ წერდა ჯარში არსებულ პრობლემებზე, მაგრამ როცა თავად მოუწია სამხედრო სამსახურის გავლა, მიშველეთ, ჩემზე შურისძიება აქვთ დაგეგმილიო, აყვირდა და ჯარიდან თავიც გაითავისუფლა.

ასევე ნათელ-მირონი აკავშირებთ შს მინისტრ გიორგი ბარამიძეს და მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილმა ბარამიძეს ბავშვი მოუნათლა.

ეს რაც შეეხება სახელისუფლებო „ვერხუშკაში“ დასაქმებულებს, აქ უფრო ოჯახის წევრები, კურსელები, მეჯვარეები და ნათლიები სჭარბობენ. ხალხისთვის თვალშისაცემ თანამდებობებზე ჯერჯერობით ნათესავების დანიშვნას ერიდებიან, თუმცა „ნათესავებს“ სხვადასხვა უწყების საშუალო და ქვედა რგოლები უკვე ათვისებული აქვთ.

ასე, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსად დავით ეგიაშვილი დაინიშნა, მართალია, მას ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, მაგრამ საინტერესოა, დაინიშნებოდა თუ არა ამ თანამდებობაზე, ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილი რომ არ ყოფილიყო?

ასე, რომ გაითვალისწინოს ხელისუფლებამ - ხალხს მოკლე ჭკუა და მეხსიერება არა აქვს და რასაც გუშინდელი ოპოზიცია ძველ ხელისუფლებას აყვედრიდა, თავად არ უნდა გაიმეოროს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ადვილად გაირკვევა, ვინ უფრო პროფესიონალია - ხელისუფლების სანათესაო საძმაკაცო თუ მიშას მატარებელს „ჩამორჩენილი“ მართლა სპეციალისტები.